საქართველოს სოფლის მეურნეობაში ადამიანური კაპიტალის ნაკლებობასთან დაკავშირებით მახსენდება გოდერძი ჩოხელის 1977 წელს გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „სამოთხის გვრიტები“. ყოფილი მღვდელი გადაწყვეტს საბაზისო განათლება მისცეს გლეხებს ერთ საბჭოთა სოფელში. მას სურს გლეხებს ასწავლოს წერა-კითხვა და უმარტივესი მათემატიკური გამოთვლები.
საბედნიეროდ, ამ ფილმში ასახული პრობლემა ბოლო ათწლეულის განმავლობაში სრულად აღმოიფხვრა. დღესდღეობით საქართველოს სოფლის მოსახლეობამ ნამდვილად იცის წერა-კითხვა (და ასევე მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფაც). CIA World Factbook-ის მიხედვით საქართველოში წიგნიერების დონე 99.7%-ია, და მსოფლიო რეიტინგში იკავებს მე-13 ადგილს 216 ქვეყანას შორის. საქართველო უსწრებს ისეთი წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორებიცაა შვეიცარია, შვედეთი და შეერთებული შტატები.
საქართველოში უწიგნურობის პრობლემის აღმოფხვრის მიუხედავად, ქართველი გლეხების განათლებაში ამჟამად არსებობს განსხვავებული ტიპის ნაპრალები და ისინი არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ტრაქტორის მართვა და მცენარეთა ბიოლოგია
საქართველოს სოფლის მეურნეობაში ადამიანური კაპიტალის პრობლემას პირველად ორი წლის წინ წავაწყდი, როდესაც შეხვედრები მქონდა ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ რამდენიმე წლის წინ მუნიციპალიტეტმა შეიძინა ტრაქტორები, რომლებიც სარგებლობაში გადასცა ფერმერებს. მათ კი სულ რამოდენიმე თვეში, არასწორი მოხმარებით, მწყობრიდან გამოიყვანეს ტრაქტორები.
მოგვანებით მთავრობამ იგივე მუნიციპალიტეტს აჩუქა რამდენიმე ტრაქტორი, მაგრამ წარსული გამოცდილების გამო ხელმძღვანელობამ ვეღარ გარისკა ტრაქტორების შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფერმერებისათვის საკუთრებაში გადაცემა. შედეგად, რამდენიმე ძვირადღირებული ტრაქტორი უსაქმოდ დგას სერვისცენტრში, რადგან რეგიონში არ მოიძებნა შესაბამისი ცოდნის მქონე ფერმერი.
ზემოაღნიშნული პრობლემა ტრაქტორების მართვაზე გაცილებით შორს მიდის. მოწინავე ქვეყნებში სოფლის მეურნეობა მეტად რთული ბიზნესია. თანამედროვე სოფლის მეურნეობა მოითხოვს საუნივერსიტეტო ცოდნას აგრო-საინჟინრო კუთხით. ეს უკანასკნელი არის ის დარგი, რომელიც აერთიანებს მცენარეთა ბიოლოგიას, აგრო-მექანიკას და ქიმიურ ინჟინერიას. ასეთი ცოდნის გარეშე შეუძლებელია საქართველო დაეწიოს ისეთ ქვეყანას როგორიცაა მაგალითად საფრანგეთი, სადაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პიროვნება 30-ჯერ მეტ პროდუქტს ქმნის, ვიდრე ქართულ სოფელში დასაქმებული.
საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს უნივერსიტეტები, სადაც ისწავლება სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული დარგები. რა თქმა უნდა, მოწინავე პოზიცია ამ მიმართულებით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს უკავია, რომელიც, როგორც წესი, უნდა ზრდიდეს სოფლის მეურნეობის ექსპერტებს, თუმცა სხვა უნივერსიტეტებიც, როგორიცაა გორის უნივერსიტეტი, ი. გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე გვთავაზობს სოფლის მეურნეობის პროგრამებს.
მანკიერი წრე
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ადამიანური კაპიტალის ნაკლებობა არ უნდა არსებობდეს, თუმცა არსებობს, რატომ? ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს სცემს ხუთი სიტყვა: დაბალი ხელფასები და დაბალი პრესტიჟი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მოქცეულია ე.წ. მანკიერ წრეში. როგორც გრაფიკი გვიჩვენებს, 2012 წელს სოფლის მეურნეობაში საშუალო თვიური ხელფასი ოდნავ აღემატება 400 ლარს. საქართველოს ეკონომიკაში ამაზე ნაკლები საშუალო ხელფასით მხოლოდ ტურიზმი, თევზჭერა და განათლება ხასიათდება. თუმცა ეს გასაკვირი არაა – რას უნდა ველოდებოდეთ იმ სექტორისგან, რომლის განვითარებაც ასეთ დაბალ დონეზეა?!
დაბალი ანაზღაურების გამო ახალგაზრდებს არ აქვთ მოტივაცია კარიერა აიწყონ სოფლის მეურნეობაში. ეს კიდევ უფრო აფერხებს ამ სექტორის განვითარებას და მომავალში ხელფასების კიდევ მეტად შემცირებას მოასწავებს.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სოფლის მეურნეობაში ასევე არსებობს მაღალანაზღაურებადი სამსახურებიც. როგორც წესი, ასეთ სამსახურებს უცხოელი ინვესტორები ან საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ, რომლებიც ექსპერტებად იწვევენ აგრონომებს და აგრონომიის მონათესავე სპეციალობების ადამიანებს.
დაბალ მონეტარულ მოტივაციასთან ერთად, ასევე არსებობს ფსიქოლოგიური პრობლემაც. საქართველოს ეკონომიკისათვის სხვა ძალიან საჭორო პროფესიების მსგავსად (ინჟინერია, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), სოფლის მეურნეობაც პრესტიჟის ნაკლებობას განიცდის ქართველ ახალგაზრდებში.
არის პროფესიული ტრეინინგები გამოსავალი?
2006 წლიდან მოყოლებულო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, საქართველოს შვიდ დასახლებულ პუნქტში (გორი, კაჭრეთი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი, ახმეტა და სენაკი) ჩამოაყალიბა პროფესიული განათლების ცენტრები. დღესდღეობით საქართველოში არსებობს უამრავი კოლეჯი, რომელიც გვთავაზობს გამოყენებით ცოდნას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა აგრონომია, ვეტერინარია და მეფუტკრეობა.
პროფესიული განათლება მუშაობს ვაუჩერული სისტემით: სახელმწიფო აფინანსებს 1000 ლარით იმ სტუდენტებს, რომლებიც აირჩევენ პროფესიული გადამზადების კოლეჯებს. განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ: „ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლას დამთავრებულები და მეთორმეტე კლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას“.
მიუხედავად მსგავსი კოლეჯების სიმრავლისა, გაურკვეველია რამდენად ზუსტად ერგება მათი პროგრამები სოფლის მეურნეობის მოთხოვნებს ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებით. საქართველოს პროფესიული განათლების 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია: “ვაუჩერებით დაფინანსებული პროფესიული განათლების ტრეინინგები პრიორიტეტს ანიჭებს მშენებლობას, რომელსაც მოსდევს ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი და სასტუმრო-რესტორნების მომსახურე პერსონალის გადამზადება და მხოლოდ მცირე რაოდენობის პროგრამებია აგრარული მიმართულებით.“ ამავე ანგარიშში ნათქვამია: „იმ სტუდენტების წილი რომლებიც რეგისტრირდებიან აგრარული პროგრამების მიმართულებით ძალიან დაბალია (0.8%-ზე ნაკლები), პროფესიული განათლების ნაკლებობა აგროსექტორში ხელს შეუშლის მთავრობის მიერ ამ სექტორის მიმართ გაზრდილ ყურადღებას.”
პროფესიული განათლების ტრეინინგების იდეა ძალიან მიმზიდველია, თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც საჭიროებს გადაჭრას იმისათვის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მოხდეს დადებითი ცვლილებები.
ჩოხელის ფილმში, იდეალისტი ყოფილი მღვდელი შეასწავლის ხალხს კითხვას. დღეს წერა-კითხვის არცოდნის პრობლემა აღარაა საქართველოში. ასე რომ ვიმედოვნებ, გრძელვადიან პერიოდში, სწორი პოლიტიკით შევძლებთ და აღმოვფხვრავთ პროფესიული განათლების ნაკლებობასაც საქართველოს სოფლის მეურნეობაში.