შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

სტრატეგიული კვლევის საჭიროება
ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2013

როდესაც რომელიმე ქვეყანა სტრატეგიულ კვლევებს ახორციელებს, შედეგებს მთელი კაცობრიობა იმკის. მართალია ფუნდამენტური კვლევების შედეგად მიღებულ ცოდნას პირდაპირი გამოყენება არ აქვს, მაგრამ სწორედ მასზე დაყრდნობით ხდება საწარმოო ინოვაციების დანერგვაც. ვრცელდება რა საერთაშორისო ჟურნალების მეშვეობით, ფუნდამენტური ცოდნა პოტენციურად ხელმისაწვდომია ყველასთვის ანუ ნებისმიერ საზოგადოებას შეუძლია მისი ყოველგვარი დანახარჯის და რაც მთავარია, საკუთარ კვლევაში ინვესტირების გარეშე გამოიყენება.

ფუნდამენტურის მსგავსად, გამოყენებითი კვლევების აბსოლუტური მონოპოლიზებაც შეუძლებელია. ამის მაგალითად გამოდგება ზოგიერთი აზიური ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, რომლის ეკონომიკური წარმატებაც დიდწილად ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა. სამრეწველო და საინჟინრო ჯაშუშობის მეშვეობით, ჩინელმა მიმბაძველებმა მოახერხეს დაწეოდნენ მსოფლიოს მოწინავე მწარმოებლებს სხვადასხვა საქონლის წარმოებაში. საერთაშორისო საპატენტო კანონმდებლობა უძლურია (რამდენიმე მიზეზის გამო, რომლებსაც აქ არ განვიხილავთ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დამნაშავეს ზურგს მისივე სახელმწიფო უმაგრებს. შედეგად, დასავლეთში კვლევაზე დახარჯული ფული აზიელი კონკურენტებისთვის ერთგვარი სუბსიდია აღმოჩნდა.

მაშ, საერთოდ რა საჭიროა, რომ საზოგადოებამ რაიმე ტიპის რესურსი დახარჯოს კვლევაზე?

ამისათვის სულ ცოტა სამი მიზეზი არსებობს. პირველი არის ის, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა იყოს განათლებული, რადგან გონიერი ხალხის გარეშე სხვისი აღმოჩენების (მიღწევების) ათვისებაც კი შეუძლებელი იქნებოდა. უნივერსიტეტის პროფესორებიც კი, რომლებიც კვლევებში არ მონაწილეობენ, ადვილად ჩამორჩებიან ხოლმე მათსავე სფეროში მიღწევებს და კარგავენ მსოფლიო სამეცნიერო დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც. შესაბამისად, ისინი ვერც თავიანთი სტუდენტებისთვის მოახერხებენ თანამედროვე მიღწევები სწავლებას. სწორედ ეს იდეა იდგა  ვილჰელმ ჰუმბოლდტის „სწავლებისა და კვლევის ერთობლიობის“ ძირითადი კონცეფციის მიღმა XIX საუკუნეში.

მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს შეეძლებათ იმის გადაღება, რასაც შენს ქვეყანაში გამოიგონებენ, შენ მაინც იქნები პირველი, რომელსაც ამ ცოდნაზე ხელი მიუწვდება. ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიების გადაღებით, ჩინელებს შეუძლიათ მიუახლოვდნენ დასავლური კომპანიების სიმაღლეებს, თუმცა ვერასოდეს შეძლებენ გაასწრონ მათ. კოპირება ხელმისაწვდომს ხდის ახალ ტექნოლოგიებს, მაგრამ მოგვიანებით. მაგალითად, მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, ერთი ან ორი წლით ჩამორჩენა დიდი განსხვავებას იძლევა.

და მესამე, რომელზეც ჩვენ ამ სტატიაში უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ, არის ის, რომ შეიძლება არსებობდეს სტრატეგიული კვლევების საჭიროება. იმისათვის, რომ ეს იდეა უკეთ გავიაზროთ, განვიხილოთ ბრაზილიის მაგალითი.

სპეციალური ცოდნა განსაკუთრებული საჭიროებებისთვის

გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში ბრაზილიის სოფლებში სიღარიბე მძვინვარებდა. ხშირი იყო საკვების მიწოდების კრიზისებიც. ამ დროისთვის ქვეყანა მსოფლიოში ყავის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი იყო, თუმცა ამავდროულად სხვა მრავალი საკვები პროდუქტის იმპორტიც უხდებოდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ იყო ის, რომ ყავის წარმოება ბრაზილიაში ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები კი არაეფექტიანად იწარმოებოდა. ქვეყნის აგრარული საწარმოო პროცესი ადაპტირებული არ იყო ტროპიკული კლიმატისა და ქვეყნის სხვა გეოგრაფიული თავისებურებების მიმართ და შედეგად, არსებული სახნავი მიწები ვერ აკმაყოფილებდა საკვებზე გაზრდილ შიდა მოთხოვნასა და ექსპორტს ერთდროულად. ექსპორტი კი ბრაზილიის ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად ითვლებოდა.

ბრაზილიას ძალიან სჭირდებოდა სპეციფიური ცოდნა, რომელიც ქვეყანას სახნავი მიწების რაოდენობის გაზრდის საშუალებას მისცემდა. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნის გამოცდილების გამოყენება შეუძლებელი იყო, რადგან მსგავსი კლიმატური პირობების მქონე სახელმწიფოები მასზე უფრო ღარიბები იყვნენ. ასე, რომ ვერავინ შექმნიდა ბრაზილიისთვის საჭირო ცოდნას, გარდა თავად ბრაზილიისა.

ამის გაანალიზების შემდეგ, ბრაზილიის ხელისუფლებამ დააარსა ბრაზილიის აგრარული კვლევების კორპორაცია (პორტუგალიურად, Empresa Brasileira de Pesquisa Agropecuaria  ანუ EMBRAPA). EMBRAPA სახელმწიფოს საკუთრებაშია და ექვემდებარება ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინიტროს. კორპორაციის ვებ-გვერდის მიხედვით, ორგანიზაციის მისიაა „უზრუნველყოს ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელისშემშლელი პრობლემების გადაწყვეტა ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების მეშვეობით“. EMBRAPA სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევების კარგი მაგალითია. მაშასადამე, ეროვნული კვლევის აუცილებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის განსაკუთრებული ეკონომიკური საჭიროებებია.

1973 წელს EMBRAPA-ს შექმნის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ცვლილებები სწრაფად არ მომხდარა, მაგრამ ამ დროისათვის შედეგები უკვე მკაფიოდ იკვეთება. კორპორაციამ დანერგა ინოვაცია, რომელმაც ბრაზილიის სავანა (cerrado) მწვანე სახნავ მიწად გადააქცია. EMBRAPA კი ტროპიკული სოფლის მეურნეობის სფეროში წამყვან კვლევით ცენტრად იქცა არა მარტო ბრაზილიის, არამედ მთელ მსოფლიოს მასშტაბით. ბრაზილიის ტროპიკულ მხარეებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების დაწყებასთან ერთად, ქვეყანა არამარტო ყავის, არამედ ფორთოხლის წვენის, შაქრის, ქათმისა და საქონლის ხორცის მსხვილი ექსპორტიორიც გახდა (იხ. გრაფიკი 1).

ბრაზილიის აგრარული კვლევების კორპორაციის წარმატების შესახებ 2010 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში (Eliseu Alves, “Embrapa, a successful case of institutional innovation“, Revista de politica Agricola, 2010), ავტორი ხაზს უსვამს ხელისუფლების მხარდაჭერის როლს, განსაკუთრებით ორგანიზაციის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე. პირველი თორმეტი წლის მანძილზე კორპორაციას მხოლოდ დაპირებების შეთავაზება შეეძლო. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო, რომელიც მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლით არ იყო მოტივირებული, უბრალოდ აგრძელებდა მასშტაბურ ინვესტირებას EMBRAPA-ის ადამიანურ რესურსებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

დღესაც, კორპორაციას ძირითადი ფინანსური მხარდამჭერი სახელმწიფოა. გრაფიკი 2 ასახავს EMBRAPA-ს ბიუჯეტის შემადგენლობას წყაროების მიხედვით 2000-2009 წლებში. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო კორპორაციის ბიუჯეტის 90-95%-საც კი აფინანსებს.

ბრაზილიის მსგავსად, ისრაელმაც მოახერხა წარმატებულად გაერთმია თავი სოფლის მეურნეობის გეოგრაფიული გამოწვევისათვის. ნეგევის უდაბნოში, რომელსაც ქვეყნის მთელი ტერიტორიის თითქმის ნახევარი უჭირავს, სახელმწიფო ძალისხმევით ფერმერობა განვითარდა. შედეგად კი, ებრაელი მკვლევარები მშრალ რეგიონებში სოფლის მეურნეობის საუკეთესო ექსპერტები გახდნენ მთელს მსოფლიოში.

და საქართველო?

2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარება სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა. მაშინდელი მთავრობის მიერ შემუშავებული ათპუნქტიან გეგმის „საქართველოს სტრატეგიული განვითარების  მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის 2011 – 2015” მიხედვით, ქვეყნის მთავარი მიზანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რომელიც აგრარული სექტორის განვითარებით მიიღწევა. სოფლის მეურეობა აშკარად პრიორიტეტულია ახალი მთავრობისთვისაც.

დღესდღეობით საქართველომ 60-იანი წლების ბრაზილიის მსგავსი პოლიტიკური პრიორიტეტი დაისახა. თუმცა ბრაზილიისგან განსხვავებით, აქ სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვნება უგულებელყოფილია და შესაბამისად, არც პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას. შესაძლოა, ქვეყნის გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ამგვარი საჭიროება საქართველოსთვის არც კი არსებობდეს. თუმცა ქვეყნის სოფლის მეურნეობაში ნამდვილად არსებობს უნიკალური პრობლემები, ოღონდ არა მაინცადამაინც გეოგრაფიული, არამედ უფრო ეკონომიკური ხასიათის. არ არსებობს სხვა ქვეყნებში მსგავსი ტიპის გამოცდილება, რომლის უბრალოდ კოპირებაც სოფლად სტრუქტურული გარდაქმნების სოციალურ შედეგებთან გასამკლავებლად გამოდგებოდა, რადგან საქართველოს სოციალური და კულტურული მახასიათებლები მართლაც რომ უნიკალურია. სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. რეგიონული კონფლიქტები აბრკოლებს სავაჭრო შესაძლებლობების რეალიზებას. საქართველო სხვა ქვეყნებს არც ინფრასტუქტურით ჰგავს.

ამიტომაც საჭიროა, რომ ქვეყანაში განიხილებოდეს არა სოფლის მეურნეობის, არამედ სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სტრატეგიული კვლევის სფეროდ გამოცხადების საკითხი. ეს დაეხმარება საქართველოს სოფლებს იმ დიდ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც უახლოეს მომავალში დადგება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა