ინდექსები

ხაჭაპურის ინდექსის მზარდი ტრენდი 2021 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა და 5.37 ლარს მიაღწია. მაჩვენებელი წინა თვესთან (2021 წლის ოქტომბერი) შედარებით 7.2%-ით, ხოლო წინა წელთან (2020 წლის ნოემბერი) შედარებით 19%-ით მაღალი იყო. ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციაზე იმოქმედა ყველა ინგრედიენტმა: კვერცხი (38.6%), ფქვილი (30.2%), კარაქი (22.6%), საფუარი (18.7%), ყველი (14%) და რძე (10.3%).
ფასები გაიზარდა როგორც იმპორტირებულ (კარაქი, საფუარი), ისე ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზეც, რომლებიც იმპორტირებული საწარმოო საშუალებებით მზადდება. ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასების ზრდამაც. FAO-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში საკვები პროდუქტების ფასები წლიურ ჭრილში 27.3% გაიზარდა.
ინფლაციაზე დიდი გავლენა მოახდინა რძის და რძის პროდუქტების ფასებმა. წლის ამ დროს ახალი რძის მიწოდებაში სეზონური ვარდნა ფიქსირდება ხოლმე, რაც ზრდის იმპორტირებულ რძის ფხვნილზე მოთხოვნას, რომელიც ნამოიყენება ნედლი რძეის ჩამნაცვლებლად. FAO-ის სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, რძის ფასების ინდექსი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 19.1%-ით არის გაზრდილი. ცხადია, ამ გარემოებამაც შეუწყო ხელი საქართველოში რძის პროდუქტების ფასების ზრდას.
2025 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება ქალაქების მიხედვით 6.71 ლარსა (ბათუმში) და 7.94 ლარს (თელავში) შორის მერყეობდა, საშუალო მაჩვენებელმა კი 7.02 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსმა აჩვენა მცირე, 0.2%-იანი კლება 2024 წლის დეკემბერთან შედარებით. თუმცა, წლიურ ჭრილში, მიმდინარე ფასი 6.1%-ით მაღალია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე.
2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7,03 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 3,8%-იანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით შესამჩნევი – 8,4%-იანი ზრდაა.
2024 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 4.8%-იანი ზრდაა. ხაჭაპურის ინდექსის აღნიშნული ცვლილება ძირითადად გამოწვეულია რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით, რაც თავის მხრივ ნედლი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებასა და რძის ფხვნილის იმპორტზე გაზრდილ დამოკიდებულებას უკავშირდება.
2024 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.
2024 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა. აგვისტო-სექტემბერის განმავლობაში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, როცა ინდექსი სექტემბერში, ივლისთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის (2024 წლის ივლის-სექტემბერი) განმავლობაში 22%-ით გაიზარდა.