შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

გენდერული სახელფასო სხვაობა
სამშაბათი, 09 აპრილი, 2013

ქალთა და კაცთა ხელფასებს შორის საგრძნობი განსხვავება მთელ მსოფლიოში შეინიშნება. Eurostat-ს ამ ფენომენის საზომად გენდერული სახელფასო სხვაობა (Gender Pay Gap - GPG) აქვს. ეს ინდიკატორი წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის საშუალო  საათობრივ ხელფასებს შორის სხვაობას შეფარდებულს მამაკაცის საშუალო საათობრივ ხელფასთან. მათივე მონაცემების მიხედვით, 2011 წელს ქალები მამაკაცებთან შედარებით 16.2%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ საათში. ეს სხვაობა იცვლება ქვეყნების მიხედვით: ყველაზე ნაკლები სლოვენიაშია დაფიქსირებული (2.3%), ყველაზე მეტი კი - ესტონეთში (27.3%). მსოფლიო ბანკის რეპორტი „Development Report on Gender Equality“ სამოცდაოთხი განვითარებადი და განვითარებული ქვეყნის შესახებ წარმოადგენს მონაცემებს და ასკვნის, რომ ქალის ხელფასი საშუალოდ 8-დან 48 პროცენტამდე ნაკლებია მამაკაცის ხელფასზე. ეს სხვაობა უფრო დიდია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.

საქართველოს შესახებ მისაწვდომი მონაცემები იმავე სურათს გვიჩვენებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის მონაცემებიდან ჩანს, რომ ყოველ კაცზე გაცემული 1 ლარი ნომინალური თვიური ხელფასის წილ ქალებზე 58 თეთრი გაიცემოდა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ქალები ჯამში ნაკლებს მუშაობენ, ვიდრე კაცები, ასეთი დიდი სხვაობა ხელფასებს შორის, საათობრივ ანაზღაურებებს შორის სხვაობასაც მიანიშნებს.

რატომ გამოიმუშავებენ ქალები ნაკლებს?

რატომ არსებობს გენდერული სახელფასო სხვაობა? პოპულარული მოსაზრების მიხედვით, ეს გენდერული დისკრიმინაციის გამო ხდება და პრობლემასთან ბრძოლა გენდერულ დისკრიმინაციასთან უფრო ინტენსიურად ბრძოლაზე დაიყვანება.

მეორე მხრივ, დაკვირვებული ანალიზი ამ მოსაზრების სიმყიფეზე მიუთითებს. დემოგრაფიული მახასიათებლების (ასაკი, საცხოვრებელი დასახლების ტიპი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, ბავშვები) და სამუშაო მახასიათებლების (დასაქმება, კვირაში ნამუშევარი საათების რაოდენობა, პროფილი, ეკონომიკური სექტორი, დასაქმების ტიპი) გათვალისწინების შემდეგაც კი სახელფასო სხვაობის დიდი ნაწილი აუხსნელი რჩება. ეს მიუთითებს, რომ სხვაობა გამოწვეული უნდა იყოს ისეთი მოვლენებით, რომელთაც ჯერჯერობით სათანადო ყურადღება არ ექცევათ. სხვა მიზეზთა შორის, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ე.წ. ცხოვრების სტილისადმი განსხვავებული მიდგომა - ინდივიდუალური უპირატესობა (Individual lifestyle preference).

უპირატესობის თეორია (preference theory) წარმოადგენს ბრიტანელი სოციოლოგის, კატერინ ჰაკიმის მიერ შექმნილ მულტიდისციპლინარულ - ძირითადად სოციოლოგიურ - თეორიას, რომელიც ეყრდნობა ჰიპოთეზას, რომ ქალთა მიერ ცხოვრების სტილისადმი განსხვავებული მიდგომა მათი დასაქმებულობის უკეთესი საზომია, ვიდრე განათლების დონე. ჰაკიმის აზრით, უპირატესობის თეორია დიდწილად ხსნის დასაქმების ბაზარზე სქესის მიხედვით არსებულ განსხვავებებს და მათ შორის, ხელფასთა შორის სხვაობასაც. მისი მიხედვით, ქალები ცხოვრების ხარისხსა და სამუშაოდან მიღებულ სიამოვნებას მაღალ ხელფასზე უფრო ღირებულად მიიჩნევენ. ამ მოსაზრების დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ ლონდონის უნივერსიტეტის ეკონომისტის, არნო შევალიეს მიერ 10 000 ადამიანზე ჩატარებული კვლევა. კვლევამ დაადგინა, რომ კაცები უმეტესად კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ მოგებას თვლიან მნიშვნელოვნად და საკუთარ თავს უმეტესად ამბიციურ პიროვნებებად წარმოადგენენ, ხოლო ქალები პირველ ადგილას აყენებენ სამუშაოდან მიღებულ კმაყოფილებას, თანამშრომლების კეთილგანწყობასა და მათი სამუშაოს სოციალურ მნიშვნელობას. კვლევაში მონაწილე ქალთა ორი მესამედი ელოდა, რომ გარკვეულ ეტაპზე მოუწევდა სამუშაოს დროებით შეწყვეტა ოჯახური მიზეზების გამო. შედარებისთვის, კაცთა მხოლოდ 12% იყო მზად იმავეს გასაკეთებლად, თუმცა 40% მოელოდა ამას თავიანთი პარტნიორებისგან.

ინდივიდუალური უპირატესობა საქართველოს შემთხვევაში

საქართველოში ინდივიდუალური უპირატესობის როლი დიდია იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვა გენდერული როლების შესახებ. საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი აღმოსავლურ-დასავლური ღირებულებების კოქტეილის გამო. ქალები იზრდებიან პატრიარქალურ საზოგადოებაში და ითვისებენ მსოფლმხედველობას, რომელიც მათ განუსაზღვრავს გარკვეულ ადგილს. ქართველ გოგონათა უმეტესობას ბავშვობიდანვე ესმის შემდეგი ფრაზები: „შენ არ შეიძლება იყო მარტო“, „შენ ძალიან სუსტი ხარ“, „შენ დაცვა გჭირდება“ და ა.შ. საქართველოში ქალის პირადი წარმატების საზომი არა წარმატებული კარიერა, არამედ ნიშნობის ბეჭედია; უფრო კონკრეტულად კი ის, თუ რამდენად ასრულებს იგი თავის მოვალეობას როგორც ქალი, დიასახლისი და დედა.

„კონკიას სინდრომი“

ზემოთ მოყვანილი სოციალური ფაქტორები ქართველ ქალში ე.წ. „კონკიას სინდრომის“ ჩამოყალიბებას იწვევენ. კონკიას სინდრომი ეხება ქალის შიშს, იყოს დამოუკიდებელი და მის ქვეცნობიერ სურვილს, იყოს ვინმეს (მამაკაცის) მფარველობის ქვეშ. ეს სინდრომი პირველად კოლეტ დოულინგმა აღწერა 1981 წელს გამოცემულ წიგნში „კონკიას კომპლექსი: ქალების ფარული შიში დამოუკიდებლობის მიმართ“. ეს - ძირითადად ფსიქოლოგიური - ფაქტორი, როგორც წესი, არ გამოიყენება ხოლმე გენდერული სახელფასო სხვაობის ანალიზისას; თუმცა, ჩვენი აზრით, მისი გამოყენება მიზანშეწონილია. ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, შესაძლოა ფარული ფსიქოლოგიური ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას ქალთა დასაქმების ბაზარზე შესვლის სურვილზე, სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარზე (განსაკუთრებით მაშინ, როცა მამაკაცებთან გაჯიბრება უწევთ) და მათთვის მისაღებ მინიმალური ხელფასის ზღვარზე. ეს ყველაფერი საბოლოოდ მაღალ სახელფასო სხვაობებში იჩენს თავს.

2012 წელს სოციალურ მეცნერებათა ცენტრმა სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით ჩაატარა გენდერული პრობლემების კვლევა. ამ კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში კონკიას სინდრომი არსებობს. გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოჯახში კაცი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას და ის უნდა იყოს ოჯახის მარჩენალიც. რესპოდენტთა 83%-ს მიაჩნია, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი, ხოლო 63% თვლის, რომ გადაწყვეტილებებსაც ის უნდა იღებდეს. საინტერესოა, რომ გამოკითხულ ქალთა 54% თვლის, რომ ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები კაცი უნდა იყოს. დამატებით, რესპოდენტთა 92% ფიქრობს, რომ ქალისთვის გათხოვებისათვის ყველაზე მისაღები ასაკი  18-25 წელია. ამ ასაკში ინდივიდები აგროვებენ ადამიანურ კაპიტალს და იმ უნარებს, რომელთაც მათი კარიერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეს დრო მოხმარდება ბავშვ(ებ)ის გაჩენასა და აღზრდას, ამ ქალებს მომავალში გაუჭირდებათ მაღალანაზღაურებადი პოზიციების დაკავება.

დასკვნა

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა არსებობს და საკმაოდ დიდიცაა. დისკრიმინაციამ შეიძლება ახსნას მისი ნაწილი, მაგრამ ერთადერთ ამხსნელად არ გამოდგება. სავარაუდოა, რომ მსოფლმხედველობრივი, კულტურული და ფსიქოლოგიური განსხვავებები, რომელიც საბოლოოდ ინდივიდუალურ გემოვნებას აყალიბებს, დიდ როლს თამაშობს ამ სხვაობის წარმოქმნაში. აქიდან გამომდინარე, დისკრიმინაციის განტევების ვაცად გამოყენების ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, საკითხისისთვის ოდნავ განსხვავებულად შეგვეხედა. იქნებ დღევანდელი მდგომარეობა ქალების არჩევანითაა გამოწვეული? იქნებ ინდივიდუალური და სოციალური უპირატესობა იწვევს იმ პროცესებს, რომელიც საბოლოოდ შრომით ბაზარზე არსებულ დაკვირვებად შედეგებს გვაძლევს? იქნებოდა კი გენდერული სახელფასო სხვაობა პრობლემა ასეთ შემთხვევაში? იქნებ გენდერული სახელფასო სხვაობა ქალების არჩევანია და უნდა მივცეთ საშუალება თავად გადაწყვიტონ, თუ რისი გაკეთება იქნება მათთვის საუკეთესო; თუნდაც ეს თეთრ რაშზე ამხედრებული უფლისწულის ლოდინი იყოს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა