ინდექსები

2024 აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.24 ლარი შეადგინა, რაც 4.0%-ით აღემატებოდა 2023 წლის აპრილის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში (2024 წლის მარტთან შედარებით) ხაჭაპურის ღირებულება 2.4%-ით შემცირდა.
საქართველოს ქალაქების მონაცემების შეფასებამ გვაჩვენა, რომ 2024 წლის აპრილში ინდექსი შემცირდა ბათუმში (-5.9%), ქუთაისსა (-4.9%) და თბილისში (-3.7%), თელავში კი გაიზარდა (+4%).
რაც შეეხება ინგრედიენტების ფასებს, აპრილში წლიური ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე: კარაქი (+15.6%), საფუარი (+15.3%), რძე (+12.1%), კვერცხი (+3.2%), ყველი (+2.2%), ფქვილი (+0.4%). თუმცა თვიურ ჭრილში ინგრედიენტების უმეტესობის ფასები შემცირდა: ყველი (-4,1%), საფუარი (-1,2%), კვერცხი (-1,1%), რძე (-0,7%). გამონაკლისი აღმოჩნდა კარაქი (+1,1%) და ფქვილი (+0,7%). ფასების თვიური კლება ემთხვევა ახალი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც ტრადიციულად პიკს ივნისსა და ივლისში აღწევს. გარდა ამისა, 18 მარტს დიდი მარხვის დაწყებამ შესაძლოა ხელი შეუწყო ყველსა და რძის პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რადგან დიდმარხვის პერიოდში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, მცირდება.
2025 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება ქალაქების მიხედვით 6.71 ლარსა (ბათუმში) და 7.94 ლარს (თელავში) შორის მერყეობდა, საშუალო მაჩვენებელმა კი 7.02 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსმა აჩვენა მცირე, 0.2%-იანი კლება 2024 წლის დეკემბერთან შედარებით. თუმცა, წლიურ ჭრილში, მიმდინარე ფასი 6.1%-ით მაღალია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე.
2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7,03 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 3,8%-იანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით შესამჩნევი – 8,4%-იანი ზრდაა.
2024 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 4.8%-იანი ზრდაა. ხაჭაპურის ინდექსის აღნიშნული ცვლილება ძირითადად გამოწვეულია რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით, რაც თავის მხრივ ნედლი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებასა და რძის ფხვნილის იმპორტზე გაზრდილ დამოკიდებულებას უკავშირდება.
2024 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.
2024 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა. აგვისტო-სექტემბერის განმავლობაში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, როცა ინდექსი სექტემბერში, ივლისთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის (2024 წლის ივლის-სექტემბერი) განმავლობაში 22%-ით გაიზარდა.