ბოლო პერიოდში ბევრი ვისაუბრეთ COVID-19-ის გავლენაზე ტურიზმის, სამრეწველო და მომსახურების სექტორებზე. თუმცა ცოტა რამ ითქვა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე პანდემიის მიმდინარე და სამომავლო ზეგავლენების შესახებ. COVID-19-მა უკვე იქონია და, მოსალოდნელია, რომ მომავალშიც საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის ბაზრის როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე. ამ ეტაპზე ზეგავლენის ზუსტი მასშტაბების შეფასება შეუძლებელია, თუმცა მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არსებული და პოტენციური ზემოქმედებების ზოგადი თეორიული ჩარჩო.
მოთხოვნის მხარე
პირველ რიგში, ჩვენ გავაანალიზებთ ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემებს და გამოვავლენთ COVID-19-ის შესაძლო ზეგავლენას საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე.
ქვეყნის ეკონომიკის შენელება მარტის პირველ ნახევარში დაიწყო, როდესაც ზოგიერთი საჯარო დაწესებულება და კომპანია, ნებაყოფლობით, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა და ფრენები თანდათანობით გაუქმდა. 2020 წლის მარტში, ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარებამ 1,050 მილიონი კვტ.სთ. შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია (2019 წლის მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 1,138 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა) (იხ. გრაფიკი 1). აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან მთლიანი მოხმარების ყველაზე დიდი წლიური შემცირება 2020 წლის მარტში დაფიქსირდა (მარტის თვისთვის). თუმცა ეს მონაცემები სათანადოდ არ ასახავს ეკონომიკის დახურვის საბოლოო შედეგებს, რადგან მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა და მკაცრი შეზღუდვები (არსებითი დარტყმა ყველა სექტორზე) მხოლოდ ამ ეტაპის შემდეგ ამოქმედდა.
საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება, ტრადიციულად, შემდეგი წყაროებიდან ხდება: ენერგო-პრო ჯორჯია1, თელასი, აფხაზეთი და პირდაპირი მომხმარებლები (იხ. გრაფიკი 1). 2020 წლის მარტში, ენერგო-პრო ჯორჯიას მოთხოვნა 24%-ით, თელასის 12%-ით, აფხაზეთის კი 4%-ით შემცირდა, რაც საკმარისზე მეტი იყო პირდაპირი მომხმარებლების 45%-ით გაზრდილი მოხმარების დასაბალანსებლად. მიუკერძოებელი სურათის წარმოსაჩენად, ჩვენ განვაცალკევეთ იმ კომპანიების მოხმარების მონაცემები, რომლებიც ბაზარზე 2019 წლის მაისამდე2, ბაზრის გახსნამდე და შემდეგ გამოჩნდნენ. შესაბამისად, თუ ჩვენ გავაანალიზებთ ენერგო-პროს, თელასისა და პირდაპირი მომხმარებლების, რომლებიც ბაზარს 2019 წლის მაისიდან შეუერთდნენ, ერთობლივი მოხმარების წლიურ ცვლილებას, შევამჩნევთ, რომ მოხმარება 7%-ით შემცირდა. ამასთან, დავინახავთ, რომ პირდაპირი მომხმარებლების3 მოხმარება, რომლებიც ბაზრის გახსნამდე ოპერირებდნენ, 17%-ით შემცირდა.
გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მოხმარება მომხმარებლთა სახეების მიხედვით
ვინაიდან პირდაპირი მომხმარებლები, როგორც წესი, მასშტაბური კომერციული ობიექტები არიან, ნათელია, რომ მოხმარების შემცირება ნამდვილად აღნიშნული სექტორის ხარჯზე მოხდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის გამო შეფერხებულ ეკონომიკურ საქმიანობას ასახავს. ამრიგად, სანამ კრიზისი არ დასრულდება და ეკონომიკური საქმიანობა ჩვეულ ტემპს არ დაუბრუნდება, ელექტროენერგიაზე შემცირებული მოთხოვნის შენარჩუნებაა მოსალოდნელი არასაყოფაცხოვრებო მოხმარების სექტორის ხარჯზე4.
