2023 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.13 ლარი შეადგინა. ოქტომბრის საშუალო ფასი 4.2%-ით მაღალია წინა თვესთან (2023 წლის სექტემბერთან) შედარებით და 6.8%-ით დაბალი – წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (2022 წლის ოქტომბერთან) შედარებით.
თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ღირებულება ყველა დიდ ქალაქში გაიზარდა, გარდა ბათუმისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თბილისში (+15.1%), რომელსაც მოჰყვება თელავი საკმაოდ დიდი მაჩვენებლით (+4.4%), ბათუმში კი მცირე კლება დაფიქსირდა (-0.3%). ასეთი განსხვავების მიზეზი შეიძლება შემოდგომა იყოს, რომელიც საქართველოში გამოურჩეულია, რადგან კახეთში რთველის სეზონი დგება. ტრადიციულად რთველი კახეთში აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. ინდექსში დაფიქსირებული ტენდენცია იმის შედეგია, რომ რთველის გამო ადგილობრვიმა ტურიზმმა შავი ზღვის სანაპიროებიდან თელავსა და თბილისში გადმოინაცვლა, რამაც , შესაბამისად, გაზარდა მოთხოვნაც და ფასებიც.
ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, გარდა კარაქისა, რომლის ფასიც უცვლელი დარჩა. ოქტომბერში ფასების ზრდის დინამიკა ასე გამოიყურება: კვერცხი +5.9%, ყველი +4.2%, ფქვილი +2.7%, საფუარი +2.4%, რძე +1.9%. მიუხედავად იმისა, რომ ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა, ყველისა და ფქვილის ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად დაეცა (ყველი – 12.4%-ით, ფქვილი კი – 4.6%-ით).
ვინაიდან რძის მიწოდება სეზონურად იკლებს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ყველისა და რძის, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.