შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2022 | ხაჭაპურის ინდექსი 29%-ით გაიზარდა
28 თებერვალი 2022

2022 წლის თებერვალში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ღირებულება გაიზარდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში და 5.7-სა (ქუთაისი) და 6.1 (თბილისი) ლარს შორის მერყეობდა. 2022 წლის თებერვალში დაფიქსირებულმა საშუალო ფასმა 5.8 ლარი შეადგინა, რაც 28.8%-ით აღემატებოდა 2021 წლის თებერვლის მაჩვენებელს. თუ თვიურ ჭრილში შევხედავთ, 2022 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის ფასი 0.8%-ით გაიზარდა.

ფასებს უფრო დეტალურად თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ თებერვალში დაფიქსირებულ ინფლაციაზე ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასის ზრდამ იმოქმედა: კვერცხი (+38.9%), ფქვილი (+37.2%), კარაქი (+25%), საფუარი (+13.4%), რძე (+10.8%), ყველი (+22.4%).

ზოგადად, წლის ამ პერიოდში ზრდას ახალი რძის მიწოდების სეზონური დეფიციტი განაპირობებს, რომელსაც იმპორტირებული რძის ფხვნილი, რძის ნაღების (მაგ. კარაქი) და სხვა ტიპის რძის პროდუქტები ანაცვლებს. ეს პროდუქტები, ძირითადად, უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. ამიტომ, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია რძის პროდუქტების დეფიციტი. მოსალოდნელი დეფიციტი შეიძლება ყველისა და სხვა რძის პროდუქტების ფასების ზრდაზეც აისახოს. ამან შეიძლება რძის პროდუქტების ფასების წლიური ზრდა გამოიწვიოს.

გარემოებას ისიც ართულებს, რომ ბოლო პერიოდში გლობალური ნავთობის ფასებიც იზრდებოდა. 24 თებერვლიდან რამდენიმე დღეში კი ზრდამ 30% შეადგინა. ნავთობზე ფასების ზრდასთან ერთად იზრდება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებიც. საქართველოში საწვავის ფასებზე მოქმედებს ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსიც. ბოლო დღეებში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა: გაცვლითი კურსი 24 თებერვლის 3.02-დან 11 მარტს 3.32-მდე გაიზარდა.

ბოლო თვეებში იზრდებოდა სურსათის საერთაშორისო ფასებიც. FAO-ის მონაცემებით, ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა: 2022 წლის თებერვალში წლიურ ჭრილში ფასების 20.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძირითადი წილი მცენარეული ზეთისა და რძის პროდუქტების ფასების ქვეინდექსზე მოდიოდა, რომელსაც მარცვლეულისა და ხორცის ქვეინდექსები მოყვება.

შეავსე ფორმა