შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველო პოლიტიკური ბიზნეს-ციკლის ტალღებზე
ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2013

ჩვენს წინა სტატიაში გამოვიკვლიეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 12 თვის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, ჩვენ შევეხეთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური ზრდის დინამიკა არჩევნებამდე და მის შემდეგ დიდწილად განპირობებული იყო „პოლიტიკური ბიზნეს-ციკლის“ ეფექტით არჩევნებამდე სამთავრობო გადახარჯვის გამო.

ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ სამშენებლო სექტორი (პოლიტიკურად მოტივირებული დანახარჯების უპირველესი “ეჭვმიტანილი“) არჩევნებამდე პერიოდში მართლაც უჩვეულოდ სწრაფად იზრდებოდა, 2012 წლის ოქტომბრის შემდგომ კი მისი ზრდა რადიკალურად შენელდა. ამავდროულად ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ მხოლოდ სამშენებლო სექტორით ვერც მშპ-ს 7.9-იანი ზრდა აიხსნებოდა არჩევნების წინა 4 კვარტლის (2011 IV კვ – 2012 III კვ) განმავლობაში და ვერც შემდგომი ვარდნა, ვინაიდან სამშენებლო სექტორი მთლიანი მშპ-ს მხოლოდ 7-8%-ს შეადგენს.

ფაქტობრივად, სამშენებლო სექტორის აღმასვლით მშპ–ს ზრდის ტემპის მხოლოდ მეხუთედზე ოდნავ მეტის (21%) ახსნა შეიძლება. მაშინ როცა ზოგიერთმა სხვა სექტორმა, როგორიცაა მრეწველობის, სატრანსპორტო, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორები, ერთად ეკონომიკური ზრდის ნახევარზე მეტი (53%) უზრუნველყო. ვინაიდან ამ სექტორების ზრდის დინამიკაში ნაკლებად შეიმჩნევა არჩევნებით გამოწვეული უჩვეულო ცვლილებები (იხ. გრაფიკი 4 და 5), რთულია იმის მტკიცება, რომ არჩევნებამდელი ეკონომიკური ზრდა მთლიანად პოლიტიკური ბიზნეს-ციკლის დამსახურება იყო.

წინასაარჩევნო გადახარჯვა თუ არჩევნების შემდგომი ხელმომჭირნეობა?

წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ საბიუჯეტო გადახარჯვაზე საუბრისას ლოგიკურად ჩნდება კითხვა: იქნებ, მეორეს მხრივ, ქართული ოცნების მთავრობამ გაატარა ზედმეტად კონსერვატული პოლიტიკა დანახარჯების საჭიროზე მეტად შემცირებით?

წინა მთავრობის სამშენებლო პროექტები (მაგალითად, შუშის ხიდი მტკვარზე, პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში და პრეზიდენტის სასახლე) საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკის საგანი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გახდა. მაშინ როცა საზოგადოებრივი სამშენებლო პროექტების კრიტიკა ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, შესაძლოა ქართული ოცნების მიერ წინა მთავრობის „ქრონიკული გადახარჯვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ქცევა არცთუ სავსებით გამართლებული იყო. ახლადარჩეულმა მთავრობამ ამით თავადვე მიაჯაჭვა საკუთარი თავი ისეთ პოლიტიკას, რომელიც უეჭველად გამოიწვევდა მშპ-ს ზრდის ტემპის მკვეთრ შემცირებას.

დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ქართულმა ოცნებამ მეტისმეტი მონდომება გამოიჩინა საზოგადოებრივი დანახარჯების შემცირებაში. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2013 წლის აგვისტოს ანგარიშში (“Georgia – 2013 Article IV Consultation”) სწორედ ამ საკითხს შეეხო. მათი რჩევით, „მოკლევადიან პერიოდში მთავრობამ უარი უნდა თქვას მიმდინარე საბიუჯეტო ხელმომჭირნეობაზე და თავს უფრო მეტი საბიუჯეტო დეფიციტის უფლებაც კი მისცეს წლის ბოლოსთვის, რამდენადაც ზრდის ტემპის შენელების გამო მისი შემოსავლებიც უფრო შემცირებულია“.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელების ანატომია

როგორც წინა სტატიაში ვაჩვენეთ, მშპ-ის ზრდის ტემპის 5.6%-იანი ვარდნიდან 2.4% სამშენებლო სექტორში ზრდის ტემპის ვარდნის შედეგი იყო. საინტერესოა, რომელმა სექტორებმა გამოიწვია დარჩენილი 3.2%-იანი ვარდნა. როგორც ირკვევა, ზრდის ტემპის მთლიანი ვარდნის (5.6%) თითქმის მესამედი (1.8%) სამრეწველო სექტორში ზრდის შენელებით იყო განპირობებული (რაზეც შესაძლოა, თავის მხრივ, სამშენებლო სექტორის ვარდნასაც ჰქონდა გავლენა).

მიუხედავად შედარებით ნაკლებპროცენტიანი შენელებისა, სამრეწველო სფეროში ეს სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან აღნიშნული სექტორი იყო და არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამრეწველო სექტორში ზრდის ტემპის შენელება ნაკლებად აიხსნება ძველი მთავრობის წინასაარჩევნო პოლიტიკით. იგივე სიტუაცია გვაქვს სატრანსპორტო სექტორთან მიმართებაშიც, რომლის ზრდის ტემპის ვარდნის წვლილიც მშპ-ის ზრდის ტემპის მთლიან ვარდნაში სიდიდით მესამე იყო (0.9% 5.6%-დან). თანაც, უჩვეულო წინასაარჩევნო დინამიკა არც ამ სექტორში შეინიშნებოდა.

გარდამავალი პოლიტიკური პერიოდი, მოლოდინები და გაურკვევლობა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა საქართველოსთვის ახალი გამოცდილება იყო. ქართული ოცნების გამარჯვებამ ეიფორია გამოიწვია, რამაც სიტუაციის გაუმჯობესების მოლოდინები მყისიერად და მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა საზოგადოება მალე დარწმუნდა იმაში, რომ სწრაფი ცვლილებები უფრო რევოლუციისას არის შესაძლებელი, ხოლო ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლისას კი მნიშვნელოვანი ძვრების მოსახდენად მეტი დრო, ენერგია და მოთმინებაა საჭირო, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ნაწილობრივია.

„კოჰაბიტაციის“ რეალობამ და ხელისუფლების ორ პარტიას შორის გადანაწილებამ თავისი წვლილი პოლიტიკური არასტაბილურობის განცდის ჩამოყალიბებასა და შესაბამისად, კერძო ინვესტიციების შეფერხებაშიც შეიტანა. კერძო სექტორი მოუმზადებელი შეხვდა იმ სირთულეებსაც, რაც ამავდროულად საქართველოს ერთი პოლიტიკური მმართველობის მოდელიდან (საპრეზიდენტო რესპუბლიკა) მეორეზე (საპარლამენტო რესპუბლიკა) გადასვლის გარდამავალი პერიოდით გამოწვეულმა გაურკვევლობამ წამოჭრა. ასე, გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში, ყველა (ინვესტორები, მწარმოებლები და მომხმარებლებიც) თითქოს ერთგვარი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოცდას ამჯობინებდა.

ქართული ოცნების კოალიციას დიდი დრო დასჭირდა ასამუშავებლად და ინვესტორთა  დასაშოშმინებლი სტაბილური გარემოს პოლიტიკური გარანტიების შესაქმნელად. გარკვეულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა (მაგალითად, მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვამ) კი პირიქით, უცხოელი ინვესტორების მეტი აღშფოთებაც გამოიწვია.

არც მომხმარებლის ოპტიმისტურმა განწყობამ შეუწყო ხელი მოთხოვნის ზრდას. შესაძლოა ეს ერთგვარი „ჭარბი გულარხეინობის“ უცნაურ შემთხვევადაც კი მივიჩნიოთ, როცა პოზიტიური მოლოდინები უმოქმედობას უფრო იწვევს, ვიდრე მოქმედებას იმათი მხრიდან, ვინც მთავრობის მიერ პირობების გაუმჯობესებას (მაგალითად, ფასების დაწევის) უმოკლეს ვადაში ელოდება.

ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (გრაფიკი 6) მშვენივრად ასახავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაურკვევლობას 2013 წლის ოქტომბრამდე: ეიფორიული ნახტომი მოლოდინებში ქართული ოცნების პოლიტიკური ტრიუმფის შედეგად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და სწრაფი იმედგაცრუება შემდგომში, რასაც მოლოდინების ზიგზაგისებური ცვლილება მოჰყვა მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის ნელი გაუმჯობესების ფონზე.

შემდეგ, როცა 27 ოქტომბერს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატმა მოიგო, დასრულდა ერთწლიანი პოლიტიკური „კოჰაბიტაციის“ პერიოდი და სამომხმარებლო ნდობის ინდექსიც კვლავ ეიფორიულად გაიზრდა. ახლა, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მთლიანად ახალი მთავრობის ხელში გადავიდა, ქართული ოცნების კოალიციას აქვს კარგი შანსი საქართველოს ეკონომიკა „გადატვირთოს“. ამის წინაპირობები კი ნამდვილად არსებობს (ერთ–ერთი მათგანი 2013 წლის მეოთხე კვარტალში მოსალოდნელი აჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპია, რაზეც წინა სტატიაში ვისაუბრეთ), თუმცა ამისთვის დაუღალავი მუშაობა იქნება საჭირო.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა