1991 წელს პიტერ ბაუერის მიერ დაწერილი „განვითარების ზღვარი“ დღესაც არ კარგავს აქტუალობას საქართველოსა და 21 საუკუნის სხვა მეტწილად აგრარული ეკონომიკებისთვის. ეკონომიკური განვითარება, ბაუერის აზრით, „იწყება მაშინ, როდესაც საარსებო რესურსების მოსაპოვებელი საქმიანობის ჩანაცვლება ხდება გაყიდვაზე ორიენტირებული წარმოებით. მწარმოებლები დაიწყებენ არსებობისათვის საჭირო პროდუქტზე მეტის წარმოებას, თუ ისინი ამის უპირატესობას დაინახავენ და ამავე დროს, თუ ეს შესაძლებელი იქნება მათთვის. მწარმოებლებს ამისათვის სჭირდებათ სტიმულები, შესაძლებლობები და რესურსები.“
ბაუერის აზრით, სწორედ აქ, სტიმულების, შესაძლებლობებისა და რესურსების გაჩენაში იკვეთება ვაჭრების ფუნქციები. ვაჭრები სოფლის მაცხოვრებლებისათვის ხელმისაწვდომს გახდიან სამომხმარებლო საქონელს, რითაც აცთუნებენ ამ უკანასკნელთ გაამდიდრონ თავიანთი მოხმარების რაციონი. ეს ცთუნება კი ქმნის სტიმულს ფერმერებისათვის აწარმოონ თავიანთი პროდუქცია ვაჭრობისა და გაცვლისათვის. ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო ბაზრების ცოდნით აღჭურვილი ვაჭრები აგრეთვე ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ფერმერებისათვის მათი პროდუქციის გასაღების ბაზრების ჩამოყალიბებით. უფრო მეტიც, ვაჭრები ფერმერებს ატყობინებენ თუ რომელ პროდუქტზეა მოთხოვნა და აწვდიან მათ საჭირო უნარებს ა და რესურსებს - ხელსაწყოებს, თესლებს, სასუქებს და ა.შ.
ქართველი ვაჭრებისათვის ჯერ არავის უთქვამს, რომ ისინი თავისდაუნებურად შეიძლება ცივილიზაციისა და განვითარების აგენტები იყვნენ. ჩვენ კი ხშირად ვაჭრებს მხოლოდ სიძულვილით ვუყურებთ. როდესაც საქართველოს სხვადსხვა სოფელში ვმოგზაურობთ, ხშირად ვხვდებით ვაჭრებს თავიანთი ძველი ლადებით, ვოლგებით, პატარა სატვირთოებით და მარშუტკებით. შემდეგ ჩვენ კვლავ ვხვდებით მათ ქალაქებში ღია ცის ქვეშ მოწყობილ საბითუმო ბაზრებზე.
მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე ვაჭრები, მათი ანტიკური კოლეგებისგან განსხვავებით, საკუთარ სიცოცხლეს აღარ რისკავენ, ვაჭრობა, როგორც ასეთი, კვლავ ასოცირდება მაღალი დანახარჯებთან და მნიშვნელოვან კომერციულ რისკებთან. ძველი მარშუტკით მგზავრობა საქართველოს მთებში მართლაც არ არის ხუმრობა. განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია ის ზარალი რაც შეიძლება ვაჭარს მიადგეს, არასწორად დაფასოებული და დასაწყობებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის ცუდ გზებზე ტრანსპორტირებისას. რისკის სხვა წყროს წარმოადგენს გადახურება, ვინაიდან აგრო-პროდუქტები ხშირად გადააქვთ ტრანსპორტით, რომელიც დაუცველია მზისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ შესაბამისი ვენტილაციის და გაგრილების სისტემის უქონლობაზე. და ბოლოს, ტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დანაკარგები, ვინაიდან ამ შემთხვევაში მალფუჭებადი პროდუქტი ღია მზის ქვეშ ხვდება გარკვეული დროით, სანამ მანქანს შეაკეთებენ.
