შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2022 | ხაჭაპურის ინდექსმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
26 დეკემბერი 2022

ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის დეკემბერშიც გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულებამ 6.99 ლარი შეადგინა, რაც 0.6%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ნოემბრის) და 21.7%-ით წინა წლის (2021 წლის დეკემბრის) მაჩვენებელს.

საშობაო და საახალწლო სამზადისის პერიოდში ტრადიციულად ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება, რადგან დღესასწაულების გამო მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. დეკემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებზე ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა: ყველი – 27.4%-ით, რძე – 20.0%-ით, კარაქი – 17.3%-ით, საფუარი – 15.1%-ით, ფქვილი – 13.3%-ით, კვერცხი – 8.6%-ით.

წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები გაიზარდა საქართველოს ყველა ქალაქში. წელს ყველაზე დიდი ზრდა (28.9%) თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის თელავი (22.4%), ბათუმი (21.8%) და ბოლოს ქუთაისი (14.1%), სადაც სხვებთან შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. 

2011-2022 წწ-ების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 2022 წლის დეკემბერში თითქმის გაორმაგდა 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (2011 წლის 3.76 ლარიდან 2022 წელს 6.99 ლარამდე გაიზარდა). ხაჭაპურის ღირებულება ყველაზე დაბალი 2012 წლის დეკემბერში იყო და 3.43 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალ ნიშნულს კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია და 6.99 ლარამდე გაიზარდა.

როგორც ვხედავთ, საქართველოში სურსათის ფასები ჯერჯერობით ისევ იზრდება, მაგრამ უკვე მერვე თვეა საერთაშორისო ფასები იკლებს, რაც საბოლოოდ ადგილობრივ ბაზრებზეც უნდა აისახოს და ადგილობრივმა ფასებმა შემცირება დაიწყოს.

შეავსე ფორმა