შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

სოციალური დაგეგმარებაზე, სიმფონიებსა და კაკაფონებზე
პარასკევი, 22 მარტი, 2013

ქართული ეკონომიკის ობიექტური შეფასება საიმედო სურათს არ იძლევა. ქვეყნის მშპ, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში პოლონეთისას უტოლდებოდა, ომების, ბაზრების დაკარგვის, კორუფციის აყვავების, კრიმინოგენური ვითარების გაუარესებისა და ხელისუფლებათა არაკომპეტენტურობის ფონზე კატასტროფული სისწრაფით დაეცა. საქართველოს 17 წელი დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ 2007 წლისთვის საბოლოოდ აღედგინა საბჭოთა კავშირის დროინდელი მდგომარეობა. შედარებისთვის, პოლონეთმა ამ 17 წელიწადში საკუთარი მშპ თითქმის 700%-ით გაზარდა, რაც მისი მეზობელი გერმანიის მშპ-ს 25%-ზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტრაგედია დიდწილად საკუთარი შეცდომებითაა გამოწვეული, ბოლო წლებში შეიმჩნევა, რომ ქართველებს - გარდა სიკეთის, სტუმართმოყვარეობისა და სხვა მრავალი სასიამოვნო თვისებების ფლობისა - თავისივე შექმნილი პრობლემებისთვის გადაწყვეტების მოძებნაც შეუძლიათ. ბოლო 10 წლის მონაცემები საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება: ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2003 წლიდან თითქმის გაოთხმაგდა. ამ ზრდაში ლომის წვლილი სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებულ კორუფციისა და არაკომპეტენტურობის ავგიას თავლების წმენდას მიუძღვის. მიუხედავად ამისა, ამ ტიპის შიდა რეფორმებით მიღწევადი ეკონომიკური ზრდის დონე შენარჩუნებადი არაა. ამჟამად საქართველო თანამედროვე და ეფექტური სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკონომიკა ასეთივე ეპითეტებით ნამდვილად ვერ დახასიათდება. თუკი საქართველოს მიზანია, უკეთ ინტეგრირდეს მსოფლიო ეკონომიკაში და ღირებული პროდუქცია შესთავაზოს სხვა ქვეყნებს, მან უნდა იპოვოს „გრძელვადიანი ბიზნეს-მოდელი“, რომელიც ეკონომიკის გრძელვადიან ზრდას უზრუნველყოფს.

სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველა ნიშა უკვე დაკავებულია ადგილის პოვნა ძალიან ძნელია. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ, თუ რა უნიკალური უპირატესობანი გააჩნია საქართველოს და თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება.

კეთილმოსურნე სოციალური მგეგმავი ორკესტრის დირექტორის როლში

არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის დეფიციტი აქვს, მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა არაა. მხოლოდ ეს რომ იყოს, საქართველოში ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული ამონაგები დიდი იქნებოდა და, შესაბამისად, ინტენსიურად მოხდებოდა კაპიტალდაბანდება უცხოეთიდან და უცხოური ფულით დაფინანსებული ტრენინგებიც ხშირად ჩატარდებოდა. ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ხდება ასე არც საქართველოში და არც სხვა განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში, „კოორდინაციის არქონაა“ (კაკაფონია).

ამ იდეის კარგად გასაგებად საჭიროა გავიგოთ, რომ ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ქმედებები ერთმანეთს აძლიერებენ. ამაზე ეკონომისტები ამბობენ, რომ ქმედებებს „დადებითი გარეგანი ეფექტები“ აქვთ. ამის კლასიკურ მაგალითად შეიძლება სილიკონის ველი განვიხილოთ: ეს გეოგრაფიული არეალი ძალიან მიმზიდველია პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების წარმოებაში მომუშავე ახალი კომპანიებისთვის, რადგანაც იქ უკვე უამრავი იმავე პროფილის კომპანიაა ბაზირებული.

სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი გჭირდებათ? კომპანია გნებავთ დაიქირაოთ ელექტრონული კომერციის დასანერგად? საიმედო და მცოდნე პარტნიორ კომპანიას არჩევთ ერთობლივ პროექტებზე სამუშაოდ? - სილიკონის ველზე ყველაფერი მოიძებნება.

მას შემდეგ, რაც სილიკონის ველი საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმატებული ჰაბი გახდა, ბევრმა ქვეყანამ სცადა მსგავსი სიმფონიის გამეორება. ზოგიერთმა - მაგალითად, ისრაელმა - ეს წარმატებით მოახერხა, ზოგიერთს კი მხოლოდ ცარიელი ინდუსტრიული პარკები და უქმად დახარჯული სუბსიდიები შერჩა. ამისდა მიუხედავად, ცხადია, რომ სამთავრობო პოლიტიკას კერძო ინვესტიციის გასაღვივებლად დიდი როლის თამაში შეუძლია, რადგანაც უყურადღებოდ მიტოვებულ კერძო მეწარმეებს კოორდინაციის პრობლემები ექმნებათ. თუკი ჩემი ბიზნესი მხოლოდ შენი ბიზნესის ტანდემში ყვავის და პირიქით, ერთ-ერთმა ჩვენგანმა პირველმა უნდა წამოიწყოს თავისი ბიზნესი, რათა მეორეს საქმიანობა მომგებიანი გახდეს. თუკი მთავრობა კოორდინაციას თავის თავზე აიღებს - მაგალითად, მიმართული სუბსიდიების სახით - შეიძლება ორივე ბიზნესი ერთდროულად იქნას წამოწყებული და კოორდინაციის პრობლემაც გადაიჭრება.

მოსალოდნელი არაა, რომ საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს, რადგანაც მისი წარსული ამ მხრივ მხოლოდ კომპიუტერების ამწყობი ინდუსტრიის დაფუძნების წარუმატებელ მცდელობას მოიცავს. თუკი საქართველოს ჰაბის სტრატეგიის გამოყენება უნდა, მან ეს თავის განსაკუთრებულ უპირატესობებზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს. ასეთი უპირატესობის მაგალითი მისი მდებარეობაა: ზუსტად სამხრეთ კავკასიის ცენტრში.

საქართველო, როგორც კავკასიის სატრანსპორტო კორიდორის ლოგისტიკური ჰაბი

საქართველოს ნამდვილად შეუძლია თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება ინტეგრირებული კავკასიის სატრანსპორტო კორიდორის შესაქმნელად. ეს კვანძი გააერთიანებდა აეროპორტებს, საგზაო ტრანსპორტს, სარკინიგზო ხაზებს და საზღვაო გადაზიდვებს ფოთის პორტის მეშვეობით. თუ საქართველო მოახერხებს კერძო ინვესტიციების კოორდინირებას ამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში, მას შეეძლება იაფი, უსაფრთხო და სწრაფი შუალედური გადაზიდვების სერვისის შეთავაზება ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის. ასეთნაიად კომბინირებული ლოგისტიკური სერვისები ბუნებრივად ასარგებლებდნენ ერთმანეთს. ერთი შესაძლო სცენარით, საქონელი შემოვიდოდა ფოთში, რკინიგზით გაიგზავნებოდა აზერბაიჯანში და შემდეგ კასპიის ზღვის გავლით - ცენტრალურ აზიაში. სხვა სცენარის მიხედვით, საქონელი გადაიტვირთებოდა სატვირთო მანქანებში და გაიგზავნებოდა სომხეთში, ან საქართველოს სამხედრო გზის გავლით რუსეთში. საგზაო ტრანსპორტი ასარგებლებდა სარკინიგზოს და პირიქით, ხოლო ორივე ასარგებლებდა და მოგებას მიიღებდა საზღვაო ტრანსპორტისგან.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ მცირე ბიუჯეტის მქონე სოციალურმა დამგეგმავმა საჯარო ინვესტიციისთვის რომელიმე კონკრეტული ინდუსტრია კი არ არჩიოს, არამედ საქონლის ტრანსპორტირებისა და სავაჭრო ოპერაციების ღირებულების შემცირებას ეცადოს. სავაჭრო დანახარჯების შემცირება დამცავი და სარეგულაციო ბარიერების მოხსნის გარდა, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებასაც გულისხმობს. სწორედ ამისთვისაა საჭირო საჯარო კაპიტალდაბანდება. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე ახორციელებს მრავალ პროექტს ამ მიმართულებით. ფოთის მისადგომებთან თავთხელი წყლების გაღრმავება დიდი მოცულობის სატვირთო გემების მიღებას გახდის შესაძლებელს; ბაქო-თბილისი-ყარსის უკვე თითქმის დასრულებული რკინიგზა საშუალებას მისცემს კომპანიებს, ტვირთები თურქეთიდან აზერბაიჯანში - ანუ ევროპიდან აზიაში - გადაზიდონ; გზების აღდგენა საგზაო გადაზიდვების ინტენსივობის გაზრდას ხდის შესაძლებელს. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია საქართველოს სამხედრო გზის აღდგენაც, რადგანაც რუსეთთან ერთადერთი ღია საგზაო საზღვარი ყაზბეგში სწორედ მასზე ძევს. ამ გზით რუსეთს შეეძლება მის მეგობარ სომხეთს დაუკავშირდეს. საგზაო პროექტების დაფინანსება გზის გამოყენების გადასახადის დაწესებით შეიძლება, სარკინიგზო გადაზიდვები კი საქართველოს რკინიგზის სარემონტო სამუშაოებს დააფინანსებს და მფლობელებს მოგებასაც მოუტანს.

უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო ინვესტიცია ერთადერთი ინსტრუმენტი არაა საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის სარეალიზაციოდ. უფრო მეტიც, შეზღუდული საბიუჯეტო შესაძლებლობების ფონზე სამთავრობო ინვესტირების რაუნდის შემდეგ, შესაძლებელია კერძო ინვესტორების მოზიდვასა და უცხოური ინვესტიციებზე ფიქრიც (მაგალითად, კონცესიების მეშვეობით).

ვაჭრობა, დამოუკიდებლად ინფრასტრუქტურის ტიპისა, მარტივი და იაფი უნდა იყოს. სიტუაციას საქართველოსთვის ამ მხრივაც კარგი პირი უჩანს. უკვე არსებობს მომგებიანი სავაჭრო შეთანხმებები მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების უმრავლესობასთან, მარტივი საბაჟო და სასაზღვრო პროცედურები, მცირე ბიუროკრატიული ბარიერები და ჯანსაღი, არაკორუფციული გარემო. თუმცა, საკვანძო პრობლემა ისაა, რომ საქართველო ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილი თუა კავკასიის სავაჭრო კორიდორისა. ამ კორიდორში ჯერ კიდევ მრავალი საცობია; მაგალითისთვის აზერბაიჯანსა და ყაზახეთში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოდგება. ამიტომ, არსებობს საჭიროება საერთაშორისო კოორდინაციის, დიპლომატიისა და მოკავშირული გაერთიანებების დაფუძნების. ბოლოს კი აღვნიშნოთ, რომ საქართველომ, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრმა, ეფექტურად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები თავისი მეზობლების - მაგალითად, თურქეთის - პროტექციონისტულ პოლიტიკასთან საბრძოლველად.

რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს სხვა სიმფონიების განხორციელების პოტენციალიც, თუმცა, ყოველ ასეთ წამოწყებას თავისი საქმის მცოდნე დირიჟორი დასჭირდება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა