შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აპრილი 2023 | ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში ზედიზედ მეორე თვეა მცირდება
01 მაისი 2023

2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.99 ლარი შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე, თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა.

წლიურ ჭრილში, აპრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგ ინგრედიენტებზე: რძე (+14.9%), საფუარი (+14.5%), კარაქი (+11.1%), კვერცხი (+3.7%), ფქვილი (+1.5%). თუმცა ყველის ფასი, რომელიც ხაჭაპურის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, 2022 წლის აპრილთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1.6%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრილში კი ინდექსის ღირებულება შემცირდა, რაც მეტწილად ყველის ფასის შემცირებამ განაპირობა, რომელიც წინა თვესთან შედარებით 11.6%-ით გაიაფდა. წინა თვესთან შედარებით ხაჭაპურის დანარჩენი ინგრედიენტების ფასებიც შემცირდა: კვერცხი (-4.8%), კარაქი (-2.0%), რძე (-1.7%), ფქვილი (-0.7%). ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიყვება ნედლი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც პიკს ივნის-ივლისში აღწევს. გარდა ამისა, იმპორტირებული აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარებაც იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებს ამცირებს.

ქალაქების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ თვიურ ჭრილში (2023 წლის მარტთან შედარებით) ინდექსი ყველაზე მეტად ქუთაისში შემცირდა (-14.3%). როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შემცირება დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცა: თბილისში 13.3%-ით შემცირდა, თელავში – 5.6%-ით. გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც მარტთან შედარებით აპრილში ინდექსი 3%-ით გაიზარდა. მიზეზი შეიძლება სააღდგომოდ ტურისტების შემოდინება იყოს, რამაც სურსათზე მოთხოვნა გაზარდა.

შეავსე ფორმა