შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აგვისტო 2025 | ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გრძელდება
29 აგვისტო 2025

2025 წლის აგვისტოში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.76 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 5.8%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში – 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით – ფასი 9.8%-ით გაიზარდა.

2025 წლის ივლისთან შედარებით, ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების ფასები გაიზარდა: საფუარი (+13.5%), ყველი (+8.3%), ფქვილი (+6.2%), რძე (+1.7%) და კარაქი (+1.6%). ამ თვეში მხოლოდ კვერცხი (-2.9%) გაიაფდა. თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ხაჭაპურის ორი ძირითადი ინგრედიენტის – ყველისა და ფქვილის – მკვეთრი გაძვირება. ჩვეულებრივ, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან საჭირო ხდება საკვები დანამატების გამოყენება.

წლიურ ჭრილში ყველაზე მკვეთრი ზრდა ყველზე (+13.4%), კარაქსა (+11.5%) და ფქვილზე (+9.0%) დაფიქსირდა, მას მოსდევს საფუარი (+5.3%) და კვერცხი (+4.2%). ერთადერთი ინგრედიენტი, რომელიც გაიაფდა, იყო რძე (-2.5%).

რეგიონების მიხედვით თვიური დინამიკა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა: ყველაზე მკვეთრი ზრდა ბათუმში აღინიშნა (+13.0%), რაც ზაფხულის ინტენსიური ტურისტული მოთხოვნით იყო განპირობებული. თბილისშიც შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა (+8.9%), ხოლო თელავსა (+0.1%) და ქუთაისში (+0.3%) ტენდენცია თითქმის უცვლელი დარჩა.

შეავსე ფორმა