შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ხუდონი და საქართველოს ენერგოპოლიტიკის დილემა: სიმწვანისკენ თუ სიხარბისკენ
პარასკევი, 14 ივნისი, 2013

ხუდონი, საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პროექტი ენერგეტიკაში, კვლავ განხილვის საგანია. ენეგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის უკანასკნელი განცხადების თანახმად, ხუდონის პროექტი შეჩერებულია მინიმუმ 2014 წლის 1 მარტამდე. გეგმის მიხედვით, ჰიდროელექტრო სადგურის (ჰესის) სიმძლავრე 700 მგვტ-ს გადააჭარბებს, ხოლო წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 1.5 ტვტ.სთ-ს მიაღწევს. ამ მაჩვენებლებით ხუდონი ჩრდილავს სხვა მიმდინარე ჰიდროსაინვესტიციო პროექტებს. აშენების შემთხვევაში, ხუდონი იქნება საქართველოში სიდიდით მეორე ჰესი, ენგურის (დადგმული სიმძლავრე 1,320 მგვტ და წლიური გამომუშავება 3.8 ტვტ.სთ-მდე) შემდეგ.

საწყისი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და Continental Energy International-ს (რომელმაც შემდგომ შეიცვალა სახელი და გახდა შპს ტრანს ელექტრიკა) შორის 2007 წლის ივნისში გაფორმდა. მას შემდეგ მიმდინარეობს ცხარე დებატები 200მ სიმაღლის კაშხლის მიერ გაზრდილი ელექტროენერგიით მიღებული სარგებლისა და ეკოლოგიური ზიანით გამოწვეული დანახარჯების შესახებ.

ხუდონი მართლაც რთული პროექტია და მისი დანახარჯისა და სარგებლიანობის ანალიზის ჩატარებაც არცთუ მარტივია. მიუხედავად ამისა, დებატების მონაწილე ორივე მხარე უგულებელყოფს ამ სირთულეებს, ხელმძღვანელობს რა ან მხოლოდ მწვანე იდეოლოგიით ან მხოლოდ სიხარბით. შედეგად, ერთნი ყურადღებას მხოლოდ ეკოლოგიურ ზიანზე ამახვილებენ, ხოლო მეორენი კი — მხოლოდ სარგებელზე (როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი სარგებელი გაზრდილი ელექტროენერგიის მიწოდების გამო). თუმცა არცერთი მხარე ამყარებს საკუთარ მოსაზრებას დანახარჯებისა თუ სარგებლის სანდო შეფასებებით.

ეკოლოგიურ საკითხებზე ყურადღების გამახვილების გარეშეც, არსებობს წმინდა ეკონომიკური მიზეზები ეჭვის შესატანად იმ ზოგადი ენერგეტიკული სტრატეგიის მართებულობაში, რომელსაც ასე დაუფიქრებლად მიჰყვებოდა წინა ხელისუფლება.

პირველი, გამომუშავების ახალ სიმძლავრებში ინვესტიციები მართლაც ჩამორჩება ელექტროენერგიაზე 2009 წლიდან მზარდ მოთხოვნას (იხილეთ გრაფიკი). თუმცა ჰიდროენერგეტიკაში მასიურ ინვესტიციებსაც არ შეუძლია საქართველოს ენერგობალანსის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ზამთრის მშრალ თვეებში, როდესაც მოთხოვნა პიკს აღწევს სეზონურობის გამო, ქვეყანა კი იძულებულია უფრო ძვირ თბოგენერაციასა და იმპორტს მიმართოს მის დასაკმაყოფილებლად.

მეორე საკითხია შენება-ფლობა-ექსპლუატაციის (Build-Own-Operate, BOO) მოდელი, რომელსაც საქართველო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად იყენებს. აღნიშნული მოდელი ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ ლომის წილი საქართველოს ბუნებრივი რესურსების გამოყენებით მიღებული ეკონომიკური სარგებლიდან. ისეთი დიდი პროექტებიდან, როგორიცაა ხუდონი, ელექტროენერგიის გატარებით მიღებული სახელმწიფო შემოსავლები მოკრძალებული თანხაა გაწეული მასიური კაპიტალის დანახარჯებსა და ეკოლოგიურ გავლენასთან შედარებით.

მესამეც, ელექტროენერგიის ექსპორტის პრიორიტეტად დასახვისა და შეზღუდული სახელმწიფო რესურსების საექსპორტოდ განკუთვნილ ელექტროენერგიის გადამცემ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ნაცვლად, საქართველომ უნდა განიხილოს მისი იაფი ენერგორესურსების შიდა გამოყენების ალტერნატივები. მაგალითად, ენერგოტევად მრეწველობაში ინვესტირება ქვეყანას უფრო მეტი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტის საშუალებას მისცემდა.

შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წინაშე არსებული არჩევანი მარტივი არ არის. ეს ეხება ზოგადად მომავალ ენერგოპოლიტიკას და ამ შემთხევაში – ინვესტიციებს ტექნიკურად და ეკოლოგიურად კომპლექსურ დიდ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში. შეცდომის ფასი შეიძლება იყოს ძალიან დიდი და შესაბამისად, გასაგებია საქართველოს ახალი მთავრობის განზრახვაც თავიდან (და კრიტიკულად) განიხილოს ძველი შეთანხმებები. ხუდონის პროექტის დროებით შეჩერება საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში გადაწყვეტილება მივიღოთ საზოგადოებრივი დანახარჯისა და სარგებლიანობის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით (საზოგადოებრივი დანახარჯისა და სარგებლიანობის ანალიზის თავისებურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ითვალისწინებს გარეგანი ეფექტების არსებობას და მათ გავლენას საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე).

იდეალური საზოგადოებრივი დანახარჯისა და სარგებლიანობის ანალიზის არარსებობის მიუხედავად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული „ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის ეკოლოგიური და საზოგადოებრივი გავლენის შეფასების საკონსულტაციო მიმოხილვა“ ნამდვილად არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა