2023 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.54 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 10.9%-ით აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ღირებულება 5.7%-ით შემცირდა.
წლიურ ჭრილში, მარტში ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა: რძე (+20.2%), საფუარი (+15.4%), კარაქი (+14.4%), კვერცხი (+11.4%), ყველი (+11.3%), ფქვილი (+3.5%).
თვიურ ჭრილში, მარტში, ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა, რაც ძირითადად ყველის ფასის სეზონური კლებით იყო განაპირობებული, რომელიც წინა თვესთან შედარებით 9.9%-ით შემცირდა. თვიურ ჭრიულში ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიჰყვება ახალი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ტრენდს. რძისა და რძის პროდუქტების ფასების კლებაზე შეიძლება გავლენა მოეხდინა დიდმარხვასაც, რომელიც 27 თებერვალს დაიწყო, რადგან მარხვის პერიოდში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს.
ტრადიციულად, საქართველოს დანარჩენ ქალაქებთან შედარებით ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მკვეთრად ქუთაისში იგრძნობა, სადაც მარტში ყველის ფასი წინა წელთან შედარებით 17.1%-ით შემცირდა. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ იმერეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი რძის მწარმოებელი რეგიონია და რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები იკლებს. ქუთაისში შემცირებული ფასები, დიდი ალბათობით, საქართველოს დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცემა.