რაკი საქართველომ ფერმერული ორგანიზაციების განვითარების ამბიციური პროგრამა წამოიწყო, ამ ეტაპზე სასარგებლო იქნება მსგავსი ინიციატივების დადებითი და უარყოფითი გამოცდილების მიმოხილვა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა განვითარებადი თუ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. ტიმ სტიუარტის წინამდებარე სტატია, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე www.springfieldcentre.com, განიხილავს დამწყები ფერმერული გაერთიანებების წარუმატებლობის ძირითად მიზეზებს. საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ფერმერული ორგანიზაციების განვითარების პროცესში, ამ სფეროში უკვე დაშვებულ შეცდომებზე სწავლა და დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ამ გამოცდილების გამოყენება იქნება. აგრეთვე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამართული კოორდინაცია პროცესის მონაწილეებს შორის (ახლადშექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფერმერული ასოციაციები).
როგორც ოდესღაც ერთმა კაცმა მითხრა, იმისათვის, რომ გახდე სოფლის მეურნეობის ნამდვილი სპეციალისტი, შენს მიერ განხორციელებული პროექტების პორტფელში ერთი წარუმატებელი პროექტი მაინც უნდა ერიოს. ამგვარი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სექტორის ორი მახასიათებლის: წარუმატებლობის გარდაუვალობისა და მარცხისკენ მიდრეკილების ილუსტრაციაა. იგივე შეიძლება ითქვას პროექტებზე, რომელთა მიზანია ფერმერთა გაერთიანებების ჩამოყალიბება (ფერმერული ორგანიზაციები, კოოპერატივები და ა.შ.). მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ განცდილი მარცხიდან და არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაც ისევ კრახამდე მიგვიყვანს.
აგრარულ ბაზარზე მოქმედი ტრადიციული პროგრამები ხშირად მიმართულია ფერმერული გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და მხარდაჭერისაკენ. ამგვარი ჩარევების აუცილებლობას ხშირად ხსნიან იმ სარგებლით, რაც მცირე ზომის ფერმერებს მასშტაბის ეკონომიურობამ შეიძლება მოუტანოს, როგორც წარმოების (აქტივები, მუშახელი, საწარმოო ფაქტორები), ასევე მარკეტინგისა (შემცირებული ტრანზაქციის დანახარჯები და გაზრდილი რაოდენობა) და მთავრობასთან ურთიერთობის პროცესში. ჩემი აზრით კი, ფერმერთა გაერთიანებების ჩამოყალიბება და მათი მხარდაჭერა უმეტესწილად დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვაა. ეს მცდელობა ხომ ასე ხშირად არის წარუმატებელი! მიუხედავად ამისა, ამ უსიამოვნო რეალობის აღიარება ყველას უჭირს, რომ აღარაფერი ვთქვათ შეცდომებზე სწავლის მცდელობის არარსებობაზე.
საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურა მხარს უჭერს ფერმერული გაერთიანებების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების უებარ წამალს. ხშირად გარე რესურსებით ფერმერული ჯგუფების ინტენსიურ დახმარებაც კი გამართლებულადაა მიჩნეული. აღნიშნული ლიტერატურის თანახმად, გაერთიანების წევრები უფრო დიდი ალბათობით ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს, ინდივიდუალურ ფერმერებთან შედარებით. იდეის მხარდამჭერები ასეთვე ხაზს უსვამენ ამგვარი გაერთიანებების მნიშვნელობას კვების პროდუქტებისა და მათი საწარმოო ფაქტორების მიწოდებაში. მართლაც, გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, ბრაზილიის სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების 40% კოოპერატივების მიერ იწარმოება. ევროპაში ეს რიცხვი 60%-ს აღწევს და დამატებით საწარმოო ფაქტორების ნახევარსაც ბაზარზე ფერმერული ჯგუფები აწვდიან.
თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, თუ ჩავიხედავთ მსოფლიო კოოპერატივების მონიტორის მიერ გამოქვეყნებულ 2012 წლის ანგარიშში „კოოპერატივების ეკონომიკის კვლევა“, დავინახავთ, რომ აფრიკასა და უფრო ნაკლებად აზიაში, კოოპერატივების განვითარება სრულ ვაკუუმშია. მეტიც, ჩემი საქმიანობის დროს ხშირად ვხვდები ფერმერთა გაერთიანებებს, რომლებიც კრახს განიცდიან და პროექტის დასრულებისთანავე უჩინარდებიან. ხოლო ის აღჭურვილეობა კი, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას გადაეცათ, გამოუყენებულია და მინდვრის რომელიმე კუთხეში იჟანგება. შედეგად, ფერმერთა გაერთიანებები უკვე იქცა უფუნქციო განვითარების კლიშედ პოპულარულ პრესაში და წარუმატებლობის სინონიმად — განვითრების სპეციალისტებისათვის.
რამდენადაც მე ვიცი, მხოლოდ რამდენიმე ობიექტური და მიუკერძოებელი პროექტისშემდგომი კვლევა არსებობს, რომელიც ფერმერთა გაერთიანების კრახის მიზეზებს მიმოიხილავს. (თუ ვცდები და არსებობს მონაცემები ჯგუფების წარმატებისა და მდგრადი განვითარების შესახებაც, გთხოვთ, გამომიგზავნეთ!) როგორც წესი, გასაჯაროების შემთხვევაში წარუმატებლობა, გარეგან „გაუთვალისწინებელ წინააღმდეგობებს“ მიეწერება და განიხილება, როგორც გაკვეთილი, რომელისგანაც სწავლობენ. ფერმერთა ჯგუფები გახდა განვითარების ინდუსტრიის „შიშველი მეფის სინდრომი“, რომლის შესახებაც ოფიციალური მონაცემები და კვლევები დადებითი და აღმაფრთოვანებელია, თუმცა კონფლიქტში მოდის წარუმატებელ რეალობასთან. ასე რომ, ამ კონტექსტში ფერმერული ჯგუფების განვითარებას მე განვიხილავ, როგორც ფერმერების კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების არაეფექტურ გზას. ნეტავ, კიდევ რამდენი ფული უნდა დაიხარჯოს, შინაური ცხოველების რამდენი საველე სკოლა უნდა გაიხსნას, რამდენი კონსტიტუცია უნდა დაიწეროს, რამდენ ურთიერთგაგების მემორანდუმს უნდა მოეწეროს ხელი და რამდენი ტრეინინგი უნდა ჩატარდეს თემაზე „ფერმერობა, როგორც ბიზნესი“, რომ მივხვდეთ სიმართლეს — განვითარების ხელშეწყობის ეს ფორმა არ მუშაობს!
ფერმერული გაერთიანების წარუმატებლობის მიზეზები ბევრია, თუმცა ფართო კონტექსტში ასეთი ჯგუფები წარუმატებელია იმიტომ, რომ ისინი შექმნილია არასწორი მიზეზით, არასწორი ხალხის მიერ და/ან არასწორი გზით.
ფერმერთა ჯგუფების ჩამოყალიბების მცდარი მიზეზები
სააგენტოები ხშირად ქმნიან ფერმერულ ჯგუფებს იმიტომ, რომ ეს ეხმარება მათ მიაღწიონ მასშტაბის ეკონომიურობას მომსახურების, აქტივებისა და გრანტების გაცემისას. ამასთანავე, ძვირადღირებული აქტივების გადაცემა უფრო ეთიკურია ფერმერთა გაერთიანებისათვის, ვიდრე ცალკეული ფერმერისათვის. საზოგადოებრივი მფლობელობის ზნეობრიობა და კოლექტივის გამოყენების მოსახერხებლობა განვითარების ინდუსტრიის ზოგიერთ ნაწილში კვლავაც სიმპათიას იმსახურებს, მიუხედავად ჯგუფების მიერ აქტივების არასათანადო მართვისა. ფერმერთა გაერთიანების წევრობა ხშირად სააგენტოებისგან დახმარების მიღების აუცილებელი წინაპირობაცაა. საბოლოო ჯამში ჯგუფები ხელოვნურ სტიმულებზე აგებული იმ ერთეულებად ყალიბდება, რომლებსაც ქმნიან ის სააგენტოები, რომელთაც საკუთარი რესურსების მარტივად დაბინავება და მოკლევადიანი გარდამავალი გავლენის მიღწევა სურთ.
მაშასადამე, ნათელია, რომ არასწორად აღქმული ან ეგოისტური მიზეზები ფერმერთა წარმატებული გაერთიანების ჩამოსაყალიბებლად ვერ გამოდგება.
არასწორი ხალხი ფერმერთა ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად
აგრობიზნესი ხშირად დგას ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა მაღალი ტრანზაქციული დანახარჯები, მცირე ზომის ტრანზაქციები, ცუდი ორგანიზება და კომუნიკაცია. ფერმერებს ხშირად უჭირთ საკუთარი პროდუქტებისთვის გასაღების ბაზრების პოვნა, ან უწევთ ვაჭრობა მათთვის არასახარბიელო პირობებით. ინსტიტუტებისა (ჯგუფების) და სერვისების არარსებობა, რომლებიც დაეხმარებოდნენ ფერმერებს ამ პრობლემების გადაჭრაში, ხშირად საკმარისია სააგენტოების იმპულსური ინტერვენციის გასამართლებლად. ამ პროცესში ისინი ხშირად უსვამენ ხაზს საგანგაშო ამბავს, თუ როგორ უწევენ „შუამავლები ფერმერებს ექსპლუატაციას“.
პრობლემა აქ მხოლოდ ის კი არაა, რომ სააგენტოები თავს არიდებენ პრობლემის სიღრმისეულ მიზეზებს, რომლებიც ფერმერებსა და ვაჭრებს შორის ურთიერთობებზე გაცილებით შორს მიდის, არამედ ამ სფეროში ჩარევითა და „ფერმერთა სერვისების“ ჩამოყალიბებით ისინი სამუდამოდ სპობენ ან პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას. მტკიცე და მდგრადი საბაზრო მეთოდების გამოყენების ნაცვლად, ფერმერთა მომსახურება სააგენტოების პრეროგატივად მიიჩნევა. შედეგად, სოფლის მეურნეობის მუშაკები არ არიან უპირატეს მდგომარეობაში ბაზარზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური კავშირების გამო. ამ საბაზრო ჩავარდნის მოსაგვარებლადაც არ არსებობს შესაბამისი მომსახურებები და აქაც, სააგენტოები მზად არიან ისევ უხეშად ჩაერიონ ბაზრის ფუნქციონირებაში…
ასევე არასწორია, როცა განვითარების სააგენტოები სთავაზობენ ფერმერთა ჯგუფებს მომსახურებებს, ვინაიდან მათ, როგორც წესი, ბიზნესი კარგად არ გამოსდით, რადგან:
- სააგენტოები საბაზრო სუბიექტები კი არა, სუბსიდირებული და არაკომერციული ორგანიზაციებია. შედეგად მათი წარმატება დამოკიდებულია არა შეთავაზების ხარისხზე, არამედ დონორების დახმარების უწყვეტობაზე.
- ამიტომაც მათი სტიმულები მორგებულია დონორების განრიგსა და სათაო ოფისის პრიორიტეტებს და არა ბაზარს.
- მეტიც, სააგენტოები არ ხარჯავენ ეფექტურად და მათ მიერ მომსახურების მიწოდება ჯდება რეალურ დანახარჯებზე ბევრად ძვირად.
მაშასადამე, განვითარების სააგენტოები არ უნდა ქმნიდნენ ფერმერთა გაერთიანებებს, ვინაიდან ისინი ბაზრის გრძელვადიან მოთამაშეებს არ წარმოადგენენ, ხელს უშლიან ბაზრის ლეგიტიმურ მოთამაშეების ურთიერთქმედებას და მსუბუქად რომ ვთქვათ, არ გამოსდით ბიზნესი.
ფერმერთა ჯგუფების ჩამოყალიბების არასწორი გზა
სააგენტოები ფერმერულ ჯგუფებს ქმნიან პოტენციური სარგებლის აბსტრაქტულ, თეორიულ განსაზღვრებაზე დაყრდნობით. ისინი იშვიათად სვამენ უფრო სიღრმისეულ კითხვებს: თუ გაერთიანება ასე სასარგებლოა, მაშინ რატომ არ აყალიბებენ მას თავად ფერმერები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოგვცემდა ბაზრის სისტემური პრობლემების გაგების საშუალებას და სულ მცირე, თავიდან აგვაშორებდა რესურსების ფლანგვას კრახისთვის განწირულ ექსპერიმენტებზე. მიზეზები იმისა, თუ რატომ არ ერთიანდებიან ფერმერები, ბევრია. ხშირად ეს სტიმულებისა და შესაძლებლობების არარსებობას უკავშირდება.
სტიმულები: შესაძლოა გაერთიანებამ სულაც არ მოიტანოს დამატებითი შემოსავალი, ან მოიტანოს, მაგრამ არა იმდენი, რომ ფინანსურ საკითხებში სხვების ნდობის რისკს ამართლებდეს. შესაძლოა აგრეთვე არსებობდეს ხელშემშლელი ფაქტორებიც ფორმალურ ჯგუფებზე დამატებითი გადასახადის ან ადმინისტრაციული წნეხის სახით.
შესაძლებლობები: აგრეთვე შესაძლოა არსებობდეს ჯგუფების ჩამოყალიბების მიმართ ისეთი დაბრკოლებები, როგორიცაა, რეგისტრაციის არაეფექტური პროცედურები ან ადექვატური ინფორმაციის ნაკლებობა, რომელიც ფერმერებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემდა. ეს პრობლემები არ უნდა აღვიქვათ, როგორ იმგვარი ინტერვენციის გამართლება, როგორიცაა ერთი-ფანჯრის პრინციპის დანერგვა ბიზნესის რეგისტრაციისას. არამედ, ასეთი პრობლემების არსებობისას მართებულია იმის გამოკვლევა, თუ ვინ უნდა აწვდიდეს ფერმერებს ამგვარ ინფორმაციას და რატომ არ აწვდის?
მაშასადამე, ფერმერთა ჯგუფების ჩამოალიბების მცდარი გზა არის მათი განხორციელება იმ საფუძვლადმდებარე საბაზრო ჩავარდნის გაგებისა და გააზრების გარეშე, რაც სოფლის მეურნეობის მუშაკებს ჯგუფების ჩამოყალიბებისაგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას?
ჩემთვის და ჩემი მსგავსი ყველა სხვა სოფლის მეურნეობის სპეციალისტის ან განვითარების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსისთვის ფერმერებთან მუშაობა უკიდურესად სასიამოვნო და მომხიბვლელია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ სფეროში გადავწყვიტე საქმიანობა! თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ იმპულსურად პატარა ფერმერების ნაცვლად ვიმოქმედოთ, სააგენტოები ფერმერებს უკეთ უნდა მოემსახურონ შემდეგი სამი პრინციპის გათვალისწინებით.
პირველ რიგში, სააგენტოებმა ბაზარი ფართოდ გახელილი თვალებითა და გახსნილი გონებით უნდა გააანალიზონ ჩარევამდე, ფერმერთა საჭიროებების შესახებ უსაფუძვლო დაშვებების ნაცვლად. მოქმედება არ უნდა დაიწყონ ფერმერთა ჯგუფების ჩამოყალიბების მზა რეცეპტით და მთელი ძალისხმევა ამ არჩევნის გამართლების გზების ძიებაში არ უნდა დახარჯონ. საჭიროა იმ მიზეზების ძიება, თუ რატომ არ თანამშრომლობენ ფერმერები თვითონ, რა სტიმულები მართავს მათ ქცევას და რისი შესაძლებლობა არ აქვთ მათ. სააგენტოებმა უნდა მიიღონ სწორი პასუხი კითხვაზე: რატომ არ მუშაობს საბაზრო სისტემა?
მეორე, აშენე და ძირი არ გამოუთხარო! ზემოთ ჩატარებული ანალიზის ხელმძღვანელობით სააგენტოებმა უნდა იმუშაონ ბაზრის რელევანტურ და გრძელვადიან მოთამაშეებთან (როგორც კერძო, აგრეთვე საჯარო სექტორთან) და თავიანთი ძალისხმევა მიმართონ იმ საკითხებზე, რაც განაპირობებს დაბალ მწარმოებლურობას და დაბალ შემოსავლებს.
მესამე, იყავი პატიოსანი და ისწავლე შეცდომებზე. ეს არც ისე რთულია და არც დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ყველას ეშინია მისვლა.
ჩემი არგუმენტი არ არის ის, რომ სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება ცუდია და ეს ინსტრუმენტი არ შეიძლება მომგებიანი იყოს ფერმერებისთვის. ჩემი არგუმენტი არის ის, რომ სისტემური მიდგომით, რომელიც ხელს უწყობს თვითორგანზებას ბაზრის მოთამაშეებს შორის, სააგენტოებს აქვთ გაცილებით მაღალი შანსი დაეხმარნონ პატარა ფერმერებს. ეს დახმარება შეიძლება მოიცავდეს ან არ მოიცავდეს გაერთიანების ჩამოყალიბებას.
* * *
ტიმ სტიუარტი არის სფრინგლფილდის უფროსი კონსულტანტი. სფრინგფილდის მიდგომა გავითარების საკითხებთან მიმართებაში ღარიბებზე ორიენტირებული საბაზრო სისტემების ხელშეწყობა. ტიმმა თავისი კარიერა 15 წლის წინ დაიწყო. ის მუშაობდა აფრიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მმართველისა თუ მრჩეველის თანამდებობებზე სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ბაზრების ღარიბებზე ორიენტირებულ განვითარებას უწყობდა ხელს.