შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო პლასტმასის ნარჩენებს?
ორშაბათი, 15 მარტი, 2021

თანამედროვე სამყაროში პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება ეკოლოგიური დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი გახდა. გაერთიანებული ერების (გაეროს) გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) პლასტმასით დაბინძურების პორტალიდან ვიგებთ, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 მლნ. ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება გლობალურად. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად წარმოებული პლასტმასის მხოლოდ 9% გადამუშავდა, 12% დაიწვა, დარჩენილი 79% კი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა. რეალობაა, რომ პლასტმასი ყველგან გვხვდება: საკვებში, რომელსაც ვჭამთ, წყალში, რომელსაც ვსვამთ. ის უარყოფითად მოქმედებს როგორც ბუნებაზე, ისე ადამიანთა კეთილდღეობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასის წარმოება და მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება, თან ასეთი ნარჩენები დიდხანს ძლებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. რამდენიმე ქვეყანა და რეგიონი უკვე ცდილობს ტენდენცია შეცვალოს ან შეანელოს მაინც. ასეთი ქვეყნები გამოსავალს გადამუშავების ტემპის დაჩქარებაში ხედავენ. საილუსტრაციოდ შეგვიძლია ევროკავშირის მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც გეგმავს, 2030 წლისთვის პლასტმასის ნარჩენების 55% გადაამუშავოს (ახლა ეს მაჩვენებელი 41%-ია).

გამოწვევა

პლასტმასის ნარჩენების მართვა საქართველოსთვისაც სერიოზული გამოწვევაა. კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად საშუალოდ დაახლოებით 29,000 ტონა პლასტმასის ნარჩენს წარმოქმნის, რაც საერთო ნარჩენების 14.9%-ია. პლასტმასის ნარჩენების დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე მიდის და, თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, შეიძლება ასობით ან ათასობით წელი არ დეგრადირდეს, რაც კიდევ უფრო დააბინძურებს გარემოს. კარგია, რომ საქართველოს მთავრობაში უკვე არსებობს მზაობა, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავრობის მიზანია, რომ 2025 წლისთვის ქვეყანაში წარმოებული ნარჩენების 50% (ევროკავშირის მსგავსად), 2030 წლისთვის კი 80% გადამუშავდეს. თუმცა, ბუნდოვანია, როგორ შეიძლება ასეთი უკიდურესად ამბიციური გეგმის შესრულება, როდესაც ქართული ნარჩენების გადამუშავების ინდუსტრია ჯერ კიდევ განუვითარებელია.

შესაძლებლობა

ამ გეგმის რეალობად ქცევას შეიძლება პლასტმასის ნარჩენების ღირებულებამ შეუწყოს ხელი. პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება არა მხოლოდ ათავისუფლებს ადგილს ნაგავსაყრელზე (და ამგვარად გვეხმარება უფრო ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებასა და მიწის სხვა დანიშნულებით გამოყენებაში), არამედ საშუალებას გვაძლევს, ღირებული დამატებითი პროდუქტები (პლასტმასი, გაზი, სინთეტური ზეთი) ვაწარმოოთ, თან დავზოგოთ ენერგია და არაგანახლებადი რესურსები (ნავთობი და სხვა წიაღისეული საწვავი). მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის გამოთვლებით, ერთი ტონა პლასტმასის ნარჩენის გადამუშავებით იზოგება 5,774 კვტსთ ენერგია, 16.3 ბარელი ნავთობი, ენერგიის 98 მლნ. BTU (ბრიტანული სითბური ერთეული) და 30 კვადრატული იარდი ფართობის ტერიტორია ნაგავსაყრელზე. მეტიც, ამ პროცესში პლასტმასის გადამუშავებამ შეიძლება შექმნას სამუშაო ადგილები და საინვესტიციო შესაძლებლობები. კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალის მონაცემებით, 2011 – 2015 წწ-ში საქართველოს პლასტმასის ნარჩენების ბაზრის პოტენციალი შეფასებულ იქნა 534 მლნ ლარად.

დღესდღეობით საქართველოში პლასტმასის გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს, თუმცა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს არაერთი უცხოური კომპანია განიხილავს. მაგალითად, 2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ხობში აპირებენ პლასტმასის გადამამუშავებელი მექანიკური ქარხნის გადმოტანას (ამ ინვესტორებმა 2020 წლის 20 იანვარს დაარეგისტრირეს შპს გლობალ რესაიკლინგი).

თუ ეს საწარმოები მოახერხებენ ადგილობრივად წარმოებული ნარჩენებით სრული დატვირთვით იმუშაონ, ერთი მხრივ, ნაგავსაყრელებზე დაყრილი პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა, ხოლო მეორე მხრივ, პლასტმასის იმპორტი შემცირდება. შესაბამისად, ეს საწარმოები ეკონომიკურ დოვლათს შექმნიან, ქვეყანაში კი ეკოლოგიური ზიანი შემცირდება.

ნამდვილად საკუთარი პლასტმასის ნარჩენებს ვიყენებთ?

ამ ეტაპზე არა. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ აღნიშნავს, რომ ბევრი ადგილობრივი გადამამუშავებელი საწარმო თავადაა იმპორტზე დამოკიდებული, რასაც, მეტწილად, ადგილობრივად გრანულირებული პლასტმასის მასალის სიმწირე და ცუდი ხარისხი განაპირობებს. ეს, თავის მხრივ, იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყანაში ნაკლებად გროვდება დახარისხებული ნარჩენები და სორტირების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიებიც ნაკლებად გამოიყენება. ჩინური გადამამუშავებელი ქარხანაც კი, საინვესტიციო პროექტს თუ დავეყრდნობით, არ გეგმავს მხოლოდ ქართული ნარჩენების გამოყენებას.

ვინაიდან ადგილობრივად „წარმოებულ“ – გადასამუშავებლად ვარგის – პლასტმასის ნარჩენებზე კონკურენცია იზრდება, საქართველოში მოქმედ სულ უფრო მეტ საწარმოს (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო) მოუწევს, იმავე სტრატეგიას მიმართოს. საბოლოოდ, გადამამუშავებელი საწარმოების მოგება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ოპტიმალურ დონეზე სრული მოცულობით ოპერირებას. აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები: როგორი იქნება იმპორტირებული მასალის ხარისხი; რა ზემოქმედება ექნება ამ ბიზნეს-მოდელს ქვეყანაში პლასტმასის ნარჩენების მართვასა და მის ეკოლოგიურ გავლენაზე.

მნიშვნელოვანია, დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა: საწარმოები მხოლოდ დახარისხებულ და მზა მასალას შემოიტანენ თუ შერეულ ნარჩენებსაც, რომლის ნაწილიც შეიძლება მექანიკურად გადამუშავდეს, ნაწილი კი გადაიყაროს. ეს ნამდვილად არ არის მარტივი საკითხი. საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, თუ მთელი იმპორტირებული პლასტმასი ადგილობრივი ნაგავსაყრელებიდან ამოღებულ ნარჩენებთან ერთად გადამუშავდება, საწარმოების წვლილი ქართულ ნაგავსაყრელებზე დაგროვილი პლასტმასის შემცირებაში უმნიშვნელო იქნება. ცუდი სცენარის შემთხვევაში კი, ქართულ ნაგავსაყრელებზე პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

სამწუხაროდ, მექანიკური გადამუშავებით – ტექნოლოგია, რომელიც ამჟამად საქართველოში გამოიყენება და რომლის გამოყენებასაც ჩინური საწარმოც აპირებს – შეუძლებელია ყველა ფორმის პლასტმასის ნარჩენის გადამუშავება. ეს ტექნოლოგია ეფექტურია პოლიეთილენის (PET), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისა (HDPE) და პოლიპროპილენის (PP) გადასამუშავებლად, თუმცა არ გამოიყენება რიგი პროდუქტების გადამუშავებაში (ასეთებია პლასტმასის ფირები და მრავალშრიანი ან ლამინირებული პლასტმასი). შედეგად, ალტერნატიული მეთოდების არარსებობის გამო ასეთი მასალები ან ნაგავსაყრელზე ხვდება ან იწვება.

არის თუ არა ქიმიური გადამუშავება გამოსავალი?

წლების განმავლობაში პლასტმასის გადამამუშავებელი ბიზნესები, პოლიტიკის შემმუშავებლები და ქიმიური საწარმოებიც კი გამოსავალს ქიმიურ გადამუშავებაში ხედავდნენ. ქიმიური გადამუშავების ტექნოლოგიას თეორიულად შეუძლია შერეული და დაბინძურებული პლასტმასის გადამუშავება და ითვლება, რომ მექანიკური გადამუშავების იდეალური დამატება და ნაგავსაყრელებისა და დაწვის პოტენციური ალტერნატივაა. ჯეროვნად განვითარების შემთხვევაში, ქიმიურმა გადამუშავებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს პლასტმასის გადამუშავება და შეიძლება ნარჩენების ღირებულ რესურსად გარდაქმნაშიც კი დაგვეხმაროს, რადგან ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, პლასტმასის მოლეკულებად დაშლით მივიღოთ გრანულირებული პლასტმასი, სინთეტური ზეთი და გაზი.

