შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

იანვარი 2025 | ხაჭაპურის ინდექსი 0.2%-ით შემცირდა
30 იანვარი 2025

2025 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის  მომზადების საშუალო ღირებულება ქალაქების მიხედვით 6.71 ლარსა (ბათუმში) და 7.94 ლარს (თელავში) შორის მერყეობდა, საშუალო მაჩვენებელმა კი 7.02 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსმა აჩვენა მცირე, 0.2%-იანი კლება 2024 წლის დეკემბერთან შედარებით. თუმცა, წლიურ ჭრილში, მიმდინარე ფასი 6.1%-ით მაღალია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

ცალკეული ინგრედიენტების უფრო დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათმა უმეტესობამ წლიური ინფლაცია განიცადა: კარაქი (+15.1%), ყველი (+9.5%), საფუარი (+4.5%) და რძე (+1.3%). თუმცა, ამავე პერიოდში კვერცხის (-6.5%) და ფქვილის (-0.2%) ფასებმა კლება აჩვენა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რითაც ხაჭაპურის ინდექსის მცირედი ვარდნა აიხსნება, არის თვიურ ჭრილში ფქვილის ფასების 3.9%-იანი შემცირება. აღსანიშნავია, რომ გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი ოქტომბრიდან მცირდება, მსოფლიოში რეკორდული მოსავლის გამო. საერთაშორისო ფასების ცვლილებების ადგილობრივ ბაზრებზე ასახვისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, ფასის აღნიშნული ვარდნა მოსალოდნელი იყო. ამასთან, საახალწლო სეზონის პიკის შემდეგ, იანვარში, ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობამ მცირედი დეფლაცია განიცადა, გამონაკლისს კარაქი (+3.1%) და კვერცხი (+4.3%) წარმოადგენდა.

შეავსე ფორმა