ბუნებრივია, რომ მოცემული რისკის პირობებში ვაჭრები უფრო ხშირად სტუმრობენ ზოგიერთ რეგიონებსა და სოფლებს. ძნელად მისაღწევ რეგიონებში გაცილებით ნაკლები ვაჭარი ჩადის, შესაბამისად ნაკლებია კონკურენცია მათ შორის, რაც კარგად აისახება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაბალ ფასებში. მაგალითად, თბილისის შემოგარენში არსებული სოფლები გაცილებით მაღალ ფასად ყიდიან თავიანთ პროდუქტს ვიდრე მოშორებით მდებარე სოფლები. აქედან გამომდინარე ლოგიკური და მისაღებია დავუშვათ, რომ გადასვლა არსებობისათვის საჭირო მეურნეობიდან ვაჭრობისათვის გამიზნულ ფერმერობაზე უარყოფითადაა დაკავშირებული ფერმერის ჭიშკრიდან ბაზრამდე მანძილსა (მისასვლელ დროზე) და ასევე დაკავშირებულია ამ ბაზრის ზომაზე (მაგალითად, თბილისთან ახლომდებარე სოფლები უფრო სწრაფად გადავლენ გასაყიდად გამიზნული სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებაზე).
მიმდინარე წლებში საქართველოში მნიშვნელვნად გაუმჯობესდა როგორც რეგიონალური, ასევე სოფლებში მისასვლელი გზები, რამაც შეამცირა ვაჭრობასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების ხარჯები. თუ ჩვენი ლოგიკა სწორია, უნდა ვივარაუდოთ რომ კომერციული სოფლის მეურნეობა თანდათან განვითარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ეს შედეგი უკვე სახეზეა. მას შემდეგ რაც 2009-10 წლებში სამცხე-ჯავახეთში გზების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა (სამგზავრო დრო თბილისამდე 8 საათიდან 2.5 საათამდე შემცირდა) სამცხე-ჯავახეთის საოჯახო მეურნეობების შემოსავალი 2 წელიწადში (2009 დან 2011 მდე) 60%-ზე მეტად გაიზარდა.
ჩვენი ანალიზის სასიკეთოდ, ამ ნაზრდის დიდი პორცია დაკავშირებულია კომერციულ ფერმერობასთან, ანუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის სავაჭროდ წარმოებასთან. უბრალო შედარება იმერეთთან (იხილეთ დიაგრამა) ამ მხრივ მრავლისმეტყველია. 2009 წელს იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს ჰქონდათ დაახლოებით ერთიდაიგივე შემოსავალი ერთ საოჯახო მეურნეობაზე (500 ლარი/თვეზე ცოტათი მეტი). 2011 წლისათვის კი, სამცხე-ჯავახეთის საოჯახო მეურნეობები გამოიმუშავებდნენ 250 ლარით მეტს. დაახლოებით 170 ლარი ამ სხვაობისა აიხსნება სამცხე-სავახეთის კომერციულ ფერმერობასა და ვაჭრობაში მზარდი უპირატესობით.
სამცხეთ-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონების სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების საშუალო შემოსავალი, 2009-2012
თუ შევხედავთ 2012 წელს, სამცხე-ჯავახელი ფერმერები არამხოლოდ უბრალოდ აწარმოებდნენ მეტ აგრო პროდუქტს, არამედ წარმოებული პროდუქციის უფრო მეტ წილსაც ჰყიდიდნენ. 2012 წლის მონაცემებით, სოფლის პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლის დაახლოებით ერთი და იმავე წილს შეადგენდნენ სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთისათვის (46% და 41% შესაბამისად), თუმცა სამცხე-ჯავახელი ფერმერები ჰყიდიან წარმოებული პროდუქციის ნახევარზე მეტს. იმერელი ფერმერები კი ხასიათდებიან უფრო ნაკლები კომერციალიზაციით: ისინი ჰყიდიან წარმოებული პროდუქციის მხოლოდ ერთ მეოთხეს და დანარჩენს თავად მოიხმარენ.
შემოსავლის წილი წყაროების მიხედვით, 2012
მაშინ როცა ინვესტიციები რეგიონალური გზის ინფრასტრუქტურაში სულაც არაა ვერცხლის ტყვია, ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ესოდენ საჭირო გადასვლისათვის საარსებო სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობამდე. თუ საქართველო ააშენებს კარგ გზებს, მცირე ვაჭრებმა უნდა შეძლონ და გააკეთონ დანარჩენი!