მართალია, არსებობს იმედი, რომ ქიმიური გადამუშავება მნიშვნელოვნად შეამცირებს პლასტმასის ნარჩენებს და ეკონომიკურ დოვლათსაც შექმნის, თუმცა ეს ტექნოლოგია ბოლომდე დანერგილი არ არის. რამდენიმე საერთაშორისო წყარო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ქიმიური გადამუშავების ტექნოლოგიები ჯერ კიდევ სარისკოა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომ ხელს უწყობს სათბური გაზების გამოყოფას და საკმაოდ დიდი ენერგიას მოითხოვს. GAIA-ის (ნაგავსაწვავთა ალტერნატივების გლობალური ალიანსი) ექსპერტების შეფასებით, სულ მცირე მომდევნო 10 წელი არ უნდა ველოდოთ, რომ ქიმიური გადამუშავების ტექნოლოგია იმდენად განვითარდება, რომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის ნაწილი გახდეს.

შემდგომი ნაბიჯები?

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლასტმასის გადამუშავება პლასტმასის ნარჩენებისა და ეკოლოგიური დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი იქნება, თუმცა ხსნა ნამდვილად არ არის. მოსალოდნელია, რომ სულ მცირე, მომდევნო 10 წელი წარმოებული და მოხმარებული პლასტმასის დიდი ნაწილი მაინც ნაგავსაყრელებზე აღმოჩნდება.

მანამდე რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში, რომ პლასტმასის ნარჩენების დაგროვება შემცირდეს და ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესი შენელდეს?

პირველი: დავუბრუნდეთ საწყისს. გადამუშავება მწვანე ცხოვრების მხოლოდ ერთი კომპონენტია ოთხიდან: შეამცირე, ხელახლა გამოიყენე, გადაამუშავე, გადაამისამართე. საჯარო და კერძო მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გადამუშავება ვერ ჩაანაცვლებს დანარჩენ სამ კომპონენტს. ფიზიკური პირებმა და კომპანიებმა უნდა სცადონ, (1) პლასტმასი სხვა მასალით ჩაანაცვლონ და ამგვარად შეამცირონ მისი მოხმარება და გადაყრა, (2) როცა კი შესაძლებელია, ერთჯერადის ნაცვლად მრავალჯერადი მოხმარების პროდუქტები გამოიყენონ. პლასტმასის პროდუქტების ხელახლა გამოყენება და დანიშნულების შეცვლა დაგვეხმარება ბუნებაში დაყრილი პლასტმასის რაოდენობის შემცირებაში. მთავრობამ, თავის მხრივ, უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი – ცნობიერების ამაღლების კამპანიები თუ პროცედურული პასუხისმგებლობების შემოღება, სტანდარტებისა და ჭკვიანი გადასახადებისა თუ სუბსიდიების დაწესება – რათა კეთილსინდისიერი ქცევა წაახალისოს, მავნე ჩვევების სტიმული კი გააქროს.

მეორე: კარგის გაკეთების სურვილით ცუდი არ უნდა გავაკეთოთ. ცხადია, იდეალური იქნება, თუ მოვახერხებთ და პლასტმასის გადამუშავების სექტორში ინვესტიციების წახალისების პარალელურად გარემოს გასუფთავებასაც შევძლებთ. თუმცა, როგორც ვნახეთ, ეს იმედი უფროა, ვიდრე რეალობა, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს მცირე, განვითარებად ქვეყანაში. ამ მიმართულებით სწრაფად წინსვლა შეიძლება უკან ცუდად მოგვიბრუნდეს: არათუ მოსალოდნელი სარგებელი ვერ მივიღოთ, არამედ გარემოს სერიოზული და გრძელვადიანი ზიანიც მივაყენოთ. მთავრობა ვალდებულია, აქტიურად შეამოწმოს პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოები და მომავალი ინვესტორები და დარწმუნდეს, რომ მათი საქმიანობა მომგებიანია როგორც კომპანებისთვის, ისე – დანარჩენი ქვეყნისთვის.

მესამე: უნდა განვითარდეს კარგად ორგანიზებული ნარჩენების მართვის სისტემა, რომელსაც გათვითცნობიერებული კერძო მოქალაქეები და კომპანიები დაუჭერენ მხარს. შინამეურნეობებისა და კომპანიების დონეზე ნარჩენების ჯეროვნად დახარისხებით, რეციკლირების ურნების ფართო გავრცელებით, დახარისხებული ნარჩენების შეგროვების გამართულად მომუშავე სისტემითა და აქტიური ნარჩენების გადამუშავების ბაზრით მთავრობის ამბიციური მიზანი შეიძლება მიღწევადი იყოს და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს დაცვაში.

დასკვნის სახით, ქართულ ნაგავსაყრელებსა და გარემოში დაგროვილი პლასტმასის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება მაინც მოვიგოთ და პოტენციურად ქვეყნის განვითარებასაც შევუწყოთ ხელი. თუმცა ეს უცებ არ მოხდება და ყველა ჩვენგანს მოუწევს თავისი წილი სამუშაოს შესრულება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა