შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ქართული ჩურჩხელა: ფიქრები ტრადიციულ ჩარჩოებს მიღმა
პარასკევი, 25 აპრილი, 2014

ეს არის ქართული ჩურჩხელა, ტკბილეული, რომელიც მზადდება ძაფზე აცმული თხილის ან კაკლის ფქვილით გასქელებულ ყურძნის წვენში, იგივე თათარაში ანუ ფელამუშში ამოვლებით და შემდეგ მზეზე გაშრობით. რეალურად არსებობს მხოლოდ 2-3 სახეობის ჩურჩხელა. ზოგს ჩურჩხელის კეთება უკეთ გამოსდის, ზოგს — უარესად, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდული ჩურჩხელები ერთმანეთისგან არსებითად მაინც არ განსხვავდება.

ეს კი ქართული ჩურჩხელის თურქული ანალოგია. ვისაც სტამბოლის სანელებლების ბაზარი უნახავს, შენიშნავდა მსგავსი ტკბილეულის მრავალფეროვნებას, როგორც თხილეულის, ასევე „საკაზმისათვის“ გამოყენებული ხილის თვალსაზრისით. ფორმებიც მრავალნაირია.

ჩურჩხელა არაა საქართველოში „პროდუქტის ინოვაციის“ ნაკლებობის ერთადერთი მაგალითი. მსგავს სიტუაციას ვაწყდებით ეკონომური საქმიანობის სხვა სფეროებშიც. საქართველოში ნებისმიერ რესტორანში ვხვდებით ერთსა და იმავე, საკმაოდ შეზღუდულ ტრადიციულ (გემრიელ) მენიუს: მაქსიმუმ ხუთიოდე სახეობის ხინკალს, ოთხიოდე სახეობის ხაჭაპურს და ფხალს, სამიოდე სახეობის მწვადს... ადამიანები იმავენაირად ამზადებენ ამ პროდუქტებს, როგორც წლების წინ მათი წინაპრები აკეთებდნენ. შეიძლება პროდუქტის ხარისხი უმჯობესდებოდეს, მაგრამ წარმოების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად არ ცდება ტრადიციულ ჩარჩოებს. 2012 წელს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების კვლევის დროსაც აღმოჩნდა, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ბარიერი სწორედ პროდუქტის ინოვაციის პრობლემაა.

ქართველების მხრიდან ტრადიციულ ჩარჩოებს მიღმა ფიქრის სურვილის არქონა საკმაოდ უცნაურია. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დისციპლინა პრობლემაა ქართველებისათვის, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით კრეატიულობაზე. ამის დასტურად ქართველი მსახიობები, მოქანდაკეები და ფილმის რეჟისორები გამოდგებიან, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი ორიგინალური სტილით საბჭოთა კავშირის დროსაც კი. მაშინ რატომ ხდება, რომ ქართველები გამოცდილ ტრადიციულ საქმიანობას ამჯობინებენ და თავს არიდებენ ახალ ინოვაციურ და ოდნავ უფრო რისკიან წამოწყებებს?

ნუთუ ეს იმის ბრალია, რომ ქართველებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას ტრადიციული პროდუქტები? ან იქნებ არ იციან რამდენად გაყიდვადი იქნება ახალი პროდუქტი? თუმცა ჩვენ ხომ, ასე თუ ისე, ჩართულნი ვართ ცოდნის გლობალური ურთიერთგაცვლის პროცესში, ინტერნეტის, საერთაშორისო ტელეარხებისა თუ ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით. თურქეთიც ხომ აქვეა, რა გვიშლის ხელს თუნდაც სხვადასხვა სახეობის ჩურჩხელის წარმოებაში?

ინოვაცია სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში: იაპონური ხედვა

ტრადიციული სოფლის ნობათისა და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა საქართველოს გზებზე მრავალი ქართული ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში სხვადასხვა სოფელმა სპეციალიზაცია მოახდინა სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაზე. მაგალითად, ცნობილია შროშის თიხის ნაკეთობები, ხაშურის ჰამაკები, მანავის ჩურჩხელა და ტყლაპი, სურამის ნაზუქი და ა.შ. თუმცა ეს „სპეციალიზებული“ სოფლებიც კი ცოტას თუ აკეთებენ თავიანთი ადგილობრივი პროდუქტების ბრენდირებისა და ინოვაციისათვის.

ქართული აგრარული მრეწველობის არადინამიურობის სრულ ანტიპოდს ვხვდებით იაპონიაში, სადაც ტრადიციები და კულტურა ისეთივე ძლიერია, როგორც ჩვენთან. იაპონური სოფლების მკვიდრნიც ხშირად თავიანთ ნაწარმს გზატკეცილებზე ყიდიან, თუმცა სრულიად განსხვავებული ფორმით. ახალი გზების მშენებლობისას იაპონელებმა სპეციალური გზისპირა მოსასვენებელი ადგილები შექმნეს, რომლებსაც ეწოდება „მიჩი-ნო-ეკი“ (Michi-no-Eki). ქვეყნის მასშტაბით სულ ასეთი 1,000-ზე მეტი შენობაა, რომელიც წელიწადში ჯამში 500 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. იდენტური პროდუქტის გაყიდვის (ბიგმაკის ან ვენდისის) ნაცვლად, როგორც ეს აშშ-ს ან ევროპის მოსასვენებელ ზონებში ხდება, „მიჩი-ნო-ეკი“ აქცენტს ინოვაციასა და უნიკალურობაზე აკეთებს: ადგილობრივი ტურისტული და საინფორმაციო ცენტრები, ადგილობრივი კულტურა და გართობა, ადგილობრივად წარმოებული და ბრენდირებული საკვები, ხელოვნება და ხელნაკეთი ნივთები... მაგალითად, თუ რომელიმე ადგილი განთქმულია ვაშლის წარმოებით, მოსასვენებელ შენობაში წააწყდებით არამხოლოდ ვაშლს, არამედ ვაშლის სხვადასხვა ნაწარმსაც, როგორიცაა, ვაშლის ჯემი, ვაშლის ჩიპსი, ვაშლის ნამცხვარი და მრავალი სხვა.

„მიჩი-ნო-ეკის“ იდეა კარგადაა ახსნილი იაპონურ ვებ-გვერდებზე. „2013 წლის აპრილის მონაცემებით, 1004 ასეთი მოსასვენებელი არსებობს. მათი უმეტესობა თვალწარმტაც მთლიან რეგიონში, ან სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. როგორც წესი, ადგილობრივი მთავრობა თავის თავზე იღებს „მიჩი-ნო-ეკის“ აშენებას, ხოლო კერძო ორგანიზაციები ზრუნავენ მის მართვაზე. შესაბამისად, მომსახურების ყველა ასპექტი, ფორმისა და შინაარსის ჩათვლით, ადგილობრივების კრეატიულობისა და მახვილგონიერების დამსახურებაა. შედეგად, ყველა მოსასვენებელი ზონა უნიკალურია. ზოგი სტუმრებისთვის ადგილობრივი კულტურისა და ბუნების გასაცნობად მუზეუმებსაც მოიცავს, ზოგის გარშემო კი კურორტები გაშენდა“.

„მრავალი „მიჩი-ნო-ეკი“ ტურისტულ ცენტრადაც კი გადაიქცა, სადაც შეგიძლია ისიამოვნო თბილი წყაროებით და გაერთო სათამაშო მოწყობილობებით, მოაწყო პრაქტიკული სემინარები, ისარგებლო მუზეუმით და ა.შ. დროთა განმავლობაში იზრდება იმ სტუმრების რიცხვი, რომლებსაც სპეციალურად „მიჩი-ნო-ეკის“ დათვალიერება სურთ“.

ზოგ შემთხვევაში შენობის არქიტექტურაც მიმზიდველია. „მოსასვენებელი ოგუნი იუ („Oguni-Yu“) ოგუნი-მაჩიში, კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს, 387-ე ეროვნულ გზატკეცილზე. შენობა კონუსის ფორმისაა და მისი ჩარჩო-კონსტრუქცია მთლიად ადგილობრივად წარმოებული კედარის ხისგანაა დამზადებული. ზედაპირი კი დაფარულია მინით, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას ირეკლავს. ეს მოსასვენებელი კოსმოსურ ხომალდს წააგავს ფანტასტიკური ფილმებიდან. ასევე, ვაწყდებით ინდივიდუალური დიზაინის სხვა მაგალითებსაც, რომელიც შერწყმულია ადგილობრივი რეგიონის მახასიათებლებთან, როგორიცაა სამურაის სახლის მსგავსი ან თიხის ჭურჭლის ფორმის მოსასვენებლები, შენობები გიგანტური წყლის ბორბლებით და ა.შ.“

შეიძლება საქართველო და იაპონია ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ არაფერია ცუდი იმაში, თუ ქართველები ისწავლიან იაპონელების გამოცდილებაზე, თუ როგორ შეიძლება ვიაზროვნოთ ტრადიცულ ჩარჩოებს მიღმა და ჩავაყენოთ ადგილობრივი უნარები და ტრადიციები სოფლის განვითარების სამსახურში. ამას, რა თქმა უნდა, მცირედი ხელის წაშველება დასჭირდება საქართველოს მთავრობისგან, ადგილობრივი ხელისუფლების ან დონორებისგან, რომელთა შორისაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოცაა (JICA).

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა