შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ხაჭაპურისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსები
20 თებერვალი 2017

2017 წლის იანვარში ხაჭაპურის ინდექსი კვლავ მიჰყვება სეზონურ მზარდ ტენდენციას და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ახალი საშუალო ფასი 3.67 ლარი გახდა. საშუალო ფასი 1.9%-ით მაღალია 2016 წლის იანვარში დაფიქსირებულ ფასზე. რაც შეეხება თვეების მიხედვით შეფასებას, ხაჭაპურის ფასი 1.3%-ით მეტია წინა თვეში (2016 წლის დეკემბერში) დაფიქსირებულ ფასზე. ხაჭაპურის გამოცხობისთვის საჭირო ხარჯები განსხვავდება ქალაქებს შორის და 3.56-დან (ბათუმსა და თბილისში) 3.92 ლარამდე (ქუთაისში) მერყეობს.

წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ინფლაცია უმეტესად ყველზე (5.4%), კარაქსა (3%) და საფუარზე (4.1%) მოდის. სხვა ინგრედიენტების ფასები დაეცა: კვერცხი – 6%-ით, რძე – 0.1%-ით.

ხაჭაპურის ინდექსი არ ასახავს ფასების ისეთ ფართო დინამიკას, როგორსაც სამომხმარებლო ფასების ინდექსი. თუმცა ხაჭაპურის ინდექსის დინამიკა მიყვება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული (სამომხმარებლო ფასების ინდექსის) მონაცემებს, რომელიც 2017 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 2.9%-ით, წინა წელთან (2016 წლის იანვართან) შედარებით კი, 3.9% გაიზარდა.

საქსტატის 2017 წლის იანვრის მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს“ კატეგორიის პროდუქტებმა, რომელიც, წინა წელთან (2016 წლის იანვართან) შედარებით, 18.9%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი მსხვილი კატეგორია, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ცვლილებები სამომხმარებლო ფასების ინდექსში, იყო „ტრანსპორტი,“ რომელიც 10.8%-ით გაძვირდა. ზრდა განაპირობა თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდამ. „საკვებისა და არაალკოჰოლური სასმელების“ ფასები 3.3%-ით გაიზარდა.

წინა წელთან შედარებით „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ კატეგორიის პროდუქტებზე ფასები 6.6%-ით შემცირდა, მცირე ცვლილება შეიმჩნევა „ავეჯისა და საოჯახო ნივთების“ კატეგორიაში, რომელიც, წინა წელთან შედარებით, 0.2%-ით იაფია.

შეავსე ფორმა