შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2022 | ხაჭაპურის ინდექსი 31%-ით გაიზარდა
11 აპრილი 2022

2022 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.84 ლარი იყო, რაც 0.4%-ით აღემატებოდა 2022 წლის თებერვლის მაჩვენებლს და 31.4%-ით – 2021 წლის მარტის მაჩვენებელს.

წლიურ ინფლაციაზე ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასის ზრდამ იმოქმედა. ფასები გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგ ინგრედიენტებზე: ყველი – 27%, ფქვილი – 35%, კვერცხი – 38%, საფუარი – 14%, რძე – 10%, კარაქი – 24%. ფასების ზრდის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორებია: რეგიონში არსებული ვითარება, ნავთობის საერთაშორისო ფასები და გლობალური სურსათის ფასები. 

ხაჭაპურის ინდექსის წლიური დინამიკა თანხვედრაშია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სურსათის კატეგორიის ფასებთან. საქსტატის მონაცემებით, სურსათის ქვეჯგუფში ფასები წლიურ ჭრილში 17.8%-ით გაიზარდა. ასეთი დიდი ზრდა განაპირობა ბოსტნეულის (+27%), პურისა და მარცვლეულის (+23%), ზეთებისა და ცხიმების (+17%), მინერალური წყლების, გამაგრილებელი სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების (+24%), რძის, ყველისა და კვერცხის (+15%) და ხილისა და ყურძნის (+16%) ქვეკატეგორიებში დაფიქსირებულმა ფასების ზრდამ.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხაჭაპურის ინდექსის მონაცემები აჩვენებს, რომ თვიურ ჭრილში ფასები დაეცა რძესა და რძის პროდუქტებზე. 2022 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, რძის ფასი 1%-ით შემცირდა, კარაქის კი – 0.2%-ით. მიზეზი შეიძლება რძის ფასების სეზონური კორექტირება იყოს. მეტიც, აღდგომის (კერძოდ, დიდი მარხვის) დაწყებამ შეიძლება ხელი შეუწყო ფასების კლებას, რადგან მარხვის დროს ყველსა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მცირდება.

შეავსე ფორმა