აღნიშნული სექტორიდან მოთხოვნის ასეთი შემცირება შესაძლებელია ზაფხულის თვეებშიც გაგრძელდეს, თუნდაც შეზღუდვების გაუქმების შემთხვევაში, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტურიზმი სწრაფად აღდგება. მეორე მხრივ, საყოფაცხოვრებო და მთლიან მოთხოვნაზე გავლენის შესახებ მოლოდინი გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ მომატებულმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა გამაგრილებელი ტექნიკის გამოყენების მიზნით, გაურკვეველია, იქნება თუ არა მოხმარება ისეთივე, როგორიც წინა წლებში. ამას რამდენიმე მიზიეზი აქვს:
• შინამეურნეობების გაუარესებული ეკონომიკური პირობები;
• ელექტროენერგიის გარკვეული მოთხოვნა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო არარეგისტრირებულ ტურიზმთან დაკავშირებული მოხმარებით;
• მთავრობის ინიციატივამ, ელექტროენერგიის სუბსიდირება მოახდინოს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც 200 კვტ. სთ-ს ან ნაკლებს მოიხმარენ მარტში, აპრილსა და მაისში, შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროენერგიის უფრო ეფექტიანი მოხმარების სტიმულირება და ამით ხელი შეუწყოს მოხმარების შემცირებას. აღნიშნულმა ინიციატივამ შეიძლება ელექტროენერგიის ეფექტიანი გამოყენებაც წაახალისოს და შეცვალოს მომხმარებელთა გრძელვადიანი ქცევა.
საერთო ჯამში, ჩვენ ველით, რომ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მოხმარების სეზონური ზრდაც კი – მატერიალიზაციის შემთხვევაში – არ იქნება საკმარისი არასაყოფაცხოვრებო სექტორის შემცირებული მოთხოვნის დასაბალანსებლად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ელექტროენერგიაზე მთლიანი მოთხოვნა, ბოლო წლებთან შედარებით, უფრო დაბალი დარჩება.
მიწოდების მხარე
2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ელექტროსადგურებმა წარმოება 11%-ით შეამცირეს. ელექტროენერგიის მიწოდების შემცირება თერმული ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი ვარდნით არის გამოწვეული, რაც უფრო იაფი ელექტროენერგიის იმპორტმა განაპირობა. მომდევნო თვეებში შეიძლება ველოდოთ იმპორტის კიდევ უფრო გაიაფებას, მსოფლიოში მიმდინარე რეცესიის გამო. კერძოდ, რუსეთსა და აზერბაიჯანში ეკონომიკური საქმიანობის შემცირება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის თანმდევ შემცირებასთან ერთად, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის სიჭარბეს და ფასების შემცირებას გამოიწვევს.
მთელ მსოფლიოში საწვავის და გაზის ფასის გაიაფებას შესაძლოა ჰქონდეს არასასურველი გრძელვადიანი ზემოქმედება საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე (ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარი ადგილობრივი წყაროები); რაც უარყოფითად იმოქმედებს განახლებადი ენერგიის სამომავლო პროექტების სიცოცხლისუნარიანობასა და კონკურენტუნარიანობაზე და შეამცირებს ინვესტიციებს აღნიშნულ სფეროში. ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: 1) საქართველოს მთავრობამ შეიძლება განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების (PPA) ფიქსირებულ ფასის უზრუნველყოფის ნაცვლად უპირატესობა თბოელექტროსადგურებისთვის5 გაზის (კლებადი) საფასურის უზრუნველყოფას მიანიჭოს; 2) არსებული ელექტროსადგურების შემთხვევაშიც კი, PPA-ის საფასო გარანტიები შესაძლოა შეფერხების ან შეჩერების რისკქვეშ დადგეს. შესაბამისად, პროექტების პოტენციურმა განმავითარებლებმა შესაძლოა გადახედონ საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე ინვესტიციების განხორციელების გეგმებს.
COVID-19-ით გამოწვეული რეცესიის ფონზე, არასახარბიელო სცენარის განვითარება რეალისტურია. ამის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ფინანსური ვალდებულებებს დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის, რათა დაიწყოს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი. მოსალოდნელია, რომ სესხის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) თანაფარდობა თითქმის 50%-მდე6 გაიზარდოს, რაც ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის ბოლო კვარტლის მონაცემზე 41.1%) მაღალი მაჩვენებელია. ამას ემატება ისიც, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის შეთანხმებებმა (PPAs), ზოგიერთ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დასკვნაში მითითებული ინფორმაციის თანახმად, შეიძლება დამატებითი ზარალი მიაყენოს სახელმწიფო ბიუჯეტს.
განახლებადი ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებით სამთავრობო პოლიტიკაში ცვლილებებსაც კი თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ტექნიკურ, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლო სირთულეების გამო, COVID-19, სავარაუდოდ, არახელსაყრელ გავლენას იქონიებს ინვესტორებზე, პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე. კერძოდ, ინვესტიციების დაფინანსება და ოპერაციული ხარჯები, აგრეთვე სამუშაოების გრაფიკის თანახმად შესრულება, შეიძლება შეფერხდეს დახურვის, ჩაკეტილი საზღვრების, ეკონომიკის შენელებული გახსნის და კრიზისის შემდგომი ნელი აღდგენის გამო.
შეფერხებული და შეჩერებული ინვესტიციების ეკონომიკური შედეგები ენერგეტიკის სექტორში ნაკლებად სავარაუდოა, რომ უმნიშვნელო იყოს და, როგორც ჩანს, ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. ამრიგად, ეს ყოველივე მიგვითითებს, რომ გამომუშავების სექტორში კონკურენცია შემცირდება (პოტენციური უარყოფითი ზეგავლენა ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტურობაზე მომავალში); გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდება (უარყოფითად აისახება საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე); და დაიკარგება (პოზიტიური) გვერდითი სარგებელი, როგორიცაა დასაქმების გაზრდის შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურული განვითარება, გაუმჯობესებული ტექნოლოგია, საწარმოო სპეციფიკის (Know how) გაზიარება და ა.შ. მეტიც, თუ ეს სცენარი ამოქმედდება, ძნელი სათქმელია, როდის აღდგება ინვესტორების ნდობა საქართელოს საინვესტიციო გარემოსადმი.
ზემოაღნიშნული ცვლადების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორი COVID-19-ის კრიზისისგან უვნებელი ვერ გამოვა. პანდემია უკვე ახდენს გავლენა ბაზრის ორივე მხარეზე და, სავარაუდოდ, ეს გამოიწვევს საინვესტიციო კლიმატის გაუარესებას. მოსალოდნელია, რომ ამგვარ პრობლემებს გრძელვადიანი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები ექნება, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლის ამ ეტაპზე წინასწარმეტყველბა რთულია. იმედია, სამთავრობო სტიმულირების შედეგად, ეკონომიკის აღდგენა დაჩქარდება, რასაც, შესაბამისად, დადებითი შედეგები მოჰყვება ენერგეტიკის ბაზარზე. ამასთან, მიზანშეწონილია, მთავრობამ, მას შემდეგ, რაც ყველაზე აქტუალური სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს გასცემს პასუხს, შეაფასოს ელექტროენერგიის ბაზრის ევოლუცია და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მიზნობრივი ჩარევები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ხელისშემშლელი ფაქტორები და დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სექტორის აღდგენა.
1 ენერგო-პრო ჯორჯიამ კახეთის ენერგოდისტრიბუცია 2017 წლის სექტემბერში შეისყიდა.
2 აღნიშნული პირდაპირი მომხმარებლები გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლები იყვნენ 2019 წლის მარტში.
3 ოპერირებდნენ ბაზარზე როგორც 2019, ისე 2020 წლის მარტში.
4 GNERC 2018 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, 2012-2018 წწ. მთლიანი მოხმარების ყველაზე დიდი წილი გამანაწილებელ კომპანიებიებზე მოდიოდა.
5 თბოელექტროსადგურები იხდიან 143 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ათასი კუბური მეტრის გაზში.
6 ISET-PI-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მიახლოებითი შეფასებით, 2020 წლის ბოლოსთვის, სამთავრობო დავალიანების მთლიანი წილი მშპ-ის თანაფარდობაში 47%-ს მიაღწევს, შემდეგ ორ ვარაუდზე დაყრდნობით: 1) დავალიანება 2020 წლის დასასრულისთვის 1.5 მილიარდი აშშ დოლარით გაიზრდება ; 2) ნომინალური მშპ 2%-ით გაიზრდება (საიდანაც -4% არის IMF-ისა და მთავრობის მიერ პროგნოზირებული მშპ-ის რეალური ზრდა, ISET-ის პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი +6%-ს მიაღწევს).