2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი მორატორიუმის შესახებ, რომელიც უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის შეძენას კრძალავს 2014 წლის ბოლომდე. კანონპროექტმა რადიკალურად შემოატრიალა ადრინდელი პოლიტიკა, რომელიც უცხოელების საქართველოში დასახლებასა და მათ მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირებას უწყობდა ხელს. ამ პოლიტიკის ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ათეულობით გამოცდილი ფერმერის (ბურების) ჩამოსახლების პროგრამა.
პოლიტიკის ცვლილებით შეშფოთებული უცხოური ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთთან კოორდინაციას ცდილობენ, რათა ერთობლივად მკვეთრი მესიჯი გაუგზავნონ ქართველ კანონმდებლებს. მათ მთავარ არგუმენტს კი ის წარმოადგენს, რომ ეს კანონი შეაფერხებს სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და დაკრედიტებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადების მიხედვით, ეს კანონი შესაძლოა არაკონსტიტუციურიც კი აღმოჩნდეს.
ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოს მთავრობას ან/და პარლამენტს იმ უარყოფითი შედეგების შეხსენება სჭირდება, რასაც ეს კანონი დაუყონებლივ მოიტანს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას ჰაერივით სჭირდება ინვესტიციები, ფიზიკური კაპიტალი და ტექნოლოგიები. ამ ყოველივეს მიღება კი მხოლოდ გარედან შეგვიძლია. უცხოელებისთვის ინვესტიციების განხორციელებაში ხელის შეშლით, ეს კანონი შეანელებს მიწების კონსოლიდაციის გზით სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ზრდის პროცესსაც. არსებობს კი რაიმე სარგებელი ამ მორატორიუმიდან? საერთოდ, რა პრობლემის მოგვარებას ემსახურება იგი?
ამ კანონის ამოცანად ხშირად ცინიკური და არცთუ კარგად გააზრებული მიზანი სახელდება. მოსაზრების თანახმად, კანონი ქართული საზოგადოების იმ რასისტულად განწყობილი ნაწილის დასაშოშმინებლად მომზადდა, რომელსაც ჰგონია, რომ „ინდოელები ყიდულობენ საქართველოს". ამ ცინიკური არგუმენტის მიხედვით, პრობლემა ინდოელ ინვესტორებშია.
თუმცა პრობლემა რეალურია და ქსენოფობია აქ არაფერ შუაშია. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს სულაც არ წარმოადგენს. ქართული სოფლების მიმდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასშტაბური პრივატიზაცია სიფრთხილით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს. სხვა შემთხვევაში ამან შესაძლოა საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვიოს და ხალხს ძალადობისკენ უბიძგოს. ეს უკანასკნელი კი ბევრად უფრო მძიმედ აისახება ადგილობრივ და უცხოურ ინვესტიციებსა და შედეგად, მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე, ვიდრე ეს ყბადაღებული მორატორიუმი. 2013 წლის დასაწყისში ჩატარებულმა საპროტესტო აქციებმა ლოზუნგით „ქართული მიწა ქართველებს," წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ქართველი პოლიტიკოსები ვერ იპოვიან გამოსავალს ამ ფუნდამენტური პრობლემიდან: მოიზიდონ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინვესტიციები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ისე, რომ ადგილობრივი გლეხების საარსებო წყაროს საფრთხე არ შეუქმნან.
ამას წინათ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ ბექა დვალთან ერთად სართიჭალაში ვიყავი. ვიზიტის მიზანი ზოგიერთ იმ აფრიკელ ფერმერთან შეხვედრა იყო, რომელიც აქ ბოლო 3 წლის განმავლობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოსახლდა. სართიჭალაში მცხოვრებმა პიეტ კემპმა და მისმა კოლეგებმა პრობლემატურ საკითხებს შორის საძოვრების თემა გამოყვეს, რაც ადგილობრივი ფერმერების საარსებო წყაროს უქმნის საფრთხეს და შესაბამისად, ართულებს მათ ურთიერთობას ბურებთან.
დღესდღეობით, სართიჭალის ყოფილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დაახლოებით 80% კემპისა და მისი თანამემამულე ბურების მიერ მუშავდება. დამუშავებული მიწის წილი მხოლოდ გაიზრდება ბურების ამბიციებისა და მთავრობის მიერ დაფინანსებული რეგიონული სარწყავი სისტემების გაუმჯობესების ფონზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სართიჭალის მოსახლეობას უფრო ნაკლები მიწა დარჩება საძოვრების სახით თავიანთი 3-4 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, რომელიც ბევრისთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა. როცა სართიჭალაში პირველი ძროხა მოკვდება საძოვრის არარსებობის გამო, ბური ფერმერები იმავე პირადი უსაფრთხოების პრობლემების წინაშე დადგებიან, რასაც თავიანთი სამშობლოდან გამოექცნენ.
კემპი და მისი თანამემამულენი ძალიან კარგად აცნობიერებენ ამ პრობლემას და ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ადგილობრივებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ. ეს არ არის მხოლოდ დიპლომატია: ბურები არიან ძირითადი დამსაქმებლები, ზოგიერთი მათი ინვესტიცია, მაგალითად, წყლის მილსადენებსა და წყლის მართვის სისტემებში, დადებითად აისახება მთელ ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბურები ასევე მზად არიან გამოიყენონ თავიანთი ცოდნა, აღჭურვილობა და ფული საძოვრების პრობლემის სამუდამოდ გადასაწყვეტად.
სართიჭალის პრობლემის გადაჭრის ვარიანტები აშკარად შეზღუდულია იმის გათვალისწინებით, რომ არ უნდა მოხდეს შევიწროება იმ ადგილობრივი მცირე ფერმერებისა, რომლებიც ვერანაირ გავლენას ახდენენ პრივატიზაციის პოლიტიკაზე. კემპი მათ დახმარებას (და რესურსებს) სთავაზობს მიწების უფრო ეფექტიანი დამუშავების მეთოდების დანერგვაში, რომლის წყალობითაც ადგილობრივი გლეხები პრივატიზაციის პირველი ტალღისას მიღებული მცირე მიწის ნაკვეთების უკეთ გამოყენებას შეძლებენ. მართლაც, სარწყავისა და მცირე რაოდენობით სასუქის გამოყენებით, ადგილობრივ ფერმერებს შეეძლებათ მეტი მსხვილფეხა პირუტყვი იყოლიონ. კემპი ასევე მზადაა დაეხმაროს ადგილობრივებს საქონლის ხელოვნური განაყოფიერების დანერგვაში, რათა ხელი შეუწყონ გაუმჯობესებული ჯიშების გამრავლებას და შესაბამისად, პროდუქტიულობის ამაღლებას.
თუმცა არცერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება საკმარისი საქართველოს მთავრობის დახმარების გარეშე. არც ბურებს და არც სხვა უცხოელი ინვესტორებს (ისეთი გიგანტების გარდა, როგორიცაა Ferrero) შეუძლიათ თავიანთ თავზე აიღონ საქართველოს მთავრობის მემკვიდრეობით მიღებული, პრივატიზაციის ცოდვების ფინანსური ტვირთი. დღევანდელი ადმინისტრაცია იცავს ახალი მიწის მესაკუთრეთა უფლებებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება შეიძლება შეაფერხოს ადეკვატური პოლიტიკის არარსებობამ, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, აგრობიზნესის წრეებსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს.
ეს დროებითი მორატორიუმი მიწის საკუთრებაზე არ გადაჭრის არცერთ ზემოხსენებულ პრობლემას და პირიქით, ახალ დილემებს წარმოშობს. იქმნება გაურკვევლობა საქართველოს მომავალი ეკონომიკური რეფორმების მიმართულების შესახებ. მორატორიუმი არ აგვარებს ბურების შეშფოთებას მათი ინვესტიციების და საკუთრების უფლებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. იგი ვერ გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და საქართველოს მცირე ფერმერების შემოსავლებს. თუმცა, მორატორიუმის შემოღებით, საქართველოს ხელისუფლებამ გვაჩვენა, რომ აცნობიერებს გამოწვევებს, რომლებიც თან ახლავს სოფლის მეურნეობის განვითარებას და შეეცდება დროის მოგებას იმისათვის, რომ შეიმუშაოს პრობლემის მისაღები გადაწყვეტა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დრო ფუჭად არ გაიფლანგება. მორატორიუმით მიღწეული სოციალური სიმშვიდე და პოლიტიკურ სტაბილურობა რთული შესანარჩუნებელი იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების კლებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ფონზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ორი ფენომენი უერთმანეთოდ ვერც იარსებებს.