შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

სექტემბერი 2024 | ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა დაიწყო
30 სექტემბერი 2024

2024 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა. აგვისტო-სექტემბერის განმავლობაში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, როცა ინდექსი სექტემბერში, ივლისთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის (2024 წლის ივლის-სექტემბერი) განმავლობაში 22%-ით გაიზარდა. როგორც წესი, შემოდგომის დადგომასთან ერთად რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან ამ პერიოდში ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიცემა ხდება საჭრო.

აღნიშნული სეზონური ცვლილებების გარდა, 2024 წლის სექტემბერში ხაჭაპურის საშუალო ფასი 10.3%-ით აღემატებოდა 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს. ფასების სიღრმისეული შეფასება აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე: საფუარი (21.7%), რძე (17.6%), კარაქი (12.1%), ყველი (10.8%), ფქვილი (4.4%), კვერცხი (1.1%).

სექტემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.04 ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით აღემატება ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. თბილისისგან განსხვავებით, ხაჭაპური ყველაზე ხელმისაწვდომი ბათუმშია, სადაც ერთი ხაჭაპური 6.18 ლარი ღირს. თბილისსა და ბათუმს შორის სხვაობამ 0.86 ლარი შეადგინა. ფასების ასეთი სხვაობა შეიძლება სეზონური ტურისტული აქტივობით აიხსნას, სექტემბერში ბათუმი და ზღვისპირა დასახლებები ნაკლებად მიმზიდველი ხდება, შესაბამისად, მოთხოვნა თბილისთან შედარებით ეცემა.

შეავსე ფორმა