ინდექსები

2022 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.86 ლარამდე გაიზარდა, რაც 0.4%-ით აღემატება 2022 წლის მარტის და 30.7%-ით 2021 წლის აპრილის მაჩვენებელს.
წლიურ ინფლაციაზე ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასის ზრდამ იმოქმედა: რძე – 12.4%, საფუარი – 15.1%, კარაქი – 23.8%, ყველი – 24.8%, კვერცხი – 29.7%, ფქვილი – 41.1%. ფასების ზრდა თანხვედრაშია საქსტატის წლიური ინფლაციის ოფიციალურ მონაცემებთან. საქსტატის ანგარიშით, სურსათის კატეგორიაში ფასების ზრდამ 21.3% შეადგინა.
თვიურ ჭრილში ფასები შედარებით ნელი ტემპით გაიზარდა. ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: რძე – 2.8%, კვერცხი – 2.3%, ფქვილი – 1.3%, კარაქი – 0.9%. უმნიშვნელოდ, მაგრამ შემცირდა ყველისა (0.6%) და საფუარის (0.8%) ფასები. უნდა აღინიშნოს, რომ ხაჭაპურის ინდექსი ამჯერადაც მიყვება ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ტენდენციას, როცა დიდი მარხვის დაწყების შემდეგ მცირე ჩავარდნა ფიქსირდება მოთხოვნის მხარეს.
მოსალოდნელია მომდევნო თვეებში რძის პროდუქტებზე ფასების კლება, რაც განპირობებული იქნება წარმოების სეზონური ზრდით. თუმცა სავარაუდოა, რომ სურსათის ფასების ინფლაცია მაინც მაღალი იქნება, რადგან ხორბალსა და სხვა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.
2025 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება ქალაქების მიხედვით 6.71 ლარსა (ბათუმში) და 7.94 ლარს (თელავში) შორის მერყეობდა, საშუალო მაჩვენებელმა კი 7.02 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსმა აჩვენა მცირე, 0.2%-იანი კლება 2024 წლის დეკემბერთან შედარებით. თუმცა, წლიურ ჭრილში, მიმდინარე ფასი 6.1%-ით მაღალია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე.
2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7,03 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 3,8%-იანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით შესამჩნევი – 8,4%-იანი ზრდაა.
2024 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 4.8%-იანი ზრდაა. ხაჭაპურის ინდექსის აღნიშნული ცვლილება ძირითადად გამოწვეულია რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით, რაც თავის მხრივ ნედლი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებასა და რძის ფხვნილის იმპორტზე გაზრდილ დამოკიდებულებას უკავშირდება.
2024 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.
2024 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა. აგვისტო-სექტემბერის განმავლობაში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, როცა ინდექსი სექტემბერში, ივლისთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის (2024 წლის ივლის-სექტემბერი) განმავლობაში 22%-ით გაიზარდა.