2022 წლის ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.90 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 4.9%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ოქტომბრის) და 27.3%-ით წინა წლის (2021 წლის ნოემბრის) მაჩვენებელს.
წლის ამ დროს ინდექსს ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რასაც რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს, რადგან ამ სეზონზე რძის წარმოება იკლებს და მოთხოვნა იმპორტირებულ რძის ფხვნილზე, რომელიც რძის შემცვლელად გამოიყენება, იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ხაჭაპურის ინგრეიდიენტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში: ყველი – 35.2%-ით, ფქვილი – 19.9%-ით, კარაქი – 19.8%-ით, საფუარი – 15.1%-ით, კვერცხი – 10.1%-ით. ფასების წლიური ზრდა მეტწილად საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებმა განაპირობა: რუსეთის ომმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სტაბილურობასა და არსებული მდგომარეობის მიმართ გაურკვევლობაზე, რაც გლობალურად მზარდ ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნაზე აისახა. რძის სექტორისთვის ინგრედიენტების დეფიციტი და წარმოების საშუალებების ხარჯების ზრდა სერიოზული გამოწვევაა. ომის ფონზე პირუტყვისთვის საჭირო საკვების წარმოების შემცირებამ გამოიწვია წარმოების ხარჯების ზრდა. მეტიც, ენერგეტიკული დანახარჯების ზრდამ, რამაც, თავის მხრივ, სასუქების ფასებზეც იმოქმედა, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობა.
მოსალოდნელია, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მოახლოებული საახალწლო დღესასწაულის გამო მოთხოვნა გაიზრდება. დიდი ალბათობით, ზამთარში მიწოდების შემცირების ფონზე ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.