ინდექსები
31
ივლისი
2025
31
ივლისი
2025
2025 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.39 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.7%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში, 2024 წლის ივლისთან შედარებით, ფასი 10.4%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკვები პროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდება.
2025 წლის ივნისთან შედარებით, ხაჭაპურის უმეტეს ინგრედიენტზე ფასები გაიზარდა: ფქვილი (+10.9%), კვერცხი (+1.3%), საფუარი (+1.7%), კარაქი (+6.2%). ყველის ფასი თითქმის უცვლელი დარჩა (-0.1%), ხოლო რძეზე უმნიშვნელო კლება (-1.0%) აღინიშნა, რაც რძის ადგილობრივი წარმოების სეზონური ცვლილებების დაწყებაზე მიუთითებს.
წლიურ ჭრილში ყველაზე მკვეთრი ზრდა ყველსა (+14.9%) და კვერცხზე (+11.1%) აღინიშნა, მათ მოჰყვა კარაქი (+9.2%) და ფქვილი (+5.3%). საფუარი წლიურ ჭრილში 3.1%-ით გაიზარდა, რძის ფასი კი 3.7%-ით შემცირდა.
რაც შეეხება რეგიონებს, თელავი ყველაზე ძვირია, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ღირებულებამ 7.41 ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის საშუალოზე 16%-ით მაღალია. მას მოჰყვება ბათუმი 6.98 ლარით. ყველაზე იაფი ქუთაისია, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება მხოლოდ 5.01 ჯდება. რეგიონებს შორის ასეთი სხვაობა იმით აიხსნება, რომ კახეთსა (თელავი) და აჭარაში (ბათუმი) სეზონური ტურისტული მოთხოვნა მაღალია, იმერეთი (ქუთაისი) კი, როგორც საქართველოს მთავარი რძის მწარმოებელი რეგიონი, უკეთეს პოზიციაშია ადგილობრივი წარმოების გამო, რაც ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.