ბევრი ჩვენგანი იღბლიანია იმის გამო, რომ მისთვის დიდებულ და ღირსეულ მასწავლებლებს უსწავლებია. მასწავლებლებს, რომლებიც არამხოლოდ გვასწავლიან, არამედ ჩვენს მორალურ და ზნეობრივ აღზრდაზეც ზრუნავენ. მართლაც, ამ პროფესიის ადამიანები უდიდეს (დადებით თუ უარყოფით) გავლენას ახდენენ ბავშვების აზროვნებაზე, მათ პროფესიულ მომავალსა და მისწრაფებებზე. ლოგიკურია, რომ ეს გავლენა ყველაზე ძლიერია სუსტ და დაბალგანვითარებულ სოციალურ გარემოში, სადაც მასწავლებელი ხშირად არის შუქურა სინათლისა (და განათლებისა), თავისებური „გოდების კედელი“ და უპირატესი მორალური და ინტელექტუალური ავტორიტეტი.
მიუხედავად ამისა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მასწავლებლის ანაზღაურება და სოციალური სტატუსი მკვეთრად შემცირდა. საჯარო სასკოლო განათლების ეს აშკარად გლობალური კრიზისი ყველაზე მეტად ღარიბებმა იწვნიეს: საზოგადოების მდიდარმა და განათლებულმა კლასმა ადვილად ჩაანაცვლა დაბალხარისხიანი საჯარო განათლება ძვირადღირებული კერძო სკოლებით. ამასთანავე, მათ ხელახლა აამოქმედეს საშინაო განათლებისა და არასასკოლო განათლების სხვა მეთოდებიც. ასე რომ, დებატები მასწავლებლის პროფესიისა და საჯარო სასკოლო განათლების ხარისხის ირგვლივ დიდად წილად უკავშირდება საზოგადოების სოციალური მობილობის, იგივე თანაბარი შესაძლებლობების მიმართ დამოკიდებულებას.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლამ სრულად გაანადგურა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა. თუმცა, რაც დღეს უნდა გვადარდებდეს, არის 2012 წლის მონაცემებით განათლების სექტორში არსებული ხელფასები (იხილეთ გრაფიკი), რომელიც ოდნავადაც არ გაზრდილა, მიუხედავად მრავალი რეფორმისა და ცვლილებებზე დახარჯული მილიონებისა. რეფორმებიდან აღსანიშნავია მასწავლებლების გადამზადებისა და სკოლაში შენარჩუნების მცდელობები, სკოლის საბჭოების შექმნა, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები, სასწავლო სახელმძღვანელოებისა და საგანმანათლებლო გეგმების შემუშავება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლების კომპიუტერიზაცია…
ეჭვგარეშე ვერ განვაზოგადებთ, მაგრამ საყურადღებო ფაქტია, რომ 2008 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მომავალი მასწავლებლების განათლების საერთაშორისო კვლევამ (TEDS-M) ამ დარგის სპეციალისტების დაბალი ხარისხი აჩვენა. საქართველო არის ბოლო (!) 17 მონაწილე ქვეყანას შორის ორივე — მათემატიკის სწავლების მეთოდისა და საგნის გააზრების კომპონენტის მიხედვით.
ძნელია უარვყოთ, რომ ქართველი განმანათლებლების დაბალი სოციალური სტატუსი ნამდვილად არის საერთაშორისო ტესტებში ქვეყნის სავალალო მაჩვენებლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. მაგალითად, 2006 და 2011 წლებში წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS) საქართველო იყო 45 ქვეყნიდან, შესაბამისად, 37 და 34 ადგილებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ამ და მსგავსი ტესტებიდან ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ერთიანი შედეგებია, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამ ტესტებში საქართველოს წარმატების (უფრო სწორედ, წარუმატებლობის) ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის დემოგრაფია და ეკონომიკური გეოგრაფიაა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის, ქალაქში მცხოვრები ღარიბებისა და საარსებო სოფლის მეურნეობით დაკავებული გლეხების შვილები უაღრესად დაბალხარისხიან საჯარო სკოლებში იღებენ განათლებას. ეს სისტემა კი ერთგვარი მახეა მათთვის, რომელიც, რომ აღარაფერი ვთქვათ XXI საუკუნის „განათლების ეკონომიკისათვის“ მომზადებაზე, მოსწავლეებს თანაბარი შესაძლებლობებითაც ვერ უზრუნველყოფს.
