სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ შევნიშნეთ, რომ ჰიდროგენერაციას მკვეთრად გამოხატული სეზონური ცვალებადობა ახასიათებს. ასევე დავასკვენით, რომ სეზონურობა ზღუდავს ჰესების ახალი პროექტების მომგებიანობას, ვინაიდან გამომუშავების უმეტესი წილი მოდის იმ პერიოდზე, როცა ელექტროენერგია შედარებით იაფია და მხოლოდ მცირე ნაწილის გამომუშავება ხდება მაშინ, როცა ელექტროენერგია ძვირია.
სეზონურობა სხვა პრობლემასაც ქმნის, რის გამოც ახალი ჰესების, როგორც საქართველოს კონკრეტული ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრის გზის, პოტენციალი შეზღუდულია.
მე-4 გრაფიკზე წარმოდგენილია მარტივი პროექცია 2020 წლისათვის: 2010 წლის ჰიდროგენერაციაზე დამატებულია სამი ყველაზე დიდი პოტენციური ჰესის (ხუდონი, ნამახვანის კასკადი და ფარავანი ჰესი, 1211 მვ ჯამური დადგმული სიმძლავრით) პოტენციური გამომუშავება და შედარებულია 2020 წლის ელექტროენერგიის მოხმარებასთან (პროგნოზი გაკეთებულია მოხმარების საშუალოდ წლიური 3%-იანი ზრდის დაშვებით).
აღნიშნული სცენარი საკმაოდ ოპტიმისტურია: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვუშვებთ, რომ უკვე არსებული ჰესები შეინარჩუნებენ 2010 წლის გენერაციის (რეკორდულ) დონეს. ამავე დროს ელექტროენერგიის მოხმარების 3% წლიური ზრდა სინამდვილეში ოდნავ ნაკლებია ზრდის იმ ტემპზე რაც 2007–2012 წლებში დაფიქსირდა. და მაინც, მიუხედავად ამ ოპტიმისტური დაშვებებისა, პროგნოზირებული ზამთრის დეფიციტი მაინც იზრდება, ისევე როგორც ზაფხულის ჭარბი გენერაცია.
ახალი პატარა ჰესები ზამთრის დეფიციტის აღმოსაფხვრელად არცთუ ეფექტურია. რეზერვუარებში წყლის დაგროვების საშუალების გარეშე, მათი გამომუშავება ზამთრის თვეებში კიდევ უფრო მკვეთრად ეცემა, ვიდრე რეზერვუარიანი დიდი ჰესების შემთხვევაში.
ზამთარში ელექტროენერგიის მოხმარებასა და ჰიდროგენერაციას შორის არსებული (და მზარდი) სხვაობა და ელექტროენერგიის ცვალებადი წლიური გამომუშავება, ინტეგრირებული რეგიონალური ბაზრის (რაც საიმედო გზა იქნებოდა როგორც ზამთრის დეფიციტის დაფარვის, ასევე ზაფხულის სიჭარბის ასათვისებლად) არარსებობის პირობებში, შესაძლოა ხსნიდეს იმ ფაქტს, თუ რატომ იწყებს საქართველოს მთავრობა დასახული მიზნების მისაღწევად ალტერნატიული გზების ძიებას.
ენერგიის ალტერნატიული წყაროები
ზემოთ განხილული ასპექტებიდან გამომდინარე, პრობლემის გადაჭრის გზა გამომუშავების ისეთი სეზონურობის მქონე განახლებადი ენერგიის წყაროს პოვნაშია, რომელსაც შეუძლია ჰიდროენერგიის შემავსებლის მოვალეობა გასწიოს, ანუ ელექტროენერგიას უმეტესწილად გამოიმუშავებდეს ზამთარში. ამ ეტაპზე, ამ მხრივ, ქარის ენერგია ყველაზე უფრო იმედისმომცემ ალტერნატივად ჩანს.
ქარენერგოს (ქარის ენერგიის მეცნიერული ცენტრი თბილისში) მიერ შედგენილი ქარის ატლასის მიხედვით, საქართველოს ქარის ენერგიის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, ქარის ენერგიის სასარგებლოდ ყველაზე მეტად სწორედ ის მეტყველებს, რომ ქარის სადგურებისათვის ყველაზე გამოსადეგ ადგილებში ქარი უფრო მძლავრად ზამთარში ქრის, ანუ როცა ჭარბი მოთხოვნა გვაქვს და, შესაბამისად, ელექტროენერგიის ფასებიც ყველაზე მაღალია. აქედან გამომდინარე, ოპტიმალურად განლაგებულ ქარის სადგურებს უფრო მეტად შეუძლიათ შეავსონ განახლებადი ენერგიის დეფიციტი და უფრო ეფექტიანად დაეხმარონ ქვეყანას იმ გრძელვადიანი მიზნის მიღწევაში, რაც ელექტროენერგიის იმპორტსა და თბოელექტროგენერაციაზე (რომელიც თავის მხრივ იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული) დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს.
ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის დამოუკიდებლობაში ქარის ენერგიის პოტენციური წვლილის საილუსტრაციოდ, ჩვენს გაანგარიშებებზე დაყრდნობით მოყვანილია გრაფიკი 5. მე–4 გრაფიკისაგან განსხვავებით, მე–5 გრაფიკზე ნაჩვენებია, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ საქართველო ააგებს საჭირო ქარის სადგურებს (1270 მვ ჯამური დადგმული სიმძლავრით) დიდი ჰესების ნაცვლად* (რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1211 მვ–ია). ყველა სხვა პროექცია იგივეა, რაც მე–4 გრაფიკზე იყო.
ქარის ენერგიაში ინვესტიციას სამომავლოდ შესაძლოა კიდევ ერთი უპირატესობა ქონდეს. შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც საქართველო დაიწყებს უკუაქაჩვის სისტემების დაყენებას თავისი ჰესების რეზერვუარებზე. ეს მოწყობილობა ახდენს ცვალებადი გამომუშავების მქონე განახლებადი ენერგიის წყაროების (მაგალითად ქარის) ჭარბი ელექტროენერგიის დაგროვებას ამ ელექტროენერგიის გამოყენებით წყლის ისევ უკან რეზერვუარში აქაჩვის გზით, როცა მოთხოვნა ელექტროენერგიაზე დაბალია. ეს საშუალებას იძლევა, იგივე წყალი კვლავ გამოვიყენოთ ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის, როცა მოთხოვნა მაღალია. ჯერჯერობით უკუაქაჩვის ტექნოლოგია საქართველოში არ გამოიყენება მისი სიძვირის და ასევე არსებულ ვითარებაში მისი ნაკლებადეფექტიანობის გამო: მცირე ჰესების მიერ ზაფხულში გამომუშავებული ელექტროენერგიის დაგროვება ბევრად უფრო ძნელია, რადგან ამ დროს რეზერვუარები ძირითადად სავსეა და დამატებით წყლის დასაგროვებელი ადგილი ნაკლებად რჩება. სამაგიეროდ, ზამთარში, როცა რეზერვუარებში უფრო მეტი თავისუფალი ადგილია, უკუაქაჩვის გამოყენება ქარის ენერგიის (მაგალითად ღამით გამომუშავებულის) დაგროვების საკმაოდ კარგი საშუალება იქნება. შედეგად, ზამთარში, საჭირო დროს (მაგალითად დღისით), ამ რეზერვუარების ჰესები უფრო მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებენ.
ცხადია, ქარის ენერგიის განვითარებას ბევრი ისეთი სირთულე ახლავს თან, როგორიცაა გამომუშავების ცვალებადობა, უმართავობა და დაგროვების შეუძლებლობა (დაგროვების დამხმარე სისტემების გარეშე). თუმცა, ქარის ენერგიის გლობალური ტენდენციები იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სირთულეების დაძლევა შესაძლებელია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ქარის ენერგიაზე ქვეყნის გამომუშავების საკმაოდ დიდი წილი მოდის.
საქართველოში ქარის ენერგიაში ინვესტიციების არარსებობა გამოწვეული იყო მაღალი საწყისი დანახარჯებითა და სეხელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის არარსებობით. თუმცა, ქარის ენერგიის გლობალური ტენდენციებისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ევოლუციის გათვალისწინებით, უკვე დროა მოვემზადოთ ხვალინდელი დღისათვის შესაბამის განათლებაში, სათანადო კვლევებში და საპილოტე პროექტებში ინვესტირებით.
როგორც ჩანს, სწორედ ამ მიმართულებით აქვს გეზი აღებული საქართველოს მთავრობასაც. ამა წლის 17 ივლისის პრესკონფერენციაზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, განაცხადა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ქარის სადგურების მშენებლობის წამოწყების თაობაზე. ეს ახალი ნაბიჯია საქართველოსთვის თავისი მიზნების მისაღწევად: მიაღწიოს დამოუკიდებლობას ელექტროენერგეტიკულ სექტორში და ჩამოყალიბდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორად.
* * *
* უნდა აღინიშნოს, რომ ამით ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით საერთოდ ახალი ჰესების მშენებლობას, არამედ უბრალოდ ხაზს ვუსვამთ, თუ რა უპირატესობის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის წყლისა და ქარის ენერგიების კომბინირებას.