2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. თვიურ ჭრილში (2023 წლის ოქტომბერთან შედარებით) ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურად (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.
წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე.
ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველის ფასი (+8.3%), რომელსაც მოყვება შემდეგი ინგრედიენტები: საფუარი (+5.9%), კარაქი (+3.5%), რძე (+2.6%), ფქვილი (+0.4%) და კვერცხი (+0.3%).
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში (6.66₾), ყველაზე იაფი კი ბათუმში (6.39₾) ჯდება. მეტიც, ნოემბერში ყველის ფასი ყველაზე მეტად ქუთაისსა (+14.3%) და თელავში (+12.7%) გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ყველის ფასი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება.
სავარაუდოდ, ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ზრდას განაგრძობს მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის გამო, რასაც ემატება ზამთრის სეზონური დეფიციტი მიწოდების მხარეს.