შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საუკუნის ბრძოლა
პარასკევი, 31 იანვარი, 2014

საუკუნის ბრძოლა? ეს იყო 1971 წელს, ნიუ იორკში, ჯო ფრეიზერი მუჰამედ ალის წინააღმდეგ, ასეა არა? არა! ეკონომისტებისათვის საუკუნის ბრძოლა ასოცირდება ორ სახელოვან ეკონომისტს, ჯონ მეინარდ კეინზსა (1883-1946) და ფრიდრიხ ავგუსტ ჰაიეკს (1899-1992) შორის დებატებთან. ეს შერკინება რინგზე სახელგანთქმულ ბრძოლას სიმწვავით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა.

რამ გამოიწვია ეს ცხარე დებატები და ეხება თუ არა ეს საქართველოსაც? დიახ, ეხება.

მოთხოვნის ნაკლებობა...

რა არის რეცესიისა და უმუშევრობის მიზეზები? კეინზს ამის შესახებ ნათელი წარმოდგენა ჰქონდა. ის ამტკიცებდა, რომ კრიზისის დროს ეკონომიკის შესაძლებლობები არ გამოიყენება სრულად. ქარხნები აწარმოებენ მხოლოდ ნაწილს იმისა, რისი წარმოებაც შეეძლოთ; საბადოები არ მუშაობენ მაქსიმალური სიმძლავრით; ხოლო მომსახურების მომწოდებლები არავის ემსახურებიან. რეცესიისას ეკონომიკური რესურსები არ გამოიყენება, არა რაიმე ეგზოგენური გარემოების (მაგალითად, მათი შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო), არამედ ერთგვარი კოორდინაციის პრობლემის გამო. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს იმას, რომ მეტ წარმოებას ხელს მხოლოდ ეკონომიკურ აგენტთა შეთანხმებული მოქმედების (კოორდინაციის) სირთულე უშლის.

გამოუყენებელი რესურსების ასათვისებლად და ეკონომიკის მისი შესაძლებლობის ზღვარზე დასაბრუნებლად დამატებითი მოთხოვნაა საჭირო. რადგანაც თავისუფალი ბაზარი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფას (სხვაგვარად ხომ რეცესიაც არ იქნებოდა), ეს როლი მთავრობამ უნდა შეასრულოს და რეცესიისას დამატებითი მოთხოვნა ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, სოციალურ თუ სხვა სფეროებში ხარჯების გაზრდით შექმნას.

აქვე იბადება ლოგიკური კითხვა: რატომ ვერ უზრუნველყოფენ ბაზრები საჭირო მოთხოვნას მთავრობის ჩარევის გარეშე? კეინზს, მე–19 საუკუნის მისი კლასიკური წინამორბედების მსგავსად, სჯეროდა, რომ ეკონომიკა წრიული სისტემაა. მოსახლეობა შემოსავლის ნაწილს მოიხმარს, დანარჩენს კი ზოგავს. დანაზოგები გადაიქცევა ინვესტიციებად, რაც ეკონომიკური აქტივობის მამოძრავებელი ძალაა. ეს უკანასკნელი კი მოსახლეობის შემოსავალის წყაროს წარმოადგენს. თუმცა, კეინზის თანახმად, აღნიშნულ წრიულ ციკლს ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი დეფექტი: ხალხი მოიხმარს და ზოგავს მხოლოდ შემოსავლის ნაწილს (და არა მთლიან შემოსავალს), რაც, თავის მხრივ, კაპიტალის მოძრაობის სხვა შემთხვევაში ჩაკეტილ წრეს არღვევს და ასე ვთქვათ, „გაჟონვას“ იწვევს.

მაინც რა არის ამ „გაჟონვის“ საფუძველი? კეინზისათვის ამის ახსნა ადვილი არ იყო. მის უდიდეს ნაშრომში, „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა, კეინზმა დაასახელა რვა ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება ადამიანის შემოსავლის მხოლოდ ორ ნაწილად: მოხმარებად და ინვესტიციად გაყოფა. ერთ-ერთ მაგალითად მან მოიყვანა ე.წ. მოქნილობის მოტივი: თუ შენ ან მოიხმარ ან ზოგავ მთელს შენს ფულს, ე.ი. შენ არ ხარ მზად მომავალ ცვლილებებზე ოპტიმალური რეაგირებისათვის. სხვა სავარაუდო მიზეზთა შორის კეინზმა დაასახელა ადამიანებში ღრმად ფესვგადგმული „მომარაგების“ მოტივიც.

კეინზი ამტკიცებდა, რომ ჭკვიანურად სტიმულირებული მოთხოვნით მთავრობას შეუძლია შეეწინააღმდეგოს კრიზისს და ამავე დროს შეინარჩუნოს წარმოება მისი შესაძლებლობების ზღვარზე. თუმცა კეინზიც კი აღიარებს, რომ ამისათვის საჭიროა ინფლაციის სახით საზღაურის გაღება. რეცესიის დროსაც კი, იარსებებს კომპანია, რომელიც უკვე მუშაობს მისი შესაძლებლობების ზღვარზე. თუ მოთხოვნა არის ხელოვნურად შექმნილი, მას აღარ შეეძლება წარმოების გაზრდა და იძულებული იქნება ამ ცვლილებას ფასების გაზრდით უპასუხოს. ეს უკავშირდება ფილიფსის ცნობილ მრუდს, გრაფიკს, რომლის ერთ ღერძზე გადაზომილია ინფლაცია, მეორეზე კი – უმუშევრობა. თუ კეინზის მსჯელობა სწორია, ლოგიკურია, რომ ფილიფსის მრუდი იყოს დაღმავალი (ანუ უმუშევრობის მაღალი დონე შეესაბამებოდეს ინფლაციის დაბალ დონეს და პირიქით). ემპირიულად მსგავსი მიმართება არსებობს მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნისათვის, ისიც დროის განსაზღვრულ შუალედებში. ასე რომ, ემპირიული დამოკიდებულება კეინზის მიმდევართა შეხედულებების უტყუარ დასაბუთებად ვერ გამოდგება.

... თუ სტრუქტურული პრობლემები?

კეინზისგან განსხვავებით, ჰაიეკი მიიჩნევდა, რომ რეცესია არამარტო გარდაუვალი, არამედ აუცილებელიც კია ეკონომიკის განახლებისა და გამოცოცხლებისათვის. არგუმენტის უკეთ გასაგებად განვიხილოთ ერთი კომპანიის მაგალითი. მაგალითად, ავიღოთ ავტომანქანების მწარმოებელი ფირმა. ცხადია, რომ კომპანიის ყველა გადაწყვეტილება ოპტიმალური ვერ იქნება. მაგალითად, შეუძლებელია ყველა ინვესტიციის მომგებიანობის უზრუნველყოფა. კომპანიამ შეიძლება დიდი რაოდენობით კაპიტალი დახარჯოს ინოვაციური მოდელის შექმნაზე და ბოლოს აღმოაჩინოს, რომ ეს უკანასკნელი საერთოდ არ შეესაბამება მომხმარებლის გემოვნებას. უარესიც შეიძლება მოხდეს, ტექნიკურმა პრობლემამ შესაძლოა ახალი მოდელის დასრულებასაც შეუშალოს ხელი, რაც ფაქტიურად  მთელი ინვესტიციის წყალში გადაყრის ტოლფასია. ასეთი უიღბლო შემთხვევებისას კომპანიებს მკაცრი ზომების მიღება უწევთ: პერსონალის დათხოვნის, წარმოების შემცირებისა თუ მთელი დანაყოფის დახურვის სახით.

ჰაიეკის თანახმად, არასწორი გადაწყვეტილებები და ინვესტიციები, რომელიც თავს ინდივიდუალური ფირმების დონეზე იჩენს, ეკონომიკის დონეზე ერთიანდება. კომპანიების ურთიერთდაკავშირებულობის გამო, ერთი კომპანიის გარდაუვალი რესტრუქტურიზაცია და ამის შედეგად შემცირებული დანახარჯები უარყოფითად ზემოქმედებს სხვა ფირმებზე, რაც ცვლილებების საჭიროების ალბათობის ზრდაში გამოიხატება. შესაბამისად, ჰაიეკი რეცესიად განიხილავს სიტუაციას, როდესაც ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთდროულად მტკივნეულ ცვლილებებს ახორციელებს.

რეცესიის მიმართ ეს უაღრესად პოზიტიური ხედვა გაიზიარა ავსტრიელმა ეკონომისტმა ჯოზეფ შუმპეტერმაც (1883-1950). 1934 წელს იგი წერდა: „ხელოვნური სტიმულები დეპრესიას თავისი ფუნქციის ბოლომდე შესრულების საშუალებას არ აძლევს.“

ჰაიეკი აშკარად ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ჩარევას, რადგან თვლიდა, რომ ეს კაპიტალის არასწორ გადანაწილებას კიდევ უფრო გაამძაფრებდა. მისი შეხედულებით, ოპტიმალური ეკონომიკური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია მილიონობით ადამიანშია გაბნეული და არცერთი ეკონომიკური აგენტი, ცალკე აღებული, არ ფლობს ეკონომიკურ სისტემაზე დადებითი გავლენის მოხდენისათვის საკმარის ცოდნას. ეს მოსაზრება, რომელიც იყო ბირთვი მის მიერ სოციალიზმის უარყოფისა, ჰაიეკმა შეაჯამა 1980 წელს ბრიტანელი ჟურნალისტი ბერნარდ ლევინისათვის მიცემულ ინტერვიუში (სხვათა შორის, ინტერვიუს ნახვა შესაძლებელია იუტუბზე): „ცოდნა ფაქტების შესახებ ხალხშია გაბნეული. თქვენ გინდათ, რომ გამოიყენოთ ცოდნა, რომელსაც ფლობს მილიონობით ადამიანი [...], მაგრამ დიდი ალბათობით არ შეგიძლიათ ამ ცოდნის შეგროვება“.

და საქართველო?

კეინზისა და ჰაიეკის (უფრო ნაკლებად) ეკონომიკურ დებატებში ასე ხშირად გამოყენებული იდეების ქართული მაგალითებით ილუსტრირება საკმაოდ მარტივი საქმეა.

ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ბოლო დროს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაცია შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს ქართული ეკონომიკისთვის. ესაა ფილიფსის მრუდის ტიპიური არგუმენტი: თუ გვაქვს მაღალი ინფლაცია, გვექნება დაბალი უმუშევრობის დონე. თუმცა, თუ საქმე იმპორტით გამოწვეულ ინფლაციას ეხება, ეს მსჯელობა არასწორია. კეინზის თანახმად, არსებობს მიზეზობრივი კავშირის ერთი დომინანტური მიმართულება: გაზრდილი მოთხოვნა იწვევს ინფლაციას, მაგრამ არა პირიქით. რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუ რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ლარის გაუფასურება სასარგებლო საქართველოს ეკონომიკისთვის, თუმცა მას ინფლაციის ეფექტთან საერთო არაფერი აქვს.

სხვა საკითხი, რომელიც შეიძლება კეინზს დავუკავშიროთ, თვით ლარის გაუფასურებაა. ეს უკანასკნელი კი დიდწილად გამოწვეულია უცხოური კაპიტალის უკან ევროპასა და აშშ-ში გადინებით, რაც ამცირებს ლარზე მოთხოვნას. აი, როგორ ხდება ეს:

2008 წლის ფინანსური კრიზისის საპასუხოდ, მსოფლიოს წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა გაზარდეს მიწოდებული ფულის მასა. დღემდე, მხოლოდ აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა (FED) დაახლოებით 400 მილიარდი დოლარი ჩაუშვა ეკონომიკაში (2008 წლიდან). ეს ძირითადად წარმართული იყო კეინზის თეორიის მიხედვით - კრიზისის შესაჩერებლად გაზრდილი სახელმწიფო დანახარჯები (ამ შემთხვევაში ცენტრალური ბანკის დანახარჯები). ასეთი პოლიტიკის გატარების შედეგად საპროცენტო განაკვეთები განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ნულამდე დაეცა, რამაც უცხოელ ინვესტორებს თავიანთი კაპიტალის იქ დაბანდებისკენ უბიძგა, სადაც სარგებელი გაცილებით მაღალი იყო. ამ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა საქართველოც. ახლა კი განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები ნელ-ნელა ისევ ამკაცრებენ მონეტარულ პოლიტიკას, რაც სარგებლის განაკვეთის ზრდასა და კაპიტალის უკან დაბრუნებას იწვევს. ამის ერთ-ერთი შედეგი კი გახლავთ ის, რომ ლარი უფასურდება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა