XV საუკუნეში დაიწყო საქართველოს სამეფოს დაშლის მტკივნეული პროცესი, რომელსაც ქვეყანამ თავი თანამედროვე ეპოქამდე ვეღარ დააღწია. სამწუხარო ფაქტია, რომ შუა საუკუნეების ბოლოს, საქართველოს სამთავროებად დაშლის შემდეგ, ქვეყანამ ვეღარ შეძლო დამოუკიდებელი ერის სტატუსის შენარჩუნება (ფლორიან ბირმანმა და მე უკვე განვიხილეთ ავბედითი გეორგიევსკის ტრაქტატი ჩვენს ერთობლივ სტატიაში მეფე ერეკლე II).
1446 წელს ტახტზე ავიდა გიორგი VIII, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ქვეყნის ერთიანობას უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი, მთელი რიგი სერიოზული მოვლენების გამო. 1463 წელს გიორგი VIII დამარცხდა ჩიხორის ბრძოლაში და იმერეთის სამეფომ, რომელსაც ბაგრატ VI მართავდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ორი წლის შემდეგ, გიორგი VIII-მ სცადა, დაესაჯა თავადი ყვარყვარე ჯაყელი, სამცხის სამთავროს ურჩი მმართველი, მაგრამ ყვარყვარემ მოულოდნელად შემოატრიალა მოვლენები, როდესაც თავად შეიპყრო და დააპატიმრა გიორგი VIII. ბაგრატ VI-მ ისარგებლა მეტოქის დასუსტებით, 1466 წელს შეიჭრა ქართლში და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ეს ყვარყვარეს გეგმებში არ შედიოდა, რადგან სუსტი გიორგის ნაცვლად მას საქმის დაჭერა ამჯერად საქართველოს თვითგამოცხადებულ მეფე ბაგრატთან მოუწევდა. ყვარყვარემ გაათავისუფლა გიორგი VIII იმის იმედით, რომ ის ტახტს დაიბრუნებდა, მაგრამ გიორგი VIII-მ ვერ მოახერხა ბაგრატ VI-ისთვის ტახტის წართმევა. მცირე მცდელობების შემდეგ, გიორგი VIII კახეთში გადავიდა და ცალკე სამეფო შექმნა. ბაგრატი რჩებოდა ქართლისა და იმერეთის მეფედ, თუმცა 1490 წელს ქართული სამეფო საბოლოოდ დაიშალა ქართლის, კახეთის, იმერეთისა და სამცხის სამეფოებად, რის შემდეგაც აღარ გაერთიანებულა.
შიდა დაპირისპირებები და დაშლა არ იყო უცხო ფეოდალური საზოგადოებებისთვის, სადაც არისტოკრატიის წარმომადგენლები გამუდმებით იბრძოდნენ ძალაუფლებისთვის. თუმცა გასაკვირი ის არის, რომ საქართველოს ასე გაუჭირდა გაერთიანება. რამდენიმე მომდევნო მმართველმა სცადა ძველი დიდებისა და ტერიტორიების აღდგენა, მაგრამ უშედეგოდ. ოსმალთა იმპერიისა და ირანის საერთო საფრთხის შემთხვევაშიც კი ქართველი მმართველები ვერ ახერხებდნენ უთანხმოებების გვერდზე გადადებას. ეს საკმაოდ საყურადღებოა. 1863 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერიის ლაშქარი ვენის კარიბჭესთან იდგა, მხოლოდ ჰაბსბურგის მმართველებზე არ დარჩენილა ევროპის კონტინენტის გამუსლიმების საფრთხის თავიდან აცილება. პირიქით, ევროპულმა კოალიციამ, რომელსაც პოლონეთის მეფე იან სობიესკი ხელმძღვანელობდა, უკუაგდო ოსმალები. გამუდმებით მტრულ გარემოცვაში მოქცეულმა ქართველმა მმართველებმა კი ვერ მოახერხეს გაერთიანება და საერთო მიზნისთვის ბრძოლა. რა იყო ამის მიზეზი?
ყველა გზას ეკონომიკასთან მივყავართ
ნობელის პრემიის ლაურეატის, მილტონ ფრიდმანის ანარქისტ-კაპიტალისტ შვილს, დევიდ ფრიდმანს მოსწონს ყველაფრის ეკონომიკით ახსნა. მის მიერ 1977 წელს დაწერილი სტატია „ერების ზომისა და ფორმის თეორია“ (პოლიტიკური ეკონომიკის ჟურნალი, 85, 59-77 გვ.) დაფუძნებულია მოსაზრებაზე, რომ მმართველები და მთავრობები დაინტერესებული არიან მხოლოდ თავიანთი საგადასახადო შემოსავლების მაქსიმიზაციით. შუა საუკუნეებში გადასახადების მხოლოდ ორი არსებითი წყარო არსებობდა: სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია და გადასახადები დამოკიდებული იყო მიწის რაოდენობაზე, სავაჭრო გადასახადები დამოკიდებული იყო სავაჭრო გზების კონტროლზე. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება საგადასახადო შემოსავლების ამ ფორმებს შორის.
დავუშვათ, რომ რამდენიმე ერთეული იყოფს სავაჭრო გზის სხვადასხვა ნაწილებს. თუ ერთ-ერთი მათგანი გაზრდის გადასახადებს, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს დანარჩენი ერთეულების შემოსავლებზე. სავაჭრო გზა ნაკლებად მომგებიანი გახდება, შემცირდება ვაჭრობა, რითიც ყველა დაზარალდება. ასეთი „უარყოფითი გარე-ფაქტორების“ შემთხვევაში (ეკონომიკურ თეორიაში გამოყენებული ტექნიკური ტერმინი), მოთამაშეებს აქვთ მოტივაცია, დააწესონ ბევრად მაღალი გადასახადები იმასთან შედარებით, რაც გაზრდიდა მთლიან საგადასახადო შემოსავლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნები იხეირებდნენ გაერთიანებითა და გადასახადების შემცირებით. თუ, მეორეს მხრივ, არსებობს კონკურენტული სავაჭრო გზები, მმართველები ჩაერთვებიან სავაჭრო მოცულობისთვის კონკურენციაში და საკუთარ გადასახადებს დაწევენ, რაც გაზრდიდა მთლიან საგადასახადო შემოსავლებს. კვლავ ვიმეორებთ, ერთობლივი საგადასახადო შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს, თუ ქვეყნები გაერთიანდებიან.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო გადასახადებს, მმართველებს არ აქვთ გაერთიანების არავითარი სტიმული. არსებობს მიზეზები, გვჯეროდეს, რომ სასოფლო-სამეურნეო გადასახადების მოკრება გულისხმობს ე. წ. „მასშტაბის არაეკონომიურობას“, კერძოდ, ეფექტურობა იზრდება, როდესაც ის სრულდება მცირე ერთეულებად. სასოფლო-სამეურნეო გადასახადების აკრება დიდ ტერიტორიებზე მოითხოვს მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ რესურსებს და გადასახადების ამკრეფთა უნარს, იურთიერთონ ერთმანეთთან. საჭიროა, ჩაიწეროს, ვინ რა გადაიხადა, რომ საგადასახადო რეგულაციები შესრულდა და არ მომხდარა ორმაგი დაბეგვრა. შუა საუკუნეებში ბიუროკრატია არ იყო კარგად განვითარებული და კომუნიკაციაც რთული იყო. ამ პრობლემის გვერდის ავლის ყველაზე იოლი გზა იყო მცირე ერთეულების შექმნა. უფრო მეტიც, შეიძლება დავამატოთ (მართალია, ფრიდმანი ყველაფერს ეკონომიკური მიზეზებით ხსნის, მაგრამ ამას არ ახსენებს), რომ, როდესაც დამოუკიდებლობა არ ქმნის არავითარ ეკონომიკურ პრობლემას, მმართველებს შეიძლება ბუნებრივად სურდეთ მცირე ერთეულების შექმნა, რომელთა მართვაც ბევრად მარტივია.
ამ არგუმენტების მიხედვით, ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ შემოსავალს ძირითადად სოფლის მეურნეობიდან იღებენ, აქვთ სტიმული, გამოეყონ, მაშინ, როდესაც ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებული არიან სავაჭრო გზების გადასახადებზე, აქვთ მოტივაცია, გაერთიანდნენ. ფრიდმანი საკუთარ თეორიას იყენებს ევროპის ერებზე, რომაელებით დაწყებული, თანამედროვე ერებით დამთავრებული და საკუთარი პროგნოზების პარალელურად ასკვნის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ ხმელთაშუაზღვის ვაჭრობამ მისცა დასაბამი რომის იმპერიას და მის რომაელ-გერმანელ სამართალმემკვიდრეებს. შემდეგ, VII-VIII საუკუნეებში, არაბთა შემოსვლამ აღმოსავლეთში დაკეტა ეს სავაჭრო გზები, რამაც გამოიწვია მცირე, დამოუკიდებელი ფეოდალური დომენების შექმნა ხმელთაშუაზღვისპირეთში. ანალოგიურად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც მოკლებული იყო გასასვლელს ზღვაზე, აქცენტი კეთდებოდა სოფლის მეურნეობაზე და, ამ თეორიის შესაბამისად, დაიყო ბევრ მცირე ერთეულად მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. საფრანგეთის, ესპანეთისა და ინგლისის სავაჭრო ეკონომიკა, მეორეს მხრივ, გაერთიანებული იყო დიდ, შეწყობილ სამეფოებად.
რა ხდებოდა საქართველოში?
საქართველო მდებარეობს აბრეშუმის გზაზე, მნიშვნელოვან აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო კორიდორზე, სადაც მთავარი სავაჭრო გზები გადიოდა. ფლორიან ბირმანი და მე შევეხეთ ვაჭრობის ტრადიციულ მნიშვნელობას საქართველოსთვის ჩვენს სტატიაში „დავით აღმაშენებელი“.
1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი, 37 წლის შემდეგ, 1490 წელს, უკვე საქართველოს სამეფო დაიშალა ქართლის, კახეთის, იმერეთისა და სამცხის სამეფოებად. ბიზანტიის იმპერიის დამხობამ და ბოსფორის სრუტეზე ოსმალეთის იმპერიის კონტროლის დამყარებამ აზიასა და ევროპას შორის საქართველოს გავლით ვაჭრობა კიდევ უფრო გაართულა. 1461 წელს ოსმალებმა აიღეს ტრაპიზონი და დახურეს დარჩენილი სახმელეთო სავაჭრო გზები სამხრეთით. 1475 წელს ოსმალებმა აიღეს ჩრდილოეთ შავი ზღვის სანაპირო და საქართველო ევროპისგან თითქმის მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა. შავი ზღვა გახდა „ოსმალეთის ტბა“, კავკასიის კორიდორი დაიხურა და სავაჭრო გზები ევროპისკენ გაქრა.
ფრიდმანს თუ დავუჯერებთ, ამ მდგომარეობამ განაპირობა მცირე ერთეულების ფორმირება. თუ მის თეორიას გავიზიარებთ, ქართველი მმართველები მხოლოდ პასუხობდნენ ეკონომიკურ სტიმულებს, როდესაც დაიშალნენ სამეფოებად. შესაძლოა, ეს იყო არა მეორე „დავით აღმაშენებლის“ არარსებობა, რამაც ხელი შეუშალა გაერთიანებას, არამედ გადაულახავი, მძიმე ეკონომიკური შეზღუდვები, რამაც შეუძლებელი გახადა ერთიანი ქართული სამეფოს კვლავ ჩამოყალიბება.