ახალი წელი ახლოვდება და ქართულ ოჯახები უკვე ემზადებიან წლის დამაგვირგვინებელი დღესასწაულისთვის. ამ სამზადისს არც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ჩამორჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და ჩვენს მკითხველს ხაჭაპურის ინდექსის სპეციალურ, „ახალი წლის სუფრის ინდექსს“ ვთავაზობთ. ინდექსი აჩვენებს, რა უჯდებათ 5-6-სულიან ქართულ ოჯახებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციული საახალწლო სუფრის კერძების მომზადება. ჩვენს სუფრაში შედის ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა ხაჭაპური, მწვადი, საცივი, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალეული, კიტრი-პომიდვრის სალათი, გოზინაყი და ხილი.
აღმოჩნდა, რომ 2018 წლის დეკემბერში ახალი წლის სუფრის მომზადება ოჯახს საშუალოდ 149.9 ლარი დაუჯდება, რაც 2017 წლის დეკემბერთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით, ახალი წლის სუფრა 2018 წელს შედარებით იაფია საქართველოს ყველა რეგიონში. იგივეს თქმა შეგვიძლია ახალი წლის სუფრის მთავარ ინგრედიენტზე - კაკალზე. წლის ამ დროს 1 კგ. ნიგვზის ფასი საშუალოდ 21.4 ლარი იყო, რაც 15%-ით ნაკლებია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, როდესაც 1 კგ. ნიგოზი საშუალოდ 25.3 ლარი ღირდა.
ინდექსის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი გურიაში (135.4 ლარი), ყველაზე მაღალი კი იმერეთშია (159.5 ლარი).
ცხრილი 1. ქართული საახალწლო სუფრის ღირებულება (ლარში)
რეგიონი | 2017 | 2018 | % Change |
აჭარა | 166.1 | 153.4 | -7.6% |
გურია | 144.1 | 135.4 | -6.0% |
იმერეთი | 170.1 | 159.5 | -6.2% |
კახეთი | 154.3 | 145.3 | -5.8% |
ქვემო ქართლი | 163.1 | 151.1 | -7.3% |
მცხეთა-მთიანეთი | 168.7 | 155.1 | -8.1% |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვაენთი | 162.8 | 154.7 | -4.9% |
სამცხე-ჯავახეთი | 160.4 | 151.2 | -5.8% |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 159.6 | 145.8 | -8.7% |
შიდა ქართლი | 166.8 | 142.3 | -14.7% |
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ AGRIndex-ისთვის მომზადებული მონაცემები.
როგორც ცხრილიდან ვხედავთ, წინა წელთან შედარებით, საახალწლო სუფრის ფასი საქართველოს ყველა რეგიონში დაეცა. ყველაზე დიდი განსხვავება გვაქვს შიდა ქართლში, სადაც ახალი წლის სუფრა 2017 წელთან შედარებით 15%-ით იაფია.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და ხაჭაპურის ინდექსის გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!