შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ხალხმრავალი ოჯახური თავყრილობები: მფლანგველობის ტრადიცია თუ დაზღვევის სახეობა?
კვირა, 13 დეკემბერი, 2015

ქართული ხუმრობის მიხედვით, ნათესავები ის ხალხია, რომელთაც მაშინ ხედავ, როდესაც მათი რიცხვი იცვლება. მართლაც, ნათესავების შეკრების მიზეზი ძირითადად რომელიმე მათგანის ქორწინება, დაბადება ან გარდაცვალებაა. ამიტომაც ხშირად ვაწყდებით ქართველების ოჯახებში „რაოდენობრივი ცვლილებების” აღსანიშნავად გამართულ საზეიმო თუ სამგლოვიარო შეკრებებს. ერთი შეხედვით გასაოცარიც კია თანამედროვე ტენდენცია, რომ უფრო მდიდარი და განათლებული ადამიანების მიერ ორგანიზებულ შეკრებები თანდათან ნაკლებად ხალხმრავალი ხდება, სოფლის ღარიბი მოსახლეობა კი კვლავაც განაგრძობს ვეებერთელა ქართული სუფრების გაშლას.

დემონსტრაციული მოხმარების (Conspicuous Consumption) ფორმა?

ეკონომიკური ზრდის შესახებ ლექციათა კურსში პროფესორმა ომერ მოავმა (University of Warwick) ინდური ქორწილები დემონსტრაციული მოხმარების სახეობას მიაკუთვნა, რამაც დამაფიქრა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა  ქართული ტრადიციული ხალხმრავალი შეკრებების იმავე კატეგორიაში მოქცევა. მოავი დემონსტრაციულ მოხმარებას განმარტავდა როგორც ისეთი საქონლის მომხმარებას, რომელიც პირის ეკონომიკურ სიძლიერეს უსვამს ხაზს, ყოველგვარი რეალური ეკონომიკური სარგებლის მოტანის გარეშე. მეტიც, თეორიული ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, პროფესორი ამტკიცებდა, რომ დემონსტრაციული მოხმარება უფრო მეტად ღარიბებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთაც არ სურთ თავიანთი მდგომარეობის (სიღარიბის) გამოაშკარავება.

ერთი შეხედვით, გრანდიოზული ქართული სუფრები თითქოსდა მართლაც შეესაბამება ამ დეფინიციას: ღარიბს, რომელიც მასიურ შეკრებებს აწყობს, შეეძლო თავისი მწირი რესურსები უფრო მომგებიანად დაებანდებინა (მაგალითად, თავის ჯანმრთელობაში ან შვილების განათლებაში). ასობით სტუმრის გამასპინძლებაც თავის წარმოჩენის სურვილად შეიძლება ჩაითვალოს. ამას ემატება ისიც, რომ ეს ტრადიცია სულ უფრო კარგავს პოპულარობას შედარებით მდიდარ და განათლებულ ქართველებს შორის, რაც კიდევ უფრო ამსგავსებს მას დემონსტრაციულ მოხმარებას.

თუ რაიმე სხვა?

უამრავი მსგავსების მიუხედავად, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც არსებითად განასხვავებს ქართულ მასობრივ შეკრებებს ტიპიური დემონსტრაციული მოხმარებისაგან; კერძოდ, ყოველი სტუმარი: ნათესავია, მეზობელი თუ ნაცნობი, ტრადიციულად ვალდებულია გაიღოს ფულადი შენატანი (ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი თანხაც კი) მასპინძლის სასარგებლოდ. ეს მახასიათებელი ამ ღონისძიებებს დაზღვევის სქემას უფრო ამსგავსებს, ვიდრე დემონსტრაციულ მოხმარებას.

დაკრძალვისა თუ ქორწილისას ქართული ოჯახი ჩვეულებრივ დეტალურად აღრიცხავს თითოეული სტუმრის მიერ გაღებულ თანხას, რათა შემდგომ სათანადოდ შეძლოს მისი უკან დაბრუნება. აღებული გრძელვადიანი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ეს პროცედურები ქართული ტრადიციების ნაწილად გადაიქცა. აღნიშნული გადასახადი თუ საჩუქარი შეიძლება იქნეს აღქმული როგორც ერთგვარი საწევრო იმ კლუბისა, რომელიც ნათესაურ თუ სოციალურ კავშირებს აერთიანებს.

თუმცაღა, ჩემი აზრით, ამგვარი ქცევის ჩამოყალიბება დაზღვევის მოტივით უფრო იყო განპირობებული. შენ ეხმარები სხვებს, როცა მათ სჭირდებათ იმ იმედით, რომ მიიღებ მხარდაჭერას მაშინ, როცა ეს თვითონ დაგჭირდება. ამგვარი შემოწირულობების შეგროვება დაკრძალვებისას არსებობს სხვა განვითარებად ქვეყნებშიც, მაგალითად განაში, ეთიოპიაში, ტანზანიაში და სხვა.

რატომ დაზღვევა?

განმარტების მიხედვით, დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან არიდება. რისკიანი მოვლენების არსებობისას ადამიანები ესწრაფიან უსაფრთხოებას, და გარდაცვალებაც სწორედ ერთ-ერთი ამგვარი მოვლენაა (გარდაცვალების ზუსტი დროის წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია). პირველად ძველმა რომაელებმა გამოიყენეს დაზღვევა დაკრძალვის ხარჯების დასაფარად. დღესდღეობითაც, ადამიანებს, რომელთაც არ სურთ თავიანთი შთამომავლების დაკრძალვის ხარჯებით დატვირთვა, შეუძლიათ სიცოცხლის დაზღვევით სარგებლობა. თუმცა ამ პირობებშიც საზოგადოებრივი  დაზღვევა დაკრძალვის შემოწირულობების ტრადიციის ფორმით შესაძლოა ხელსაყრელი ალტერნატივა აღმოჩნდეს.

არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ნაკლებად სარგებლობენ ფორმალური სიცოცხლის დაზღვევით. ამ კატეგორიას  მიეკუთვნებიან ღარიბები, რომელთათვისაც ეს პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი; ადამიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან ძლიერ ოჯახურ გაერთიანებებს; ადამიანები, რომლებიც არ ენდობიან ფინანსურ ინსტიტუტებს და ურჩევნიათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ სადაზღვევო სქემაში იმ პირებთან ერთად, რომელთაც ისინი ენდობიან (ნათესავები, მეზობლები და ა.შ.); ან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ცრურწმენები სიკვდილთან დაკავშირებით და ამიტომ არ სურთ რაიმე წინასწარი ზომების მიღება.

დაკრძალვის მსგავსად, ოჯახს ფინანსური დაბრკოლების წინაშე ქორწინებაც აყენებს და ეს უკანასკნელიც ხშირად ძნელია დაიგეგმოს საკმაოდ ადრე. ვიდრე ფინანსურ ინსტიტუტებს ჯერ-ჯერობით არ დაუწყიათ ქორწინებების დაზღვევა (საქართველოში მაინც), ხელმოკლე ოჯახებს აქვთ სამი არჩევანი: დიდი ქორწილი საზოგადოების მხარდაჭერით; მოკრძალებული და ხელმისაწვდომი საქორწილო სუფრა; ან საერთოდაც უარის თქმა ამ დღესასწაულის აღნიშვნაზე.

ეკონომიკური ლოგიკის მიხედვით, ღარიბი მეტად სავარაუდოა, რომ ქორწილებისა და დაკრძალვების დასაფინანსებლად არჩევანს საზოგადოებრივ სადაზღვევო სქემაზე შეაჩერებს და შესაბამისად, გამართავს მასობრივ სოციალურ თავყრილობას; ხოლო მეტად განათლებული ან უფრო მაღალშემოსავლიანი პირი კი დიდი ალბათობით არჩევანს საბაზრო დაზღვევაზე (ან დანაზოგებზე) შეაჩერებს.

დაკრძალვის შემოწირულობებიდან სიცოცხლის დაზღვევამდე

აქართველოში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ უნდა დარჩეს თუ არა ე.წ. „ქელეხის“ ანუ დაკრძალვაზე სტუმართა დაპურების ტრადიცია. უფროსი თაობების შეხედულებისამებრ, ეს ტრადიცია მიცვალებულისთვის პატივის მისაგებადაა განკუთვნილი; ახალგაზრდა თაობისათვის კი აღნიშნული ჭამა–სმა ჭირისუფალთა გრძნობების პირდაპირი შეურაცხყოფაა. ასობით ადამიანის თანაგრძნობა სულაც არ უნდა იყოს აუცილებელი საყვარელი ადამიანის გლოვისთვის. თუ დროებით განზე გადავდებთ ქელეხის მორალურ მხარეს, დაკრძალვები ბევრად უფრო იაფი გახდებოდა ამ ტრადიციის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო მოკრძალებული ქელეხი მცირე რაოდენობის სტუმრებით გარდაცვლილის ნათესავების ხარჯებსაც შეამცირებდა.

თუმცა ქელეხის ტრადიცია სავარაუდოდ გაგრძელდება უფრო დიდ და მჭიდრო, ღარიბულ დასახლებებში, სადაც იგი უფრო მნიშვნელოვანი დაზღვევის როლს თამაშობს და შესაწირის გაღებაზე უარის თქმა უფრო ძვირი დაუჯდება პირს ვიდრე მისი გაღება. უფრო მდიდარ და მაღალგანვითარებულ ქალაქური ტიპის დასახლებებში კი მოსალოდნელია, რომ ოჯახები ხელს აიღებენ ამგვარი შესაწირების არსებობაზე და თვითონ დაფარავენ ყოველგვარ შემთხვევით ხარჯს ან სადაზღვევო კომპანიებს მიმართავენ მათ ასანაზღაურებლად.

დროთა განმავლობაში მოსალოდნელია, რომ რაც უფრო გამდიდრდებიან ქართველები, მით უფრო გადაერთვებიან არაფორმალური საზოგადოებრივი დაზღვევიდან სიცოცხლის ფორმალურ დაზღვევაზე, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები სთავაზობენ. ამგვარი ტენდენცია არსებობდა ყველგან მსოფლიოში, და თუ დავაკვირდებით სიცოცხლის დაზღვევის წილის დინამიკას საერთო დაზღვევასთან მიმართებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი  საქართველოშიც დაწყებულია.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა