შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

პროსტიტუციის ეკონომიკა
პარასკევი, 13 ივნისი, 2014

„ბაზრის დამახინჯებაზე“ ფიქრისას ჩვენ წარმოვიდგენთ მთავრობის რეგულაციებს, გადასახადებს, სუბსიდიებს, რომლებიც ხელს უშლის ბაზრის მექანიზმებს ოპტიმალური სარგებლის მიღწევაში. მაგალითად, თუკი თქვენ იხდით 100 ევროს ტაქსის 30-წუთიანი მომსახურებისთვის (როგორც ეს ბევრ ევროპულ დედაქალაქშია), შეგიძლიათ, ეს ადვილად დაუქვემდებაროთ მთავრობის რეგულაციებს,  რომლებიც ტაქსის მძღოლებს სპეციალურ მოწმობას სთხოვს (რაზეც მაღალ ფასს აწესებს), ხოლო თუ კი უგულებელვყოფთ ამგვარ მოთხოვნას (მოწმობას), უფრო მეტ მძღოლებს გაუჩნდებათ სურვილი მართონ ტაქსი, რაც გაზრდის მიწოდებას და შეამცირებს ფასებს.

გასათვალისწინებელია, რომ მთავრობა არ არის ”ბაზრის დამახინჯების” ერთადერთი მიზეზი. კულტურა და რელიგია სერიოზულად მონაწილეობს ბაზრის (და მთავრობის) მართვაში და პოტენციურად აფერხებს მას მიაღწიოს საუკეთესო სარგებელს. მაგალითისთვის, ნეპოტიზმი – კულტურული ნორმა ბევრ არაევროპულ ქვეყანაში – აბრკოლებს შრომითი ბაზრის ეფექტიანობას. კულტურული ნორმების გათვალისწინებით, ბაზარი, სადაც ვაჭრობა გარკვეული საქონელითა და მომსახურებით  შესაძლოა გადავიდეს მიწისქვეშეთში, მყარ ნიადაგს უმზადებს და ახალისებს კრიმინალსა და კორუფციას.

აღნიშნული შემთხვევის ნათელი მაგალითია ასევე „სექსუალური მომსახურების გაწევა“. მსოფლიოს ამ უძველესი პროფესიის მიმართ სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული დამოკიდებულებებია. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, სინგაპურში), პროსტიტუცია დასაშვებია, მაგრამ არ რეგულირდება, ზოგან კი (ნიდერლანდებში), ის რეგულირებადი პროფესიაა და მომსახურება მხოლოდ სპეციალურ დაწესებულებებში – საროსკიპოებში ხდება. დანარჩენ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ის დანაშაულადაა მიჩნეული. იმ ქვეყნებში, სადაც პროსტიტუცია ლეგალურია, ამ სფეროს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს (ჯამური შემოსავალი დაახ. 100 მილიარდი ამერიკული დოლარი).

თუ უგულებელვყოფთ მორალურ ასპექტს, არსებობს მრავალი ეკონომიკური (და არამხოლოდ) ფაქტორი, რის გამოც პროსტიტუცია ლეგალური უნდა იყოს.

ეკონომიკური სარგებელი

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სექს ინდუსტრია ყველა ქვეყანაში არსებობს და იატაკქვეშა ეკონომიკის სტაბილურ ნაწილს შეადგენს. ლეგალიზაცია იძლევა რეგულაციისა და გადასახადების აკრეფის საშუალებას. მიღებული შემოსავალი შეიძლება გამოყენებული იყოს ზოგადი სურათის გასაუმჯობესებლად, ახალგაზრდა ქალებისთვის უკეთესი განათლების და სხვა პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, რათა ძირშივე მოგვარდეს პროსტიტუციის გამომწვევი პრობლემები. ნევადას შტატში (აშშ-ის ერთადერთი შტატი, სადაც პროსტიტუცია ლეგალურია) წლიური საგადასახადო შემოსავალი ერთ ქალ სექს მუშაკზე 20 000$-ს აღწევდა (Ayres, 2003).

ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის, პროსტიტუცია მთავარი საექსპორტო პროდუქტი და  უცხოელებისგან ფულის მიღების საშუალებაა. მაგალითად, “Kyodo News”-ის კვლევის თანახმად, სამხრეთ აზიაში 1993-1995 წლებში გამოვლინდა, რომ პროსტიტუციის წლიური შემოსავალი ტაილანდში 22,5-27 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

სამართლიანობის სარგებელი

პროსტიტუციის მიწისქვეშეთში ყოფნა, ძაბავს პოლიციას და მთელს იუსტიციის სისტემას. სამწუხაროდ, პოლიციის პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანახარჯების შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, ლეგალიზაცია ცალსახად მოხსნის გადაჭედილი ციხეების პრობლემას. ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხოლოდ კალიფორნიის შტატში 2010 წელს პროსტიტუციაში ჩართული 11 ათასი ადამიანი დააკავეს. ლეგალიზაცია არა მხოლოდ შეამცირებს ხალხის გასავალს, არამედ გაზრდის პოლიციის ქმედუნარიანობასაც. პოლიციის ძალა და ყურადღება პროსტიტუციის ფაქტების ქუჩაში ძებნის ნაცვლად, უფრო სერიოზულ დანაშაულებზე გადაინაცვლებს.

ლეგალიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი გახლავთ ისეთი კრიმინალური აქტივობების შემცირება, რომელიც დაკავშირებულია (არალეგალურ) პროსტიტუციასთან. გადავხედოთ ასეთ ქვეყნებს სადაც ეს პროფესია ლეგალურია, დავინახავთ, რომ სტატისტიკა შემცირებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და ტრეფიკინგზე მეტყველებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლეგალიზაცია პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს აძლევს ძალადობისგან დაცვის საშუალებას. შენ ვერ დაურეკავ პოლიციას და განაცხადებ დანაშაულის შესახებ, როდესაც შენი პროფესია თვითონ დანაშაულია. იმ ქვეყნებში, სადაც პროსტიტუცია არალეგალურია, ქალი მეძავები ხშირად ხვდებიან ძალადობის მსხვერპლნი. გარი რაიდვმა (სერიული მკვლელი, რომელმაც 48 ქალი მოკლა), განაცხადა რომ ის კლავდა მეძავ ქალებს რადგან იცოდა, რომ ამისთვის მას არავინ დასჯიდა.

შემცირებული ჯანმრთელობის რისკები

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვნი არგუმენტი არის ის, რომ ლეგალიზაცია ამცირებს სექსუალური გზით გადამდები დაავადებების, მაგალითად აივ ინფექციის რისკს. არარეგულირებადი პროსტიტუცია ამგვარი დაავადებების გავრცელების მთავარი წყაროა. ლეგალიზაცია (და რეგულაცია) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ძლიერი იარაღი იქნება.  სექსუალური მუშაკები ვალდებულნი იქნებიან პერიოდულად ჩაიტარონ გამოკვლევა, ექნებათ გაუმჯობესებული სამედიცინო განათლება, წვდომა კონტრაცეპტივებთან და სამედიცინო მომსახურებასთან. ლეგალიზაცია არა მხოლოდ შეამცირებს სექსუალური გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას, არამედ დაზოგავს დანახარჯების დიდი ნაწილს, რომელიც ასეთი ტიპის დაავადებებთან საბრძოლველად იხარჯება. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემები სწორედ ამგვარი დასკვნის საშუალებას იძლევა. ამ მონაცემების მიხედვით, ნევადაში, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთადერთი შტატია, სადაც პროსტიტუცია ლეგალურია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მატარებელი ყველაზე ცოტა ადამიანი ფიქსირდება აშშ-ის მასშტაბით.

როგორც წესი, არალეგალური და არარეგულირებადი პროსტიტუცია ხშირადაა დაკავშირებული ნარკოტიკების ინდუსტრიასთან. ლეგალიზაცია დაეხმარება ქვეყნებს, შეამცირონ ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება. ნარკოდილერები ხშირად  ცდილობენ „ანკესზე წამოაგონ“ (ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებული გახადონ) სექს-მუშაკები, რათა უკეთესი კონტროლი ჰქონდეთ მათზე და  ისინი დილერებადაც დაასაქმონ. ლეგალიზაციის შემთხვევაში, ბორდელები დაიცავენ დასაქმებულებს და დაეხმარებიან მათ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დაძლევაში.

რა ხდება საქართველოში?

თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაზრდილ გავლენას საქართველოს მთავრობაზე, პარლამენტსა და საზოგადოებაზე, პროსტიტუციის ლეგალიზაცია ძალიან შორეულ პერსპექტივად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ როლს ქვეყნის ისტორიაში, ქრისტიანული დოგმასა და მსოფლმხედველობას არ უნდა ენიჭებოდეს გადამწყვეტი როლი ქვეყნის საკანონმდებლო სისტემის ფორმირების პროცესში. ერთი მხრივ, პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე უარის თქმა, უბრალოდ სირაქლემის პოზა და თვალების დახუჭვაა იმაზე, რაც აქამდე ყოველთვის არსებობდა და უდავოდ, მომავალშიც განაგრძობს არსებობას. ამ საკითხის განხილვისას მთავარია, სწორად გავაანალიზოთ ის დანახარჯები, რომლებიც უკავშირდება პროსტიტუციის არალეგალურობას და სარგებელი, რომლის მიღებაც შეგვიძლია ლეგალიზაციის დროს. მეორე მხრივ, პროსტიტუცია ღარიბების უცვლელი საქმიანობაა (იხილეთ ლენა ედლუნდის ბოლო კვლევა), ხოლო მისი აკრძალვა სიღარიბეს ამწვავებს. ლეგალიზაციის ეკონომიკური სარგებელი დაეხმარება ღარიბებს გადალახონ ამგვარი მდგომარეობა და გაუჩნდეთ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები.

ამასობაში, ქართველები შეძლებენ კულტურული, რელიგიური და კანონიერი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას და „საუკეთესოსთან ყველაზე ახლოს მდგომი“ გადაწყვეტილებების ძიებას. ბაზრის მიერ ადამიანთა მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხერხებულად დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესი მაგალითია  „უბერი“ (Uber) – დაჯავშნის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სმარტფონების მფლობელებს საშუალებას აძლევს კერძო დაქირავების მანქანები აიყვანონ ნებისმიერი ადგილიდან. „გარდიანის“ მიხედვით, ლონდონის ტაქსის მძღოლები – ლიცენზიების მფლობელები – ნამდვილ ომში არიან ჩართულები, ხოლო მომხმარებლებს, ამ შესაძლებლობის გამო ნამდვილი ზეიმი აქვთ გამართული ყველგან – ბანკში, ოფისში, სახლსა თუ აეროპორტში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა