სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, მოდით, განვმარტოთ, რას გულისხმობენ ეკონომისტები „არაფორმალურ დასაქმებაში“. ამ ტერმინთან დაკავშირებით გარკვეული დაბნეულობა არსებობს, და ზოგჯერ მას არასწორად იყენებენ როგორც გადასახადებისგან თავის არიდებისა თუ უკანონობის სინონიმს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Labor Organization - ILO) არაფორმალურ დასაქმებას განმარტავს შემდეგნაირად: „დასაქმება, რომელიც შედგება ერთეულებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოებაში ამ პროცესში ჩართული ადამიანებისთვის დასაქმებისა და შემოსავლის მიცემის წინასწარი მიზნით. ეს ერთეულები, როგორც წესი, ორგანიზაციის დაბალ დონეზე მოქმედებს, სადაც შრომასა და კაპიტალს, როგორც წარმოების ფაქტორებს, შორის ცოტა ან თითქმის არავითარი გაყოფა არ არსებობს“. მსგავს სამსახურებში შრომითი ურთიერთობები ეფუძნება შემთხვევით დასაქმებას, ნათესაურ ან პირად და სოციალურ ურთიერთობებს, ვიდრე სახელშეკრულებო გარიგებას, რომელსაც თან ახლავს ფორმალური გარანტიები. დასაქმებისგან მიღებული სარგებელი (მაგ.: სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ანაზღაურებადი შვებულება და სხვ.) არ არსებობს, ვინაიდან მსგავსი ერთეულების მუშაობის ამსახველი ძალიან ცოტა დოკუმენტი არსებობს (მაგ.: არ არსებობს ხელფასის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი).
ტრადიციულად ითვლება, რომ არაფორმალური დასაქმება არის იძულებითი ქმედება, სადაც მუშებს სურთ, მონაწილეობა მიიღონ ფორმალურ შრომის ბაზარზე, მაგრამ შესაძლებლობათა სიმცირის გამო, ამას ვერ ახერხებენ.
ცხადია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ფორმალურ სექტორში დასაქმება სწრაფად დაეცა, ხალხმა მოახერხა გადარჩენა უამრავ „არაფორმალურ“ (დაუდეკლარირებელ) საქმიანობაში ჩართვით, როგორიცაა გარევაჭრობა, სოფლის მეურნეობა და არაოფიციალური ტაქსის მომსახურება. საქართველოში უდიდესი ზრდა არაფორმალურ დასაქმებაში მოხდა სოფლად, სადაც მოსახლეობას შეეძლო, დაყრდნობოდა მეტად უხვ ბუნებრივ რესურსებს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. 1990-იან წლებში საქართველოში დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში აიძულა ადამიანთა დიდი ჯგუფები, წასულიყვნენ სოფლებში და ჩართულიყვნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, რათა დაეკმაყოფილებინათ საკუთარი საარსებო მოთხოვნები. მას შემდეგ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების ნახევარზე მეტი, ძირითადად, დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში.
არაფორმალური ეკონომიკა სასოფლო სექტორში ასრულებს ალტერნატიული დისტრიბუციის ქსელის ფუნქციას, რომელშიც მათ, ვისაც არ აქვს პროდუქციისა თუ მომსახურების საყიდლად საჭირო ფული, აქვთ წვდომა იმაზე, რაც საჭიროა წარმოებისა თუ მოხმარებისთვის (რატნერი, 2000 წ.). სლეკის აზრით (2005 წ.), სოფლად არაფორმალური ეკონომიკის კიდევ ერთი უპირატესობა არის უნარი, დარჩე თვითკმარი ალტერნატიულ ეკონომიკურ საქმიანობებში მონაწილეობის მეშვეობით. არაფორმალური ეკონომიკა სოფლად, ასევე, იძლევა შესაძლებლობას, გაერთიანდეს ფორმალური დასაქმება და არაფორმალური ან აღურიცხავი შრომა, ბარტერი ან არამონეტარული გაცვლისა და თვით-რეზერვირების სხვადასხვა ფორმები (იბიდი, 2005 წ.).
რა თქმა უნდა, არაფორმალური დასაქმება არსებობს ქალაქებშიც. ყოველდღე ათასობით ადამიანი მონაწილეობს ათასგვარ საქმიანობაში, როგორიცაა, მაგალითად, ტაქსის მართვა, ელემენტარული სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, გარევაჭრობა და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, არაფორმალურად დასაქმებულმა უნდა მოახერხოს ერთმანეთს შეუთავსოს რამდენიმე სამუშაო, რათა მიიღოს არსებობისთვის საკმარისი ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ არაფორმალური დასაქმების ეს სურათი არ არის ამომწურავი. ბევრი ეკონომიკური კვლევა გვეუბნება, რომ სურათი ბევრად კომპლექსურია. არაფორმალური დასაქმება ზოგჯერ არის არჩევანი, რომელსაც განსაზღვრავს არა საჭიროება, არამედ საკუთარი კეთილდღეობის მაქსიმალურად გაზრდის სურვილი (მაგ.: პირადი, დეკლალირებული შემოსავლის გადაჭარბების თავიდან აცილება). რამდენიმე ავტორის აზრით, ბევრი მუშა ნებაყოფლობით ირჩევს არაფორმალურ დასაქმებას და საკუთარ შესაძლებლობებს ბევრად უკეთ იყენებენ არაფორმალურ სამსახურში, ვიდრე ფორმალურში. ამ თეორიამ ეჭვქვეშ დააყენა კიდეც ფორმალური სექტორის სამსახურების უპირატესობა არაფორმალურთან შედარებით.
