შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება საქართველოში: კვლევის განრიგი
პარასკევი, 11 აპრილი, 2014

საქართველოში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმნიშვნელოდ მიჩნეულმა პოლიტიკურმა დისკუსიამ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, დღესდღეობით დებატების წინა ფლანგზე წამოიწია. სამართლიანადაც! ეს საკითხები ფრიად კომპლექსურია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არამხოლოდ სოფლის მაცხოვრებლებზე, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომხმარებელ ქალაქელებზეც.

ცხადია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ. უამრავი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ მიდგომასთან დაკავშირებით. მაგალითად, რამდენად ეხმარება სასოფლო-სამეურნეო ბარათები (ვაუჩერები) სოფლის მოსახლეობას სიღარიბის დაძლევასა და/ან პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში? ნამდვილად აბრკოლებდა თუ არა სოფლის მეურნეობის ნაყოფიერებას მწყობრიდან გამოსული სარწყავი და სადრენაჟე სისტემა? რამდენად მნიშვნელოვანია მიწის რეგისტრაცია საკუთრების უფლებების დაცვის ან საინვესტიციო სტიმულების შექმნის მიზნით? რომელ მიმართულებებში გამოიწვია ზედმეტმა სახელმწიფო ჩარევამ კერძო ინვესტორების განდევნა პროცესიდან? ან რომელ მიმართულებებში არ იყო სახელმწიფო ინტერვენცია საკმარისი გლეხებისა და მცირე აგრობიზნესებისათვის ხელსაყრელი ინსტიტუციური გარემოს უზრუნველსაყოფად? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემაც აუცილებელია, პოლიტიკური მიდგომის ეკონომიკური და ფისკალური მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ბოლო დროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებით საქართველოში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. უკანასკნელი ორ წლის განმავლობაში, შემუშავდა და ძალაში შევიდა „საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“. ასევე გამოჩნდა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD), რომელიც მხარს უჭერს ასზე მეტი ბიზნეს-კოოპერატივისა და ფერმერთა გაერთიანების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

იმათ გასაგონად, ვინც აღნიშნულ ინიციატივას კოლმეურნეობასთან აიგივებს, „საქართველოს კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ გარკვევითაა აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უმთავრესი პრინციპები: ნებაყოფლობითი წევრობა, დემოკრატიული მართვა და წევრების ეკონომიკური თანამონაწილეობა. ასევე კოოპერატივების ფუნქციონირება უნდა ემყარებოდეს სოციალური პასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს. თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ განვჭვრეტთ, რამდენად დაინერგება ეს იდეალური პრინციპები პრაქტიკაში, განსაკუთრებით კი მენეჯმენტის, შენატანებისა და მოგების განაწილების კუთხით.

მიუხედავად ამისა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, როგორც იურიდიულ ერთეულს, თეორიულად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია. კერძოდ, ეს ფერმერებს მისცემს საშუალებას ისარგებლონ ერთად შრომის სხვადასხვა ბიზნეს უპირატესობით. მაგალითად, მომსახურების სფეროში მოღვაწე კოოპერატივებმა შეიძლება საკუთარ თავზე აიღონ პროდუქციის ხარისხის გარანტის ასე მნიშვნელოვანი ფუნქცია. ასევე, გაერთიანებებში მონაწილეობა გლეხებს საშუალებას მიცემს ისარგებლონ მასშტაბის ეკონომიით საწარმოო ფაქტორების შეძენისას ან პროდუქციის გასაღებისას, გაუმარტივებს კრედიტზე ხელმისაწვდომობას და გაუუმჯობესებს საბაზრო ინფორმაციაზე წვდომას. ბოლოს, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, აღსანიშნავია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პოტენციალი დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მაგალითად, იძულებით გადაადგილებულ პირებს.

ამავდროულად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების გზაზე ბევრი პრობლემა შეიძლება წამოიჭრას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია საბაზრო კავშირების ფორმირება და შენარჩუნება; ნდობისა და ადამიანური კაპიტალის როლი კოოპერატივებში, კოოპერატივებსა და ბაზრის სხვა მოთამაშეებს შორის; კოოპერატივის მმართველობა; საბაზრო რისკები და შეზღუდვები (მაგ. არასათანადო პროგრესი მიწის რეგისტრაციაში, პოლიტიკური არასტაბილურობა უკრაინაში და ა.შ.). არსებობს აგრეთვე, სპეციფიური იურიდიული, საგადასახადო და წესდებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს.

კვლევის განრიგი

არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ ვიწყებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ახალ კვლევით პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე ზეგავლენის შესწავლა. ვიმედოვნებთ, რომ კვლევის შედეგად მიღებული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ პროექტისა და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარებისათვის მოტანილი სარგებლით. გარდა ამისა, კვლევა წარმოდგენას შეგვიქმნის კოოპერატივების სტრუქტურის, მათი სამეწარმეო საქმიანობისა და საბაზრო კავშირების განვითარების შესახებაც. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE International in the Caucasus) და რეგიონალური განვითარების ასოციაცია (RDA), ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების (ENPARD საქართველო) ფარგლებში.

იმისათვის, რომ ჩვენი კვლევა და დისკუსია მონაცემებით გავამყაროთ, პროექტის ფარგლებში ვატარებთ საბაზისო კვლევას დასავლეთ საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში: ჩოხატაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი (გურია), აბაშა, ხობი, სენაკი (სამეგრელო ზემო სვანეთი) და ცაგერი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი). საველე გამოკითხვებს საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის საერთაშორისო კვლევის ცენტრი (GORBI) ახორციელებს. ასევე, ზაფხულიდან ვიწყებთ თვისობრივ კვლევასაც ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში. ეს უკანასკნელი მოიცავს ძირითადად ფერმერთა დღიურებს, ასევე ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუებს, ფოკუს ჯგუფებს გლეხთა შინამეურნეობების დონეზე და სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების გამოკითხვას.

ჩვენ განვიხილავთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების საკითხთა ფართო სპექტრს, იურიდიულ და საგადასახადო საკითხებს, მცირე მწარმოებლების სტიმულირებას, კრედიტის ხელმისაწვდომობასა და მწარმოებელთა და დამამუშავებელთათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი კრედიტის პროგრამის მნიშვნელობას. ამასთანავე შევისწავლით საკითხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია კოოპერატივის ჩამოყალიბებასთან, როგორიცაა წესდების განვითარება, საბაზრო კავშირების ფორმირება-ჩამოყალიბება, კოოპერატივის მართვა და ბიზნეს გეგმის განვითარება. ბოლოს, კრიტიკულად შევაფასებთ როგორც ჩვენი კონსორციუმის, ასევე სხვა კონსორციუმების ძალისხმევას ENPARD პროექტის ფარგლებში.

ჩვენი მიზანია მიკრო-დონეზე აღმოჩენილი შედეგებიც გახდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ დისკუსიის განხილვის საგანი. თუმცა, რაკი არ არსებობს სრულყოფილი კვლევა, მოხარულები ვიქნებით მივიღოთ თქვენი კრიტიკული კომენტარები თემასთან დაკავშირებით და გავმართოთ დისკუსიები ამავე ბლოგზე. ვიმედოვნებთ, რომ კვლევა საინტერესო და სასარგებლო იქნება ქართული საზოგადოებისათვის.

* * *

სტატია მომზადებულია ორგანიზაციების, ევროკავშირი და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, დახმარებით. სტატიის შინაარსი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხედვას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგივდეს რომელიმე პარტნიორის, ევროკავშირი ან ქეა საერთაშორისო კავკასიაში, პოზიციასთან.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა