2024 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.83 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა. თუმცა წლიურ ჭრილში (2023 წლის მაისთან შედარებით) ხაჭაპურის ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა.
წლიურად ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა თბილისში, თელავსა და ქუთაისში, ბათუმში კი შემცირდა. 2024 წლის მაისში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.47 ლარი შეადგინა, რაც 11%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. ამის საპირისპიროდ, ყველაზე იაფად ხაჭაპურის მომზადება ქუთაისშია შესაძლებელი, სადაც ერთი სტანდარტული ხაჭაპური 4.91 ლარი ღირს. ფასის სხვაობა დანახარჯების მიხედვით ყველაზე ძვირიან (თბილისსა) და იაფ (ქუთაისს) ქალაქებს შორის 1.56 ლარია.
თვიურ ჭრილში ინდექსი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში შემცირდა, გამონაკლისი მხოლოდ ბათუმი იყო. ყველაზე დიდი, 15.5%-იანი კლება ქუთაისში დაფიქსირდა. ინდექსის აღნიშნული ვარდნა ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ, სეზონურ ტენდენციას მიყვება. როგორ წესი, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. აღნიშნული შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება.