შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ქართული მეღვინეობა: უახლესი წარსული და მომავალი
ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013

მოხარულები ვართ, ჩვენს ბლოგზე ვუმასპინძლოთ ბატონ ჯაკ ფლერის კომენტარს. ჟაკ ფლერი არის ადამიანი, რომელის სახელსაც უკავშირდება კომპანია „ბორჯომის“ აღორძინება და რომელიც ამჟამად ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისი სტატიის პირველ ნაწილში ბატონი ჟაკი იხსენებს, როგორ გაართვა თავი, ერთი მხრივ, რუსულ ემბარგოს, და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ძლიერ და არაკომპეტენტურ ჩარევას სექტორში. მისი კომენტარის მეორე ნაწილი კი, რომელიც მომდევნო კვირას გამოქვეყნდება, ეხება ღვინის ინდუსტრიის განვითარების ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და კერძო სექტორი მჭიდროდ თანამშრომლობენ, იცავავენ მცირე მეწარმეებს და ხელს უწყობენ ქართული ღვინისათვის ახალი ბაზრების მოძიებას. ავტორის აზრით, საქართველო, უნიკალური წარსულისა და ღვინის არსებული ჯიშების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე აღნიშვნას, თუმცა ეს შეუძლებელია სწორად გათვლილი ერთიანი მარკეტინგული კამპანიის გარეშე, რომლის განხორციელებაც არცერთ ქართულ კომპანიას, ცალკე აღებულს, არ ხელეწიფება.

ნაწილი პირველი. 2006-2012 - ბნელი წლები ინდუსტრიისათვის

2006-2008 წლები: საგარეო უბედურებათა კასკადი

ქართული ღვინის ინდუსტრია, რომელიც, როგორც წესი, გაყიდვების 80-90%-ით  იყო დამოკიდებული საექსპორტო ბაზრებზე, ბოლო 7 წლის მანძილზე გახდა ერთდროულად რამდენიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფის მსხვერპლი:

  1. 2006 წლის მარტის რუსეთის ემბარგო (ამ პერიოდისათვის რუსეთზე მოდიოდა ქართული ღვინის ექსპორტის 80%-ზე მეტი);
  2. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი;
  3. 2008 წელს უკრაინის 60%-იანი დევალვაცია (უკრაინაზე ამ დროს მოდიოდა ქართული ღვინის ექსპორტის ნახევარზე მეტი).

2009 წლიდან მოყოლებული სექტორის შედარებით მაღალი ზრდის ტემპის მიუხედავად,  ექსპორტის მოცულობა 2011 წელს რუსეთის ემბარგომდელი ღვინის ექსპორტის ნახევარზე ნაკლები იყო.

2009-2012: ახალი ადგილობრივი გართულებები

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარუმატებელი, კერძო სექტორისათვის ხელისშემშლელი პოლიტიკის შედეგად ქართული მეღვინეობა ბევრი დამატებითი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. ზემოაღანიშნული მოვლენების შემდეგ ინდუსტრიის მხარდაჭერის ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა აშკარად ეწინააღმდეგებოდა სექტორში კერძო ინვესტორების ინტერესებს.

აღნიშნული პოლიტიკა შემდეგი კომპონენტებისაგან შედგებოდა:

1. სახელმწიფოს ჩარევა სექტორში - ყურძნის ფასის კონტროლი

ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანი, რომლის წინაშეც საქართველოს მთავრობა რუსული ემბარგოს შემდეგ აღმოჩნდა, მევენახეების გადარჩენა იყო. გლეხები საკუთარი ყურძნის გაყიდვას ვერ ახერხებდნენ შემცირებული მოთხოვნის გამო. ღვინის კომპანიებმა ხომ ემბარგოს შედეგად ბაზრის 80% დაკარგეს.

იმის ნაცვლად, რომ ყურძნის ფასის განსაზღვრა შეცვლილი საბაზრო პირობებისათვის მიენდოთ და პარალელურად დაზარალებული მცირე მეწარმეების კომპენსაცია (პირდაპირი სუბსიდია კგ ყურძენზე) მოეხდინათ, ქართულმა ადმინისტრაციამ, კერძო ღვინის კომპანიებთან ყოველგვარი განხილვისა თუ მოლაპარაკების გარეშე, გადაწყვიტა შემოეღო მაღალი, გარანტირებული ფასი მცირე მეღვინეებისათვის.  ამ პოლიტიკამ ღვინის მწარმოებელი კომპანიები აიძულა გადაეხადათ ყურძენში საბაზროზე მაღალი ფასი.

2. სახელმწიფო ღვინის ინდუსტრიის შექმნა

ყურძნის ფასის კონტროლმა ძალიან ცუდი შედეგები მოუტანა ქართული ღვინის ინდუსტრიას. ღვინის კომპანიები ვერ გაფართოვდნენ ისე, როგორც გაფართოვდებოდნენ ყურძენზე შედარებით დაბალი, ახალი სამყაროს ქვეყნების, ან თუნდაც ფრანგული და იტალიური კონკურენტების მსგავსი ფასების შემთხვევაში.

გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განევითარებინა სახელმწიფო წარმოება - გრუზვინპრომის სახით, რათა მას შეეძინა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძენი, რომლის გადამუშავებაც კერძო სექტორს არ შეეძლო  არაადეკვატურად მაღალი ფასებისა და რუსული ემბარგოს გამო (ან კი რომელი ინდუსტრია შეძლებს სწრაფად აღდგეს მას მერე, რაც ბაზრის 80%-ს დაკარგავს?). შედეგად, დახმარების ნაცვლად, სახელმწიფოს ამ პოლიტიკამ კერძო სექტორს საექსპორტო ბაზრებზეც შეუქმნა პრობლემები, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო ჩილეს, არგენტინის, საფრანგეთისა და იტალიის  მხრიდან  (ასევე ტრადიციული ყოფილი საბჭოთა ბაზრებიდანაც კი) გაზრდილი კონკურენციის გამო.

თავდაპირველად, გრუზვინპრომი შეძენილი ყურძნისგან სპირტს ხდიდა, მაგრამ უჭირდა მისი რეალიზაცია. ამიტომ 2011 წელს სახელმწიფომ გადაწყვიტა ღვინის მწარმოებელ კომპანიაში ინვესტირება და ამით კონკურენციაში შევიდა კერძო სექტორთან. ამ გზით, გრუზვინპრომმა არა მხოლოდ შეზღუდა ღვინის კერძო კომპანიები ყურძნის შეძენისას, არამედ დაიწყო დემპინგი ღვინის ფასის 30-დან 40%-მდე დაწევით იმ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის კერძო კომპანიებს უკვე დამკვიდრებული ჰქონდათ ადგილი. ამგვარი ქმედებით, საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორი მარწუხებში მოაქცია. 2012 საარჩევნო წელს,  კერძო კომპანიების მიერ (რომლებიც საკუთარ ვენახებს არ ფლობდნენ) ყურძნის შეძენის ფასმა 40%-დან 70%-მდე მოიმატა  (!).

3. საწარმოო ჯაჭვის განადგურება

გრუზვინპრომმა ბაზარზე სიჭარბის აღმოსაფხვრელად დაიწყო უმწიფარი ყურძნის ჩაბარება რთველის სეზონის დაწყებამდე, მანამ, სანამ კერძო კომპანიები იწყებდნენ საქმიანობას. კერძო სექტორისათვის პრიორიტეტის მინიჭების ნაცვლად (რომ ჯერ კერძო კომპანიებს ეყიდათ ყურძენი და დარჩენილი სიჭარბე ჩაებარებინა გრუზვინპრომს), რასაც საქართველოს ღვინის ასოციაცია მოითხოვდა, გრუზვინპომი იბარებდა ყურძენს კარგა ხნით ადრე მის დამწიფებამდე.

ადვილი წარმოსადგენია გრუზვინპრომის ღვინის ხარისხი ამ ყველაფრის შემდეგ. ეს იყო  საწარმოო ჯაჭვის მიუღებელი განადგურება. მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ კი მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალის განადგურება ადრე ჩაბარებით, რასაც მოსდევდა მისი სპირტად გამოხდა ან დაბალი ხარისხის ღვინის წარმოება, 2011-2012 წლებშიც გაგრძელდა. ამ სტრატეგიის შედეგი იყო 2011 წლიდან მოყოლებული თეთრი ღვინოების დეფიციტი საქართველოში. არადა საქართველოში ტრადიციულად თეთრი ღვინოების, მაგალითად, რქაწითელის, მიწოდება, როგორც წესი, ყოველთვის საკმარისი იყო.

ამგვარად, გრუზვინპრომმა კერძო სექტორისაგან ყურძნის მოსავლის ძალიან დიდი ნაწილი მიითვისა. 2012 წელს, ყურძნის ფასის 60-დან 70 პროცენტამდე გაზრდის შედეგად მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ შეიკავა თავი ასეთ მაღალ ფასად ყურძნის შეძენისაგან, რადგან არჩევნების შემდეგ შეიძლება საერთოდ არ დარჩენილიყო გასაყიდი ყურძენი. ეჭვი გვაქვს, რომ ამ პერიოდში გრუზვინპრომმა შეიძინა 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი და დახარჯა 20 მლნ ლარზე მეტი. საინტერესო იქნებოდა დაზუსტებული ინფორმაციის გაგება, თუ ზუსტად რამდენი დაიხარჯა 2012 წლის რთველის დროს.  ამ პოლიტიკამ ქართულ მეღვინეობას უზარმაზარი დანაკარგები მოუტანა. დამატებით, საზღვარგარეთ დაბალი ხარისხის ღვინოების რეკლამირებამ წყალში ჩაყარა კომპანიების მიერ ბოლო 6 წლის მანძილზე ქართული ღვინის საერთაშორისო რეპუტაციის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებები და შეამცირა მათი გაყიდვების მოცულობა.

4. ქართული ღვინოების დემპინგი საზღვარგარეთ - საბაზრო ღირებულების და იმიჯის განადგურება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი დაპირების მიუხედავად, რომ გრუზვინპრომი არ გაყიდიდა ღვინოს იმ ქვეყნებში, სადაც ქართული კერძო სექტორი მოღვაწეობდა, კომპანიამ დაიწყო ამ ბაზრებზე ღვინის გაყიდვა ძირითადი ქართული კერძო კომპანიების ფასებზე 40%-ით უფრო იაფად. გრუზვინპრომის მიერ საექსპორტო ბაზრებზე შეთავაზებული ფასებისა და ქართული ღვინის კერძო კომპანიების ნაკლებმომგებიანობის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო კომპანიის უზარმაზარი დანაკარგების შევსება ქვეყნის ბიუჯეტიდან მოხდება.

5. ქართული კერძო მეღვინეობის მხარდაჭერის ნაკლებობა

სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი კონკურენციის გამო 34-მა ღვინის მწარმოებელმა შექმნეს ასოციაცია - "ქართული ღვინო" (GWA). სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრებზე GWA ცდილობდა დაერწმუნებინა მთავრობა ათეულობით მილიონი დოლარი მიემართა საზღვარგარეთ კარგად ორგანიზებულ მარკეტინგზე, ქართული ღვინის გაცნობისა და პოპულარიზაციისაკენ მიმართულ ღონისძიებებზე, მაგრამ ყველა წინადადება უარყოფილ იქნა.  ჩვენი კოლეგები უარს აცხადებდნენ გაეგოთ, რომ ძირითადი პრობლემა იყო არა წარმოების პროცესში, არამედ საექსპორტო გაყიდვების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაში. პროფესიონალური მარკეტინიგს გარეშე გრუზვინპრომი დაბალი ხარისხის ღვინის ექსპორტითა და დაბალი ფასებით, უკან დასწევს ქართული ღვინის ინდუსტრიას.

6. მთავრობის კიდევ ერთი ინტერვენცია - მინის ბოთლების მრეწველობის წარუმატებელი მაგალითი

SISECAM, მინის წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი თურქული კომპანია 1996 წლიდან, ახორციელებდა ათეული მილიონობით დოლარის ინვესტიციას საქართველოში. SISECAM-ის მიერ ქსანში მინის ბოთლების ქარხნის ოპერირება გახდა ერთ-ერთი წამმართველი ძალა საქართველოში მინერალური წყლების ინდუსტრიის განვითარებისათვის.

2006 წელს SISECAM-მა მინერალურ წყალსა და ღვინოზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ გადაწყვიტა  ახალი ღუმელის აშენება, რომლის ხარჯიც 30 მილიონ დოლარს აღწევდა.  ღუმელის ახალი დანადგარები უკვე გამოგზავნილი იყო საქართველოში, როცა რუსეთმა სავაჭრო ემბარგო დაუწესა ქვეყანას. SISECAM იძულებული გახდა ახალი მოწყობილობა სხვა ადგილას გადაეტანა და ძალიან დიდი ზარალიც განიცადა. ამ ყველაფერმა საქართველო დატოვა ღვინისათვის საჭირო მინის ბოთლების მწარმოებლის გარეშე და მეღვინეები იძულებულნი გახდნენ დაეწყოთ ძვირი ბოთლების იმპორტი, რაც დამატებითი დაბრკოლება გახდა ინდუსტრიისათვის.

2011 წელს, როცა მინის ბოთლებზე მოთხოვნა გაიზარდა SISECAM-მა გადაწყვიტა განეხორციელებინა 2006 წლის გეგმა და ქსნის საწარმოო სიმძლავრე გაეორმაგებინა 25 მილიონი დოლარის ინვესტირებით. სამწუხაროდ, მას მერე, რაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა ხაშურში ახალი მინის ბოთლის ქარხნის რეკონსტუქციაში ინვესტირებას. საქართველო ძალიან მცირე ბაზარია და ამ სფეროში ენერგიის ხარჯი საკმაოდ მაღალია, ორი მოთამაშისათვის ადგილი არ რჩება, შედეგად SISECAM-ის რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ იყო დაგეგმილი ინვესტიციის კიდევ ერთხელ გაუქმება. ეს ნიშნავს, რომ 2013 წელსაც ქართულ ღვინის კომპანიებს მოწევთ ბოთლების შემოტანა საზღვარგარეთიდან მაღალ ფასად.

სახელმწიფოს ინვესტიცია იმ სიტუაციაში, როდესაც 25 მილიონ დოლარიან ინვესტიციას აუქმებს მსოფლიო დონის ოპერატორი,  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის განზრახვას მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები ხელსაყრელი პირობების შექმნით.

გამგეობის წევრი, ასოციაცია "ქართული ღვინო"
C.E.O. ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების კომპანია
შატო მუხრანის  დამაარსებელი და დირექტორი

სტატიის მეორე ნაწილი, 2013-2017: ქართული მეღვინეობის განვითარების წარმატებული სტრატეგია - წინადადებები ახალი პოლიტიკისათვის, გამოქვეყნდება მომდევნო კვირაში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა