შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველო — „კავკასიური ვეფხვი“?
ორშაბათი, 03 მარტი, 2014

14 თებერვალს საქარათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების პროექტი — საქართველო 2020 გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი მოიცავს მომავალი რამდენიმე წლის სოციო-ეკონომიკური გამოწვევების ანალიზსა და მათთან გამკლავების სტრატეგიას. დოკუმენტის თანახმად, ძირითად მიზანს ქვეყნის სტაბილური და ინკლუზიური ზრდის მიღწევა წარმოადგენს. სტრატეგიას ლაიტმოტივად ახალი მთავრობის ეკონომიკური პრინციპები გასდევს. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ბაზრების თვითრეგულირებისა და ეფექტიანობის რწმენა აქ ნაკლებად იგრძნობა. მეტიც, სოციო-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ხაზს უსვამს პროაქტიული საჯარო სექტორის მნიშვნელობას უმუშევრობის შემცირების, ინვესტიციებისა და ექსპორტის წახალისების საკითხებში.

სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების განვითარების გზით. კერძოდ, მთავრობა აპირებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებას პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებით, მაგალითად, სავაჭრო შეთანხმებებით. მეტიც, იგეგმება უფრო აქტიური ჩართულობა საერთაშორისო ბაზრებზე ქართველი ექსპორტიორების ინტერესების დასაცავად. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია მთავრობის მზაობა დაეხმაროს ექსპორტზე გასვლის მოსურნე მცირე ზომის კომპანიებს ბაზრის კვლევასა (როგორიც შეიძლება იყოს უცხოურ ბაზარზე მოთხოვნის შეფასება) და ქართული პროდუქტების მარკეტინგში საზღვარგარეთ. ამასთან, იგეგმება სტრატეგიული ინფრასტრუქტურის — ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარება ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

მსგავსი სტრატეგია მსოფლიოს ადრეც უნახავს...

საქართველო 2020 ძალიან წააგავს ე.წ. ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის (ეოი) სტრატეგიას ანუ ექსპორტის გაფართოებით ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაჩქარების ეკონომიკურ პოლიტიკას. განვითარების ეს სტრატეგია წარმატებით გამოიყენეს „აზიურმა ვეფხვებმა“: სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ჰონგკონგმა, სინგაპურმა და ტაილანდმა. აღნიშნული ხედვის ძირითადი ელემენტები წარმატებით დაინერგა ინდონეზიაში, ფილიპინებსა და ჩინეთშიც.

ექსპორტზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ზოგიერთი ქვეყნის განვითარებას. მაგალითად, 1950-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ კორეა ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას წარმოადგენდა მსოფლიოში, დღესდღეობით კი განვითარებულ ქვეყანათა რიგებშია, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. სამხრეთ კორეა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელიც განვითარებისთვის საჭირო დახმარების მიმღებიდან დონორ ქვეყნად გადაიქცა.

საინტერესოა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში ზემოაღნიშნული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ჰგავდა ახლანდელ საქართველოს: მასშტაბური სიღარიბით, საზოგადოების მკვეთრი ქონებრივი დიფერენციაციით, უმუშევრობის მაღალი დონით, არაკვალიფიციური იაფი მუშახელითა და ა.შ. საქართველოს შემთხვევაში შეიძლება არასწორი იყოს სამუშაო ძალის დაბალკვალიფიციურად მოხსენიება, თუმცაღა შრომის ბაზარზე არსებული უნარების შეუსაბამობასაც მსგავს შედეგამდე მივყავართ. კომპანიებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით ვერ მოიძიებენ მათთვის სასურველ ინჟინრებსა თუ ტექნიკოსებს ქვეყანაში: ადამიანური კაპიტალის ნაკლებობის გამო თუ იმიტომ, რომ ადამიანებმა არასწორი პროფესიები აირჩიეს.

ეშმაკი დეტალებშია

ჩნდება კითხვა, წარმოადგენს თუ არა საქართველო 2020 ქვეყნის „კავკასიურ ვეფხვად“ გარდაქმნის გზამკვლევს?

საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც „აზიური ვეფხვების“ წარმატების რეცეპტის გამეორება სცადა. სამწუხაროდ, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის სტრატეგია ყველგან ისეთი წარმატებით არ მუშაობს, როგორც კორეასა და სინგაპურში. ერთი შეხედვით მარტივმა და სწორხაზოვანმა ეკონომიკურმა რეცეპტმა კრახი განიცადა ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში.

ძირითადად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ სტრატეგიის წარმატებისთვის მრავალი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალია გასათვალისწინებელი. გასათვალისწინებელია ისეთი დეტალებიც, რომლებსაც საქართველოს მსგავსი ქვეყნები, როგორც წესი, ვერ აკონტროლებენ.

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეოი სტრატეგიის წარმატებით დანერგვას უწყობს ხელს, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დანაზოგების მაღალი დონის შენარჩუნებაა. ეს შესაძლებელია ზომიერებისა და თავდაჭერილობის კონფუცისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებისათვის, მაგრამ არც ისე ადვილია პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობასაც დემონსტრაციული მოხმარებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს. აზიის წარმატებული ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობას ამოძრავებდა ძლიერი სურვილი მიეღო ტექნიკური და საინჟინრო განათლება, ანუ ქმნიდნენ ადამიანური კაპიტალის ზუსტად იმ ნაწილს, რომელიც ეოი წარმატებისთვის იყო საჭირო. საქართველოში კი დღესდღეობით სტუდენტები ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ეუფლებიან და ხშირად მიზანმიმართულად ცდილობენ ტექნიკური და მათემატიკური საგნების შესწავლისათვის თავის არიდებას. აშკარაა, რომ ეოი პოლიტიკის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საზოგადოება საკუთარი მენტალიტეტის „გადაწყობას“ ახალ სტრატეგიაზე. ეს კი, როგორც წესი, განვითარების ყველაზე უსიამოვნო და მტკივნეულ ნაწილს წარმოადგენს.

გარდა ამისა, შესაძლოა ეოი სტრატეგიის წარმატება უფრო მოსალოდნელი ყოფილიყო 1960-2000 წლებში, ვიდრე ახლა. ერთი შეხედვით, საერთაშორისო ვაჭრობა უფრო ლიბერალური გახდა ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმებისა (GATT) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების შედეგად. თუმცაღა, ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შემთხვევაში ფირმებს უსიამოვნო სურპრიზი ელის. გაერთიანებაში ექსპორტი რიგი მნიშვნელოვანი ბარიერების გადალახვას მოითხოვს, პროდუქციის წარმომავლობის ზუსტ სერთიფიკატებისა და ევროკავშირის სხვა მრავალ რეგულაციასთან შესაბამისობის ჩათვლით. გაერთიანებაში გასაყიდი ბანანებისთვის დასაშვები მოხრილობის ინტერვალიც კი წინასწარაა განსაზღვრული. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული არაა, ვიფიქროთ, რომ დღეს განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტი გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე 30 წლის წინ.

ექსპორტით ქვეყნის წარმატების მიღწევის ძირითადი განმაპირობებელი მისი შედარებითი უპირატესობის აღმოჩენა და გამოყენებაა. საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომიკური თეორიის თანახმად, ყველა ქვეყანას გააჩნია შედარებითი უპირატესობა რაიმეს წარმოებაში, თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შესაძლო უპირატესობა ერთნაირად სასარგებელოა. შედარებითი უპირატესობა მაღალ ტექნოლოგიებსა და ავტომობილებში უცილობლად აშშ-ის, გერმანიისა და იაპონიის მსგავს ქვეყნებს ეკუთვნის. ამ სექტორებში უპირატესობა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იაფი ქსოვილების, პლასტმასის სათამაშოების ან ყავის მარცვლების წარმოებაში. რა გასაკვირია, რომ ეს უკანასკნელი ქვეყნის განვითარების პოტენციალს მნიშვნელოვნად ვერ აუმჯობესებს. საკითხავია, აქვს კი საქართველოს შედარებითი უპირატესობა ისეთ სექტორში, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობის სწრაფად გაზრდა შეუძლია? რომ ჰქონდეს, განა იქნებოდა ჩვენი ქვეყანა ასეთ ღარიბი ამ შემთხვევაში?

ბოლოს, რაც არ უნდა მიმზიდველად ჟღერდეს ეოი მის დანერგვა საქართველოში მართლაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „აზიური ვეფხვების“ წარმატებაში წვლილი ბოლო 50 წლის მანძილზე ელექტრონიკაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში ტექნოლოგიური რევოლუციის ტალღამაც შეიტანა. ამასთან, მათ ისარგებლეს ტრადიციული  ინდუსტრიების (როგორიცაა მაგალითად, მსუბუქი მრეწველობა) მაღალშემოსავლიანი ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში გადაადგილებითაც. და მაინც, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის სტრატეგია განვითარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტრატეგიაა. შესაბამისად, საქართველოს სოციო-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მართლაც რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქვეყნის განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება კითხვა: რა შეიძლება შესთავაზოს „კავკასიურმა ვეფხვმა“ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით?

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა