შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

გლობალიზებული გლეხთა მეურნეობისკენ
პარასკევი, 16 მაისი, 2014

ჩემს ესეში ეკონომიკური განვითარების შესახებ („რამ იმუშავა“, მესენჯერი, 3 ივლისი, 2013 წელი) მე ვახსენე გამოჩენილი ადამიანების „ახალი გლობალური პარტნიორობის“ უმაღლესი დონის პანელი (ევროკავშირის პუბლიკაციები, 2013 წელი), რომელიც მიზნად ისახავს აბსოლუტური სიღარიბის აღმოფხვრას და ეროვნული ეკონომიკების გარდაქმნას მდგრადი განვითარების გზით. შედეგად, თავში „მიზნები და გლობალური გავლენა“ პანელი ყურადღებას ამახვილებს სიღარიბის შემცირებაზე, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან ბრძოლასა და „დაბალკარბონული ტრაექტორიის“ პოპულარიზებაზე. ამ მიზნის მიღწევაში უმთავრესი წვლილი შეაქვს: უფრო მდგრად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, გაუმჯობესებულ ენერგო-ეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის გამოყენებას, უფრო მდგრადი აგრარული პოლიტიკის გავრცელებას, ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ ბრძოლას, გატყიანების გაძლიერებას ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესების კონტექსტში, საკვების უსაფრთხოებას, ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობის გათვალისწინებასა და ბიო-მრავალფეროვნებას (17 გვ.). რეალურად რის პოპულარიზებასაც პანელი ცდილობს, სხვა არაფერია, თუ არა სისტემური მიდგომა ეკონომიკურად, სოციალურად და გარემოს თვალსაზრისით ჯანსაღი „გლეხთა მეურნეობისადმი“.

მაინც რას ნიშნავს „გლეხთა მეურნეობა“? სოციო-ეკონომიკური ტერმინი „გლეხთა მეურნეობა“ ხასიათდება ქვემოთ მოცემული ნიშნებით:

- აგრარული საქმიანობა ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ზომის ფერმების ქსელზე;

- მწარმოებლები მოქმედებენ სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსით (მაგალითად, ინდივიდუალური საკუთრება, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტთან კონტრაქტი, კოლექტიური საკუთრება, რომელიც ნაწილდება წლიურად, კოოპერატივები და სხვ.);

- აგრარული წარმოება, მებაღეობა და/ან მეცხოველეობა ემსახურება საარსებო მიზნებს, ადგილობრივ ბაზარს ან უფრო დიდ ღირებულებათა ჯაჭვს, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე;

- წარმოება არის დივერსიფიცირებული და ხშირ შემთხვევაში ორგანული ან, სულ მცირე, დამყარებულია ძალიან მცირე რაოდენობის ქიმიკატებზე;

- წარმოება ჭეშმარიტად „კულტურულია“ იმ გაგებით, რომ აგრო-კულტურა შეესაბამება ისტორიულ და თანამედროვე სოციალურ კონტექსტს.

როგორც პანელმა დაადგინა, როგორც ნაციონალურ, ისე გლობალურად, გლეხთა მეურნეობა იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღი საფუძველი საკვებისა და არსებობის უსაფრთოხების, გრძელვადიანი ადგილობრივი განვითარების, შემოსავლის დაგროვებისა თუ გაძლიერებული პროდუქტიულობისთვის, ისევე, როგორც გლეხებისა და მათი ოჯახების უფლებების სამართლებრივი დაცვისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ გლეხთა მეურნეობა არ არის სამოთხეში სოფლის ყაიდაზე ცხოვრების რომატიკული ოცნება. არა, ეს უფრო ნიშნავს: უაღრესად მძიმე შრომას, ყოვლისმომცველ ცოდნასა და სტრუქტურების მრავალფეროვნებას, რომელიც უმთავრესია სიცოცხლისუნარიანი და პროდუქტიული გლეხთა მეურნეობისთვის. სოფლის მეურნეობის სექტორი უნდა დაექვემდებაროს იგივე წესებს, რასაც ზოგადად ეროვნული ეკონომიკა. ინოვაციური მცირე და საშუალო ზომის საწარმოების – ნებისმიერი ჯანსაღი და მდიდარი საზოგადოების ხერხემლის – არსებობა უზრუნველყოფს, მწარმოებელთა, ღირებულების ჯაჭვის, უერთიერთგადამკვეთი სტრუქტურებისა და დამატებითი აქტივობების ფართო მრავალფეროვნების არსებობას. დიდი ზომის უცხოურმა ინვესტიციებმა შეიძლება ხელი შეუწყოს სიცოცხლისუნარიანი ეროვნული ეკონომიკის აყვავებას; თუმცა მხოლოდ ასეთი ინვესტიციები ვერ დაიცავს ქვეყანას კლების, უმუშევრობისა და სიღარიბისგან.

მდგრადობის შენარჩუნებისთვის გლეხთა მეურნეობა უნდა იყოს პროდუქტიული და კონკურენტული. პროდუქტიულობა დაკავშირებულია არა მხოლოდ დიდ ზომებსა და ტექნიკურ-ქიმიურ წარმოების საშუალებებთან, არამედ, და უფრო მეტადაც, განათლებასა და უნარ-ჩვევებთან, გამოცდილებასა და დანერგილ მეთოდებთან, ისევე, როგორც ეკოლოგიურად ჯანსაღი ტექნიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებასთან. განვითარების აგრარული ცოდნის, მეცნიერებათა და ტექნოლოგიების შეფასების (International Assessment of Agricultural Knowledge, Science and Technology for Development – IAASTD) 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში გლეხთა მეურნეობა უფრო მდგრადი და პროდუქტიულია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე ეკოლოგიურად დამღუპველი სოფლის მეურნეობის მონოკულტურული ტიპი. მაგალითად, ბულგარეთში  შვეიცარიელმა ექსპერტმა ყველასთვის კარგად ცნობილი ვარდის ზეთის მონოკულტურის 1000 ჰექტარი გარდაქმნა ორგანულად. შემდეგი ნაბიჯი იქნება მიწის დანაწევრება რამდენიმეჰექტრიან ნაწილებად: „კერძო ფერმერები საკუთარ პროდუქტიულობას 4-5-ჯერ გაზრდიან,“ – განაცხადა მან. მსოფლიო ბაზრის არსებული მაღალი ფასების შემთხვევაში, ბევრი ფერმერისთვის ეს ოცნებაა.

დღეს მსოფლიოს მასშტაბით გლეხთა მეურნეობა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ეს ზეწოლა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ზეწოლის ძირითადი წყარო არ არის კლიმატის ცვლილება და განახლებადი რესურსების (ნიადაგი, ნეშომპალა, წყალი) დეგრადაცია. გლეხთა მეურნეობის მთავარი საფრთხე მოდის ორი სხვადასხვა მხრიდან: (1) საარსებო ფერმერობის არაპროდუქტიულობისგან გამოწვეული და ფართოდ გავრცელებული სიღარიბიდან, (2) მსხვილი ინვესტორების (იქნება ეს კერძო თუ საჯარო სააგენტოები) მიერ მიწების მიტაცებისგან. ბერნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტმა დაითვალა, რომ 2000-2013 წლებში, სულ მცირე, 83 მილიონ ჰექტარ მიწაზე მოახდინა გავლენა ამ ფაქტორებმა (45 მილიონი ჰექტარი მხოლოდ ავსტრალიაში). უზარმაზარი მონოკულტურები, როგორიცაა, ხორბალი, პალმის ზეთი, სოიოს მარცვლები, შაქრის ლერწამი და ბიოლოგიური საწვავის მცენარეები შლის ნიადაგისა და წყლის რესურსებს და მოითხოვს აურაცხელი რაოდენობის პესტიციდებსა და ჰერბიციდებს. მხოლოდ ჩინეთმა 50 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში მიწების შესყიდვაზე (ძირითადად აფრიკაში).

მზარდი (ურბანული) მსოფლიო მოსახლეობის გამოკვება, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევაა. და ვინაიდან სასაქონლო ფასები იზრდება, აგრარული გიგანტები იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ იყიდონ მიწა მარგინალიზებული და ღარიბი მცირე მესაკუთრეებისგან, რომელთა პროდუქტიულობის ნაკლებობა გამოწვეულია სახელმწიფოს გულგრილობისგან. ჭარბი და  არამდგრადი მეთოდების გამოყენებისგან ნაყოფიერი მიწისა და ნეშომპალის ფენის გლობალურად ფართოდ გავრცელებული დეგრადაცია წარმოადგენს მანკიერ ციკლს, რომლის შემობრუნებაც ადვილი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახნავ-სათესი მიწების მზარდ ნაწილს აკონტროლებს მესამე მსოფლიოს ქვეყნები და/ან უცხოელი კომპანიები. ამის ფონზე გენეტიკური ინჟინერია არის სასწაულმოქმედი იარაღი საკვების დაუცველობის, დაავადებების, დეგრადაციის წინააღმდეგ და ხდის მცენარეებს უფრო ძლიერს, ხოლო საკვებს უფრო გემრიელს. ვინაიდან ნეშომპალის ფენა ყველაზე ნოყიერ ადგილებში განადგურებულია, მეცნიერები ქმნიან თესლებისა და კულტივაციის ახალ მეთოდებს, რომლებიც გამოდგება ბევრად უფრო მკაცრ პირობებში. თუმცა ჩვენ თვალი არ უნდა დავხუჭოთ რისკებზე, რაც დაკავშირებულია ამ მცდელობებთან. პირველი, არსებობს ძალიან ბევრი გაურკვევლობა, თუ რა გავლენა ექნება ამ თესლებს ჯანმრთელობაზე, სიცოცხლისუნარიანობასა და გარემოზე. მეორე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გამო გენების ბანკებს განაგებს რამდენიმე გლობალური გიგანტი.

გლეხთა მეურნეობა არც პანაცე არ არის და მას არ შეუძლია ყველა პრობლემის მოგვარება, რაც მსოფლიო სოფლის მეურნეობის წინაშე დგას. თუმცა მან შეიძლება ხელი შეუწყოს ზემოთ დეტალურად აღწერილი მანკიერი ციკლის შესაძლებელ, რეალისტურ და დემოკრატიულად მიღებულ ალტერნატივას:

- ქვეყნებში, რომელთა მუშახელის უმეტესობა დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, სოფლის მეურნეობა არის პირველი და მთავარი სოციალური ფაქტორი და ის არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. იმისთვის, რომ ეს სოციალური ფაქტორი არ იყოს უგულებელყოფილი, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს წვდომა ნაყოფიერ მიწაზე. ბევრ ქვეყანაშე ამას შეიძლება დასჭირდეს, სულ მცირე, მიწების ფართომასშტაბიანი რეფორმა. ბოლო 20 წლის განმავლობაში მიწების რეფორმების არარსებობამ კლიმატის ცვლილებებსა და რესურსების დეგრადაციასთან ერთად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (მაგალითად, საჰელის წელი, აფრიკა) გამოიწვია მიწების მოშლა, სოფლების აყრა, შეიარაღებული ძალადობა და სამოქალაქო არეულობა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სამოქალაქო არეულობა დამანგრეველია მოკლევადიან პერიოდში, იგი წარმოადგენს ცვლილებების შესაძლებლობას. მიწის რეფორმა ხშირად პირდაპირ არის დაკავშირებული, თუ არა გამოწვეული, მეტი დემოკრატიის მოთხოვნასა და მეტ ავტონომიასთან მუნიციპალურ თუ სოფლის დონეზე.

- მეორე, მიწის რეფორმები უნდა განსხვავდებოდეს კონტექსტის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში მიწის ფლობის ტრადიციული სისტემა უნდა გარდაიქმნას. სხვა ქვეყნებში ინდუსტრიული სფეროს მიერ შთანთქნული იაფი მუშახელი მიმართული უნდა იქნას სოფლის მეურნეობის ცენტრებისკენ. თუმცა სხვა კონტექსტში ადრეული მიწის რეფორმები და მემკვიდრეობითი ტრადიციები, რამაც ხელი შეუწყო მცირე მიწათმფლობელობას, უნდა გადაიხედოს. თუმცა მიწის რეფორმა არ უნდა იყოს ორიენტირებული მიწის განაწილებაზე. მან უნდა შექმნას ახალი ან გამოცოცხლებული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობები აგრარული წარმოებისთვის. მიწის რეფორმის მიზანი უნდა იყოს მიწის ფლობის უსაფრთხოების შექმნა, მიწის განაწილების ფორმების შექმნა და მიწის მდგრადი ზომების განსაზღვრა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა მესამე ქვეყნების მიერ მიწების მიტაცებისგან. სათანადოდ უნდა იქნას გათვალისწინებული ისტორიული კონტექსტიც: დამტკიცებულია, რომ მიწის რეფორმები უფრო წარმატებულია, თუ ეფუძნება ტრადიციულ სოფლის სტრუქტურას, მიწის გამოყენების სისტემას, ისევე, როგორც ორგანიზაციულ გამოცდილებას (ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ წარმოებას და სხვ.).

- მესამე, წარმატების მისაღწევად, მიწის რეფორმას თან უნდა ახლდეს ბევრი სხვა ცვლილება. ძირითადი სამართლებრივი და საგადასახადო პირობები უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ გამარტივდეს კერძო ინვესტიციები ადგილობრივ აგრობიზნესში. სახელმწიფომ, კერძო-საჯარო პარტნიორობებმა, კერძო ბიზნესმა და ფინანსურმა სექტორმა უნდა უზრუნველყოს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. სოფლის კრედიტზე წვდომა რაციონალური პირობებით (საპროცენტო განაკვეთი და უზრუნველყოფის მოთხოვნები), ენერგიაზე, მომსახურებაზე, სადაზღვევო სისტემაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და კულტურაზე წვდომა არის სიცოცხლისუნარიანი სოფლის საზოგადოების შემადგენელი ნაწილი. ასეევ, აუცილებელია სოფლის დონეზე ეკონომიკური საქმიანობის მრავალფეროვნება, რათა მოხდეს დამატებითი მუშახელის მოზიდვა და სოციალური ცხოვრების წახალისება. ადგილობრივი ბაზრები და ვორქშოპები ან მცირე ავეჯის, ხის და სხვა ინდუსტრიები შეიძლება გათვალისწინებულ იქნას, რათა კონკურენცია გაეწიოს და დაეხმაროს უფრო დიდ ინდუსტრიებს. XIX საუკუნეში შვეიცარია გახდა ევროპის ყველაზე ინდუსტრიული ქვეყანა, რადგან მისი ინდუსტრიები გადავიდა სოფლებში. ცნობილი საათების ინდუსტრია ამისი კარგი მაგალითია. ქსოვილებისა და მანქანების მრეწველობაც წავიდა სოფლად, რათა გამოეყენებინათ უფრო იაფი წყლის რესურსები და ადგილობრივი მუშახელი. დღეს ტექ-კომპანიები შეიძლება დაფუძნდეს ყველგან.

- მეოთხე, აქცენტი უნდა გაკეთდეს „პროდუქტიულობის მრავალფეროვნების“ მართვაზე. პროდუქტიულობის მრავალფეროვნება ეროვნულ დონეზე არის გეოგრაფიული პირობების ფუნქცია: თქვენ ვერ აწარმოებთ ერთნაირად ციცაბო მთებსა და ტენიან ხეობებში, როგორც აწარმოებთ დაბლობებსა და ნახევრად გვალვიან ვაკეზე. პროდუქტიული მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მართვაზე. დღეს მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის ჩამოყალიბება – ბიომრავალფეროვნების გამოცხადებიდან დაწყებული, ტრანსპორტირებით, დაბინავებით, მარკეტინგითა და გადამუშავებით დამთავრებული – ძირითადად არის სახელმწიფო მუშაობისა და ადგილობრივი მმართველობის საკითხი. პროდუქტიული მრავალფეროვნება არის გადამწყვეტი ადგილობრივი შემოსავლების წარმოებაში და არის რეცეპტი იმის წინააღმდეგ, რასაც ხშირად ვხედავთ გაღატაკებულ სოფლებში მსოფლიოში: „ძალიან ბევრი ადამიანის მიერ ერთი და იმავეს კეთების სინდრომი“. თუ მთელ სოფელს უნდა ბანანით ან საზამთროთი ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე, მაშინ ვინღა იყიდის მას ან რა ფასად? პროდუქტიული მრავალფეროვნების მართვა გულისხმობს: საკვების უსაფრთხოებას და ხარისხის კონტროლს, (ადგილობრივ) ბაზარზე წვდომას, საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის მომსახურებას, ბუნების დაცვას, ეკოტურიზმს, ადამიანურ უსაფრთხოებას, განათლებასა და პროფესიულ ტრენინგებს, ურბანულ მიგრანტებთან კავშირის დამყარებას. დღეს ჩვენ ვხედავთ ახალ საქმიანობებს, როგორიცაა, „ურბანული სამთო მომპოვებლობა“ და „ურბანული ფერმერობა“ დიდ ქალაქებში, მაშინ, როდესაც ამავე დროს ინოვაციური ინდუსტრიები ფუძნდება სოფლებში. ურთიერთკავშირი ფერმერულ და არაფერმერულ საქმიანობებს შორის არის პირობა როგორც ეფექტურობის, ისე სისტემას შორის ეფექტიანობისთვის. გრძელვადიანი მიზანი ნათელია: სიღარიბის აღმოფხვრა პროდუქტიული გლეხთა მეურნეობის მეშვეობით და ჭარბი აგრარული მუშახელის გარდაქმნა დივერსიფიცირებული სასოფლო სტრუქტურების მეშვეობით, რომელიც გვთავაზობს ახალ ეკონომიკურ (არაფერმერულ) შესაძლებლობებს.

- მეხუთე, გლეხთა მეურნეობის ჩამოყალიბება თავისთავად „შემოქმედებითი პროცესია“: ის დადებით გავლენას ახდეს შემოსავლებზე, სოციალურ წყობასა და ბუნებაზე. ახალი მეთოდებისა და/თუ ახალი პროდუქტებისგან მიღებული კოლექტიური გამოცდილება წაახალისებს კეთებით სწავლის პროცესსა და განათლებას ფერმერებში. ახალი ფილოსოფიური ან სპირიტუალური მიდგომა შრომისადმი აგროკულტურაში სიმბოლურ ღირებულებას სძენს ბუნებას და ახალ სიამაყეს სოფლის საზოგადოებას. სოფლის მეურნეობის მიღმა მოთამაშეებსაც მოეთხოვებათ, მონაწილეობა მიიღონ გლეხთა მეურნეობაში. შედეგად, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ კვლევასა და აკადემიური ინსტიტუტებისა და ინტელექტუალების ინტერდისციპლინურ მონაწილეობასაც (განსაკუთრებით სოფლის წარმოშობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სოფლად ცხოვრების გამოცდილება და მისი შინაგანი ცოდნა)  აქვს თავისი  როლი. სამოქალაქო საზოგადოების სპეციფიური ინსტიტუტების როლი გადამწყვეტია, ერთის მხრივ, ეკოლოგიური დეგრადაციის თავიდან აცილებაში და, მეორეს მხრივ, გლეხთა მეურნეობებისა და სოფელსა და ქალაქს შორის ახალი კულტურული და ეკონომიკური კავშირების წახალისებაში. მაღალგანვითარებულ და ინოვაციურ შვეიცარიაში პატარა ქალაქები არის ჭეშმარიტი ცენტრები ახლომდებარე სოფლის მოსახლეობისთვის, სადაც ყველაფრის შოვნა შეიძლება და სადაც ახალგაზრდებსაც კი შეიძლება არ მოუნდეთ ცხოვრება. წარმოადგენს რა გადაჭედილი მეგაპოლისების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას, ამგვარი მცირე და საშუალო ზომის ქალაქები არის ადეკვატურად ინდუსტრიალიზებული და შესაფერისად დაკავშირებული ქვეურბანულ ტერიტორიებთან, რომლებიც სპეციალიზდება სასოფლო სამეურნეო წარმოებაში. ქალაქსა და სოფელს შორის გაცვლა შეიძლება ორგანიზდეს კოოპერატივების მიერ, რათა წახალისდეს პირდაპირი კავშირები მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. როდესაც ჰამბურგში სტუდენტი ვიყავი, დაახლოებით ასმა კოლეგამ ჩამოაყალიბა მომხმარებელთა კოოპერატივი, რათა მიეღოთ ახალი პროდუქტი (პატარა მაღაზიისთვის, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ) ქალაქის ახლომდებარე გლეხებისა და მწარმოებელი კოოპერატივებისგან.

ბევრი მცირე მიწის მფლობელისთვის, რომელიც ცდილობს გადარჩეს, „გლეხთა მეურნეობების“ იდეა შეიძლება ოცნებას ჰგავდეს. ისინი, ვინც პოპულარობას უწევს დიდი ზომის აგრო-ბიზნესს, ამას მტრულად შეხედავს: და რა ხდება პროდუქტიულობასთან, მოგებასა თუ ინვესტიციების ამოღებასთან დაკავშირებით? იკითხავენ ისინი. მართლაც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გლეხთა მეურნეობამ შეწყვიტა არსებობა ან არის სისტემური ეკონომიკური მარგინალიზაციის ობიექტი, თუ განადგურების არა. ნაციონალური და საერთაშორისო აგრო-ბიზნესები, რომელთა მიზანია მოკლევადიანი მოგების მაქსიმიზაცია, მონდომებით ცდილობენ, მოიპოვონ სასოფლო სამეურნეო მიწები, გაასახლონ მცირე გლეხები საკუთარი ადგილებიდან, აიძულებენ მათ გადასახლდნენ ქალაქებში ან საზღვარგარეთ და მონურად ამუშავებენ სოფლად დარჩენილებს (მცირე მიწის მფლობელეებს ან უმიწო გლეხებს). ასეთი ბიზნესები კონცენტრირებული არიან მომგებიანი კულტურების მცირე რაოდენობაზე (მათ შორის, ამ ბოლო დროს, აგროსაწვავი) და მათი წარმოების მეთოდები ქიმიურად ანადგურებს ნიადაგს, ეკოლოგიურ რესურსებს, ბუნებას, ოჯახებს, საზოგადოებებსა და სახელმწიფოებს. უზარმაზარი ანონიმური კომპანიები აკონტროლებენ მსოფლიო ბაზრებს ადგილობრივად მოყვანილ სათესლე პროდუქტებზე პატენტებით, სამართლებრივი შეზღუდვებით, ვაჭრობით და სხვ.

გლეხთა მეურნეობაზე რომანტიული მიდგომის შექმნა უსარგებლოა. გამოწვევა არის ჰოლისტიკური მიდგომის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს კომპლექსური რეალობის ყველა ასპექტს: ეფექტურ აგრარულ წარმოებას, ჯანსაღ სოციალურ გარემოს, ბუნებრივი გარემოს დაცვასა და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზებას. არსებობისა და საკვების უსაფრთხოება არის ორი ურთიერთდაკავშირებული საზომი ადამიანის უსაფრთხოებისა. სიცოცხლისუნარიანობის მასობრივი განადგურება ნამდვილად ვერ გახდება მსოფლიო საკვების უსაფრთხოების ხელშემწყობი. სამწუხაროდ, თუ ერთგან ნაყოფიერი მიწების დიდი ნაწილი ნადგურდება, მეორეგან ასეთი მიწები სათანადოდ არ  არის გამოყენებული. ამის კარგი მაგალითია უკრაინა: ევროპის შავი ნიადაგის 30%-ით მას შეუძლია მუდმივად აწარმოოს საკვები ერთი მილიარდი ადამიანისთვის (FAO-ის ანგარიში). ამის ნაცვლად, ქვეყანა დანაწევრებულია, არსებობს ქვეყანაში შეჭრის საფრთხე და უგულებელყოფილია სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. უნდა დაუშვას მსოლფიოს მზარდმა მოსახლეობამ შავი ნიადაგის ასეთი პროდუქტიული რესურსების ცუდად მართვა და განადგურება?

* * *

გუნტერ ბეხლერი არის შვეიცარიის ელჩი საქართველოში, მას აქვს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება და არის ბაზელის უნივერსიტეტის ევროპულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი. მას სურს, მადლობა გადაუხადოს ბატონ ერიკ ლივნის, ISET-ის დირექტორს, მის მიერ გაკეთებული სწორი შენიშვნებისთვის.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა