2023 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.62 ლარი შეადგინა. უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც ინდექსი კლების ტენდენციას ინარჩუნებს და ამჯერად თვიურ ჭრილში (2023 წლის მაისთან შედარებით) 2.4%-ით შემცირდა. თუმცა, წლიურ ჭრილში კვლავ ზრდა ფიქსირდება (2022 წლის ივნისთან შედარებით), საშუალო ფასი 1.7%-ით მაღალია.
2022 წლის ივნისთან შედარებით, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინდექსის შემდეგ ინგრედიენტებზე: საფუარი (+13%), რძე (+11.9%), კარაქი (+10.7%), ყველი (+2.1%). უმნიშვენოლოდ შემცირდა კვერცხის ფასი (-1.2%), ხოლო შედარებით მეტი კლება დაფიქსირდა ფქვილის ფასზე (-7.9%). უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ივნისს წლიურ ჭრილში (2021 წლის ივნისთან შედარებით) ყველაზე მეტად სწორედ ფქვილი გაძვირდა – მეტწილად უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვებში გაჩენილი შეფერხებების გამო. თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხორბლის ფასის კლება საერთაშორისო ბაზრებზე. ამას ემატება ისიც, რომ ივნისიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის შემცირება დაიწყო.
რაც შეეხება თვიურ ჭრილში ინდექსის გაუფასურებას, ამ ცვლილების ძირითადი მიზეზი ყველის ფასების შემცირება იყო (-3.7%), რომელიც ინდექსში ყველაზე მაღალი წონით შედის. ინდექსის ყველა სხვა ინგრედიენტის ფასი, გარდა საფუარისა, რომლის ფასიც წინა თვესთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა, ამ თვეში შემცირდა: ფქვილი (-1.8%), კვერცხი (-1.2%), რძე (-0.9%), კარაქი (-0.5%).