შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2024 | ხაჭაპურის ინდექსი ბოლო ათი წლის განმავლობაში
30 დეკემბერი 2024

2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7,03 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 3,8%-იანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით შესამჩნევი – 8,4%-იანი ზრდაა.

ტრადიციულად, სადღესასწაულო სეზონის დროს, რომელსაც საშობაო და საახალწლო სუფრების მზადებით გამოწვეული მოთხოვნის ზრდა ახასიათებს, ინდექსმა თვიურ ჭრილში ზრდა აჩვენა. 2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა.

წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%).

2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ ათწლეულში დეკემბრის ფასებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა (3.61 ლარი). 2024 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსმა რეკორდი დაამყარა და 0.6%-ით გადააჭარბა 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ პიკს – 6.99 ლარს.

2022 წლის პიკი განპირობებული იყო წლის განმავლობაში მიმდინარე განსაკუთრებული გარემოებებით, უკრაინის ომის შედეგად ინგრედიენტების ფასების მკვეთრი ზრდით. შესაბამისად, 2023 წლის კლების შემდეგ, ხაჭაპურის ინდექსმა 2024 წლის დეკემბერში განაახლა აღმავალი ტენდენცია და მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს.

შეავსე ფორმა