შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2020 | ახალი წლის სუფრის ინდექსი – 2020!
28 დეკემბერი 2020

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აგრძელებს ტრადიციას და წელსაც გთავაზობთ საახალწლო სუფრის ინდექსს. საახალწლო სუფრის ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ჩვენ ვითვლით ისეთი ტრადიციული კერძების ფასებს, როგორებიცაა მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილი და გოზინაყი შევარჩიეთ.

წელს საახალწლო სუფრის საშუალო ფასი 168.2 ლარია, რაც 4.2%-ით მაღალია 2019 წლის მაჩვენებელზე.

როგორც ცხრილიდან ვხედავთ, წინა წელთან შედარებით, საახალწლო სუფრა საქართველოს ყველა რეგიონში გაძვირდა, გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლისა. სუფრა ყველაზე ძვირი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია (179.2 ₾), ყველაზე იაფი კი – სამეგრელო-ზემო სვანეთში (154.4 ₾).

საახალწლო სუფრის ფასი რეგიონების მიხედვით

რეგიონები 2019 2020 სხვაობა (%)
აჭარა 161.1 168.6 4.6%
გურია 156.9 164.2 4.7%
იმერეთი 163.0 170.1 4.4%
კახეთი 161.9 166.5 2.9%
ქვემო ქართლი 157.4 175.2 11.3%
მცხეთა-მთიანეთი 159.1 170.8 7.3%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 157.2 179.2 14.0%
სამცხე-ჯავახეთი 161.0 170.0 5.6%
სამეგრელო-ზემო სვანეთი 163.5 154.4 -5.5%
შიდა ქართლი 170.0 162.5 -4.4%

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2020 წ.

2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგი პროდუქტებისთვის: ყველი (15%), კვერცხი (11%), პომიდორი (10%), რძე (9%), ბადრიჯანი (7%), ქათმის ხორცი (6%), თაფლი (95). თუმცა შემცირდა ვაშლის (-10%), სტაფილოსა (-8%) და კარტოფილის (-3%) ღირებულება.

ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმპორტირებულ პროდუქტებზე. ასევე, ფასების ზრდა ფიქსირდება ისეთ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებისთვისაც იმპორტირებული საწარმოო საშუალებები გამოიყენება. იმპორტირებული პროდუქტების ფასებზე წნეხი აღმოჩნდა ქართული ლარის გაუფასურებაც – 2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარი 13.5%-ით გაუფასურდა.

მიუხედავად ამისა, წინა წელთან შედარებით, სურსათის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2020 წლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი ასახავს წინა წლის საბაზისო ფასებისმაღალ დონეს და შეიძლება კავშირში იყოს მთლიანი მოთხოვნის შემცირებასთანაც, რაც COVID-19-ის პანდემიას მოჰყვა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ჰორეკას (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორიდან შემცირებული მოთხოვნა და მომხმარებელთა შემცირებული შემოსავლები შეიძლება იყოს მოსალოდნელზე დაბალი სურსათის ფასების ინფლაციის მიზეზი.

გარდა ამისა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე, მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც, თავის მხრივ, შეანელა ფასების ზრდა.

შეავსე ფორმა