მკვდარი ცხენის ცემა დიდ ვერაფერ სარგებელს ვერ მოგვიტანს
შესაძლოა საქართველოს განათლების არსებულმა სისტემამ უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მიაღწია რა წერტილს, რომლის მიღმაც მას სარგებლის მოტანა აღარ ძალუძს. შესაბამისად, საჭიროა არსებითად ახალი ინოვაციური გაუმჯობესების გზების ძიება და არა უკვე კარგად აპრობირებული და გაცვეთილი ისეთი მეთოდები, როგორიცაა მაგალითად, მასწავლებლების გადამზადება. უპირველეს ყოვლისა, სისტემა დაუყოვნებლივ საჭიროებს ახალ სისხლს და ახალ კადრებს. ეს კი უკან, პრესტიჟისა და ანაზღაურების საკითხთან გვაბრუნებს.
რამდენიმე ათწლეულის წინ ქართულ ლიტერატურაში მასწავლებელი ღირსების სიმბოლოდ აღიქმებოდა. მაგალითად, ცნობილი ქართველი პოეტი იოსებ ნონეშვილი თავის ლექსში „მასწავლებელი“ ამ პროფესიის ადამიანებს საზოგადოებრივ ეტალონად წარმოაჩენს, მიაწერს რა მათ ისეთ ამაღლებულ მორალურ და ზნეობრივ თვისებებს, როგორიცაა: პატიოსნება, სიყვარული, განათლება, პატრიოტიზმი და მშობლიური დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ. ამჟამად მასწავლებლის ასეთი კულტის აღდგენა შეუძლებელია და პრინციპში, არცაა საჭირო.
საგანმანათლებლო პოლიტიკის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მოვიზიდოთ წარმატებული ქართველი კურსდამთავრებულები საქართველოს პატარა ქალაქებსა და სოფლებში არსებულ სკოლებში იმისათვის, რომ ამით უზრუნველვყოთ იქ არსებული სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ცვლილებების ტემპის დაჩქარება. მარტივი, მაგრამ თითქმის შეუძლებელი გზაა მასწავლებლების ხელფასების კოლოსალური ზრდა. უფრო რთული, მაგრამ მიზნის მიღწევის შედარებით ხელმისაწვდომი მეთოდი ისეთი ეროვნული პროგრამის შემუშავება და განხორციელებაა, რომელიც უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს (სამთავრობო სტიპენდიების მიმღებებთ) დაავალდებულებდა ერთი ან ორი წლით ემუშავათ მასწავლებლად საქართველოს რეგიონებში.
ასეთი პროგრამების წარმატებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ახალგაზრდა და გამოუცდელი მასწავლებლები უნდა მომზადდნენ და დასპეციალიზდნენ. ბუნებრივია, რომ ყველა მათგანს არ მოეწონება მასწავლებლობა და არ დარჩება სკოლაში, მაგრამ ზოგი მაინც დარჩება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა, სკოლები და ადგილობრივი საზოგადოება ადექვატურ სტიმულებსა და პირობებს უზრუნველყოფს ახალგაზრდა მასწავლებელთათვის.
* * *
როგორც ჯონ დეპრეი იტყოდა: „ვაშლის ნაყოფი ხიდან შორს არ ეცემა ... გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ხე გორაკზე დგას“. ამ გაგებით კი, საქართველოში ვაშლის ხეების ნახევარზე მეტი მცირედ განათ(ლ)ებულ ორმოში იზრდება, ორმოდან თავის დაღწევის პერსპექტივის გარეშე.