ინდექსები
30
ივნისი
2025
30
ივნისი
2025
2025 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.28 ლარი შეადგინა. ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. თუმცა წლიურ ჭრილში საშუალო ფასი მაინც 4.7%-ით მაღალი იყო, ვიდრე 2024 წლის ივნისში.
გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ინგრედიენტების ნაწილზე ფასები გაიზარდა. ყველაზე მეტად (7.7%-ით) ყველის ფასი გაიზარდა, მას მოჰყვა კვერცხი (+5%) და კარაქი (+3.6%). თუმცა ამ ფონზე ფქვილის (-2.5%), რძისა (-1.1%) და საფუარის (-0.5%) ფასი წლიურ ჭრილში, პირიქით, შემცირდა.
თვიურ ჭრილში ძირითადი ინგრედიენტების ფასები შემცირდა. გამონაკლისი იყო კარაქი, რომლის ფასიც 2.3%-ით გაიზარდა. ყველის ფასი 3.1%-ით შემცირდა, რძის – 0.6%-ით. ეს კლება მეტწილად სეზონურია და წლის ამ პერიოდში რძის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მიუთითებს.
ყველის ფასების ყველაზე მკვეთრი კლება ქუთაისში აღინიშნა, წლიური 13.3%-ითა და თვიური 9.3%-ით. რადგან იმერეთი საქართველოში ყველაზე მსხვილი რძის მწარმოებელი რეგიონია, ყველის ფასების სეზონური რყევები უფრო გამოხატული ხდება ქუთაისში, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში. ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ხაჭაპურის ინდექსმა შეიძლება გააგრძელოს კლება მომავალ თვეებში, რადგან ქუთაისში ყველის ფასების კლება, ალბათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქონიებს გავლენას ფასებზე.