შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

შეძლებს კი საქართველო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას?
ორშაბათი, 21 აპრილი, 2014

რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩმა, მისმა აღმატებულება იუვალ ფუქსმა ISET-ში სტუმრობისას ისაუბრა ისრაელის საოცარ გარდაქმნაზე — აგრარული სახელმწიფოდან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ელჩის თქმით, თუ მის ახალგაზრდობაში ისრაელი ცნობილი იყო ფორთოხლის წარმოებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორს დღესდღეობით მრავალ ასპექტში ამერიკისა და ევროპის ინდუსტრიებიც კი ვერ უწევენ ღირსეულ კონკურენციას. მეტიც, NASDAQ-ზე ისრაელის 60-ზე მეტი კომპანიის ფასიანი ქაღალდები იყიდება. ეს რიცხვი აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს. ისრაელის კომპანიათა ინოვაციებს მიეწერება Google-ის საძიებო სისტემაში „ავტომატური შეთავაზების“ ფუნქცია და RSA-ის დაშიფვრის ტექნოლოგია. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ისრაელის კიდევ ერთი ტექნოლოგიური ინოვაციის დემონსტრირება მოახდინა: მისი პრეზენტაციის სლაიდები ჩაწერილი იყო საბანკო ბარათის მსგავს „ჭკვიან“ მეხსიერების ბარათზე. ვიზიტის ბოლოს მისმა აღმატებულებამ ISET-ის ბიბლიოთეკას დამ სენორისა და საულ სინგერის წიგნი „დამწყები ერები“ (Dan Senor and Saul Singer. “Start-Up Nation”. 2009) უსახსოვრა, რომელიც აღწერს, როგორ მოახერხა ისრაელმა ინოვაციის აკვნად გადაქცევა (დეტალურად გაცნობის ნებისმიერ მსურველს შეუძლია ISET-ის ბიბლიოთეკას ეწვიოს რუსულენოვანი გამოცემის წასაკითხად).

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის წარმატების მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორებად შეიძლება საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჭკვიანი ადამიანების იმიგრაცია და არმია მივიჩნიოთ, ისრაელის ელჩის ღრმა რწმენით, საქართველოსაც გააჩნია მაღალტექნოლოგიური სექტორების განვითარების მსგავსი პოტენციალი. მართლაც, დიდი განსხვავება არ არის ისრაელის 30 წლის წინანდელ მდგომარეობასა და საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავსება კი სოფლის მეურნეობის როლს უკავშირდება.

როგორ ყალიბდება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა?

ეკონომიკის სამი ტრადიციული სფეროა სოფლის მეურნეობა (პირველადი სექტორი), მრეწველობა (მეორეული სექტორი) და მომსახურების სფერო (მესამეული სექტორი). თითოეული მათგანი შეიძლება დავახასიათოთ სექტორში გამოყენებული საწარმოო ფაქტორების მიხედვით. პირველად სექტორში ძირითადად გამოიყენება მიწა და ბუნებრივი რესურსები, მეორეულ სექტორში — ფიზიკური კაპიტალი, ხოლო მესამეულ სექტორში — სამუშაო ძალა. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელსაც ზოგჯერ მეოთხეულ სექტორსაც უწოდებენ, „იწარმოება“ ადამიანური კაპიტალით, ე.ი. განათლების, ცოდნისა და სხვა ინტელექტუალური საწარმოო ფაქტორების გამოყენებით.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი გვიჩვენებს, რომ გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბების დაჩქარება შეუძლია. მაგალითად, 1996 წელს Intel-მა კოსტა რიკაში 300 მილიონი დოლარის ღირებულების ნახევარგამტარების ამწყობი და განმავითარებელი ქარხანა დააარსა. კომპანიის გადაწყვეტილება ინვესტიცია ჩაედო კოსტა-რიკაში და არა ბრაზილიაში, ჩილეში, ინდონეზიაში, ფილიპინებში ან თუნდაც ტაილანდში მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისა და ხელსაყრელი საგადასახადო სისტემისა, ამ არჩევანში მთავარი როლი მაინც ქვეყნის კვალიფიციურმა სამუშაო ძალამ ითამაშა. მეორე მსოფლიო ომამდე კოსტა-რიკას აგრარული ეკონომიკა ჰქონდა, მისი ექსპორტის ძირითადი ნაწილი ყავაზე, ბანანსა და ანანასზე მოდიოდა. წარმოების სტრუქტურა არც 1948 წელს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ შეცვლილა. თუმცა შეიცვალა მთავრობის მიდგომა — დაიწყო მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება განათლების სისტემაში. ესპანურენოვანმა კოსტა-რიკამ ორენოვანი — ინგლისურ-ესპანური სასწავლო გეგმა შემოიღო. უფრო მეტიც,  1988 წლისთვის, როცა პერსონალური კომპიუტერები სახლებსა და ოფისებში ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენდა, ქვეყნის ყველა სკოლა კომპიუტერებით აღიჭურვა. დღესდღეობით, კოსტა-რიკა კვლავ აწარმოებს ბანანებსა და ანანასებს, თუმცა მთავარ საექსპორტო პროდუქციას უკვე კომპიუტერული მეხსიერების ბარათები წარმოადგენს (მსგავსად ისრაელისა, რომელსაც არ მიუტოვებია ფორთოხლისა და კივის წარმოება, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა მათი წილი ქვეყნის ექსპორტში).

შესაძლებელია სხვა, საქართველოს უფრო მსგავსი მაგალითების მოყვანაც. ახალი ათასწლეულის დასაწყისში პოლონეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობებმა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკური სექტორების განვითარების სტრატეგიული გეგმები დასახეს. როგორც წესი, ეს გეგმები გათვლილია საშუალოდ 10-15 წლიან პერიოდზე, რაც არც ისე დიდი დროა ქვეყანის  საწარმოო სტრუქტურაში ფუნდამენტური ცვლილებებისათვის. მაგალითად, 2002 წელს შემუშავებული სტრატეგია „წარმატებული ესტონეთი 2014“ მიზნად ისახავდა საუნივერსიტეტო  და კერძო კომპანიების კვლევების ურთიერთდაკავშირებას. საჯარო და კერძო სექტორის ერთდროული ჩართულობა კვლევის პროცესში სასარგებლოა, რადგან უნივერსიტეტის პროფესორებს ეკონომიკური პოტენციალის მქონე სექტორებისათვის მუშაობის სტიმულს უჩენს, მათ აღმოჩენებს კი უფრო ცხადი და პირდაპირი წვლილი შეაქვს რეალური სექტორის განვითარებაში, წარმატებული პროდუქტების აღმოჩენასა და ეკონომიკურ ზრდაში. მეტიც, საზოგადოებრივი კვლევის მორგება კერძო მიზნებზე კერძო კომპანიების კვლევების სუბსიდირების ტოლფასია. გარდა ამისა, ეს ურთიერთკავშირი უნივერსიტეტებისთვისაც სასარგებლოა: სტუდენტები სწავლის პროცესშივე ერთვებიან კომპანიების საქმიანობაში და შეუფერხებლად ინტეგრირდებიან შრომის ბაზარზე, ხოლო უნივერსიტეტებს კვლევების დაფინანსების კერძო წყაროები უჩნდება. დამატებით, სტუდენტები არ კარგავენ იმის შეგრძნებას, თუ რაში შეძლებენ მათი უნარების პრაქტიკულ გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი არაა, როცა ქვეყანას აბსტრაქტული მეცნიერებების ექსპერტები ჰყავს, ღარიბი საზოგადოებებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტები სტუდენტებს მწარმოებლურ უნარებსაც უვითარებდნენ.

„წარმატებული ესტონეთი 2014“-ის წარმატებით განხორციელების შემდეგ ესტონეთმა ახალი გეგმა „ცოდნაზე დაფუძნებული ესტონეთი 2014-2020“ შეიმუშავა, რომელიც ამჯერად ყურადღებას იმ ბარიერების აღმოფხვრაზე ამახვილებს, რომლებიც არსებული სამეცნიერო პოტენციალის ეკონომიკურ ზრდად გარდაქმნას უშლის ხელს. რუსეთის „ინოვაციის სტრატეგია 2020“ ასევე წარმოადგენს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლის მცდელობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპურმაც კი ერთ დროს წარმატებული „დაწევის“ მოდელი ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის სტრატეგიით ჩაანაცვლა ათასწლეულის დასაწყისში. ქვეყანაში დამოუკიდებელი ეკონომიკური კომიტეტიც კი დაარსდა, რომელიც განათლების სექტორის მრავალმხრივი განვითარების კოორდინირებას ახდენს.

რამათ გან, თელავივის გარეუბანი. XX საუკუნის 70-იან წლებში ისრაელი ძირითადად ფორთოხლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტიორი იყო. დღეს ისრაელის ეკონომიკა კონკურენციას უწევს აშშ-სა და ევროპას მაღალ ტექნოლოგიებში. ფოტო: Wikimedia Commons

რა დაბრკოლებებს ვაწყდებით ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისაკენ მიმავალ გზაზე?

კოსტა-რიკა წარმოადგენს ნათელ მაგალითს, როგორ შეიძლება ქვეყანამ თავისი ეკონომიკა განათლების ინდუსტრიაზე ააწყოს. თუმცა ამ ქვეყნის მაგალითი იმასაც ცხადყოფს, რომ შედეგის მისაღწევად დიდი დროა საჭირო. ცხადია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის დაარსება შეუძლებელია ორ კვირაში. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი, შესაძლებელია ათწლეულების განმავლობაშიც კი, ინვესტირება განათლებასა და კვლევაში. ამ კუთხით კი საქართველო აშკარა დეფიციტს განიცდის.  მაშინ, როცა მასწავლებლები და პროფესორები სამუშაო ძალის ყველაზე დაბალანაზღაურებად ჯგუფს წარმოადგენს, საეჭვოა ქვეყანამ ძლიერი განათლების სექტორის განვითარება მოახერხოს. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა, რომ  სკოლებმა და უნივერსტეტებმა მასწავლებლები და ლექტორები მათ მიერ გამოშვებული თაობების საუკეთესო ნაწილიდან მოიზიდონ. თუმცაღა, დაბალი ანაზღაურება წარმატებულ ადამიანებს მასწავლებლად მუშაობის სტიმულს უკარგავს. საქართველოსგან განსხვავებით, გერმანიაში მაღალი კლასების მასწავლებლებს (კლასების, როცა ქართველი მოსწავლეები უკვე სკოლაში სიარულით თავს აღარ იწუხებენ, რადგან ეს დროის კარგვად მიაჩნიათ) საშუალო ხელფასი ბოლო სამი წლის მანძილზე  50%-ით მაღალია გერმანიის საშუალო ხელფასზე (შენიშვნა: იმ მასწავლებლის ხელფასი, რომლის სამუშაო სტაჟიც 15 წელს აღემატება). შვეიცარიაში კი მასწავლებლები კარიერის ბოლოს საშუალო ხელფასის გაორმაგებულ რაოდენობას იღებენ. ამ ქვეყნებში მასწავლებლობა და ლექტორობა წარმატებული და პერსპექტიულ საქმიანობაა და არცთუ უმიზეზოდ. თუ ქვეყანაში მაღალი დონის მასწავლებლები არიან, მაშინ მოსწავლეებისა და სტუდენტების განათლების საშუალო დონეც წევს (იხილეთ, ერიკ ლივნისა და გიორგი ცუცქირიძის ბლოგი „რაც მასწავლებელი, ის მოსწავლე“).

აქვე ჩნდება მეორე მნიშვნელოვანი შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა პირდაპირ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადავიდეს საქართველო, რომლის მოსახლეობის 60% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. განა აუცილებელი არაა ქვეყანამ ჯერ სამრეწველო და მომსახურების სფეროები განავითაროს?

მაგალითად, სტალინმა დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ, გეგმურ ეკონომიკას  შეუძლია აგრარული ეკონომიკა სწრაფად გადააქციოს ძლიერი მძიმე ინდუსტრიის მქონე საზოგადოებად, რომელმაც ატომური ბომბიც კი შექმნა. თუმცა, ძნელი სათქმელია, შესაძლებელია თუ არა განვითარების შუალედური ეტაპების გამოტოვება ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასასვლელად საქართველოსნაირი ქვეყნისათვის. კონკურენტული მრეწველობისა ან მომსახურების სექტორის არსებობა მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა ქვეყანას გამხდარიყო „ცოდნის ლიდერი“ ამა თუ იმ სფეროში, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო  და კერძო კვლევების ურთიერთდაკავშირების შემთხვევაში. როცა ამერიკული უნივერსიტეტი საინტერესო კვლევას ატარებს, მაშინ კერძო კომპანიის მიერ ამ ახალი აღმოჩენის პატენტის ყიდვა და საბაზრო პროდუქტად გადაქცევა უმოკლეს დროში ხდება. ქართული აღმოჩენის შემთხვევაში კი პატენტის მიყიდვა ალბათ ძირითადად უცხოურ კომპანიებზე მოხდება, ვინაიდან ადგილობრივ ფირმებს ნაკლებად შესწევთ ამ ახალი აღმოჩენის საბაზრო პროდუქტად გადაქცევის უნარი და გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში აღმოჩენა ნაკლებ მოგებას ქმნის საზოგადოებისთვის.

თუმცაღა, განვითარებით დაინტერესებულ ბევრ ეკონომისტს სჯერა, რომ ზოგჯერ შესაძლებელია განვითარების გარკვეული საფეხურ(ებ)ის გამოტოვება. ამ თეორიას „ნახტომის (leapfrogging) თეორიასაც“ უწოდებენ.  მაგალითად, ზოგიერთი ის ქვეყანა, სადაც სატელეფონო სისტემის განვითარება პირდაპირ მობილური ტელეფონებით დაიწყო, ხაზის ტელეფონების ეტაპის გამოტოვებით, ამ თეორიის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს.

ეტაპები, რომელსაც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება მოითხოვს, მაგალითად განათლების სისტემის ახალ სტანდარტებზე მორგება, ქვეყანაში ნებისმიერი პროგრესის წინაპირობაცაა.  ამიტომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის დღის წესრიგში დაყენება არც სხვა სექტორების შევიწროვების დიდ რისკს ქმნის, ხოლო, თუკი გაგვიმართლებს, მაშინ შეიძლება კავკასიაში განვითარების თვალსაზრისით დიდი „ნახტომის“ მოწმენიც კი გავხდეთ.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა