ინდექსები
30
სექტემბერი
2025
30
სექტემბერი
2025
2025 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.05 ლარი შეადგინა. 2025 წლის ივლისიდან მოყოლებული, ხაჭაპურის ინდექსი ზრდის ტენდენციას ავლენს – სექტემბერში ფასი 12.3%-ით გაიზარდა 2025 წლის ივნისთან შედარებით. თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ყველის 16.1%-იანი გაძვირება ამავე პერიოდში. ჩვეულებრივ, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან საჭირო ხდება საკვები დანამატების გამოყენება.
სეზონური ფაქტორების გარდა, წლიურ ჭრილში – 2024 წლის სექტემბერთან შედარებით – ხაჭაპურის ფასი 8.7%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში ყველაზე მკვეთრი ზრდა კარაქზე (+17.5%), ფქვილზე (+14.8%) და ყველზე (+9.4%) დაფიქსირდა, მას მოსდევს კვერცხი (+4.0%) და საფუარი (+3.3%). ერთადერთი ინგრედიენტი, რომელიც გაიაფდა, იყო რძე (-0.3%). ინდექსი აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში რძის ფასები უკვე მეოთხე თვეა მცირდება, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია 2025 წლის აპრილში მომხდარ "რძის სკანდალთან".
რეგიონების მიხედვით თვიური დინამიკა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა: ფასები თითქმის უცვლელი დარჩა თბილისში (+0.03%), რაც წინა თვეების ზრდის შემდეგ სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ზომიერი ზრდა დაფიქსირდა ბათუმსა (+2.4%) და თელავში (+3.2%), რაც სეზონურ ფაქტორებსა და რეგიონულ მოთხოვნას ასახავს. ყველაზე მკვეთრი ზრდა ქუთაისში დაფიქსირდა (+14.9%). ქუთაისის, როგორც მთავარი რძის მწარმოებელი რეგიონის როლის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ეს ზრდა თანდათანობით სხვა ქალაქებშიც გამოიწვევს ფასების ზრდას.