მართლაც, ხშირ შემთხვევაში, არაფორმალური დასაქმების ორივე ტიპი (ნებაყოფლობითი და იძულებითი) თანაარსებობს ეკონომიკაში. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ ჰარტმუტ ლემანი და ნორბერტო პინატი (2007 წ.) უკრაინული შრომის ბაზრის შესწავლის შემდეგ. ავტორებმა იპოვეს შრომის ბაზრის დაყოფის გარკვეული მტკიცებულებები იძულებით არაფორმალურად დასაქმებულებსა და იმ არაფორმალურად დასაქმებულთა შორის, რომლებიც ფორმალური სამსახურის ძიების პარალელურად ასრულებდნენ არაფორმალურ სამუშაოს. თუმცა დაყოფა არ არის ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ ორივე (ანაზღაურებადი თანამშრომლებისა და თვითდასაქმებულების) შემთხვევაში არაფორმალური სამუშაო იყო არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს არასტაბილური, მაგრამ უფრო მაღალი ხელფასის მიღების შესაძლებლობას. უკრაინული დასკვნები ქართულ რეალობასაც ესადაგება. ბერნაბესა და სტამპინის (2009 წ.) მიერ 1998-1999 წლებში საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ შრომითი მობილობის შესახებ აჩვენა, რომ საქართველოშიც იყო შრომითი ბაზრის სეგმენტიზაცია. ფორმალურ დასაქმებას ენიჭებოდა უპირატესობა არაფორმალურ დასაქმებასთან შედარებით. უმუშევრობა მეტწილად იყო რიგში დგომის საშუალება ადამიანებისთვის, რომელთაც ჰქონდათ უმაღლესი განათლება და ელოდებოდნენ ფორმალურ სამსახურს. ზოგიერთი თვითდასაქმებული ფოკუსირებული იყო საარსებო საქმიანობაზე, მაშინ, როდესაც სხვები ჩართულნი იყვნენ მაღალი რისკის და პოტენციურად მაღალშემოსავლიან საქმიანობაში. დაბოლოს, ბერნაბემ და სტამპინიმ (2009 წ.) აღმოაჩინეს, რომ არაფორმალური დასაქმება რეცესიის დროს ბუფერის როლს ასრულებდა.
ამას მივყავართ ამ სტატიის თავდაპირველ შეკითხვამდე. რატომ უნდა გვაღელვებდეს არაფორმალური დასაქმება? ტრადიციულად, საჯარო მოხელეები ცდილობენ, ებრძოლონ არაფორმალურ დასაქმებას ძირითადად იმიტომ, რომ არაფორმალური საქმიანობა ხშირ შემთხვევაში „რადარს“ მიღმა მიმდინარეობს და შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ნეგატიური შედეგები. კონკურენცია ირღვევა, რადგან კომპანიები, რომლებიც არაფორმალურად ასაქმებენ მუშახელს, სარგებლობენ დაუმსახურებელი შედარებითი უპირატესობით (მათ შეუძლიათ გადაიხადონ ნაკლები იგივე მომსახურებისთვის, რომელთათვისაც მათ კონკურენტებს, ხელფასებთან ერთად გადასახადებისა და სოციალური შეღავათების გადახდაც უწევთ). ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს მცირე საგადასახადო შემოსავალს, რადგან არაფორმალურად დასაქმებული ადამიანი მიიჩნევა უმუშევრად, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და განიხილება მატერიალური შეღავათის კანდიდატად.
მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალურ დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბევრი კარგი მიზეზი გვაქვს, თვითონ ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში არაფორმალური დასაქმება არის არა არჩევანი, არამედ საჭიროება, მოითხოვს სიფრთხილესა და გააზრებულ მიდგომას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ არაფორმალური სექტორი არის ერთგვარი „ალტერნატიული (ან დამატებითი) უსაფრთხოების ქსელი“, რაც ზოგ შემთხვევაში ხელსაც კი უწყობს ადამიანური და ფინანსური კაპიტალის დაგროვებას, წმინდად რეპრესიული მიდგომის დანერგვას რეალურად შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს, რადგან უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის პერსპექტივების განვითარებაზე და გაზრდის საჯარო მოხელეებსა და საჯარო ფინანსებზე არსებულ ზეწოლას.
საქართველოს მთავრობა თავდაუზოგავად ცდილობს, გააუმჯობესოს და გაზარდოს მდგრადი განვითარების სტრატეგიები. მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული მყარი ნაბიჯი არის ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა. ეს მოითხოვს შრომის ბაზრის მუშაობის მექანიზმის სრულ და ღრმა გააზრებას, თუ რატომ ვერ მოახერხა აქამდე შრომის ბაზარმა სამუშაო ძალის დიდი ნაწილის ათვისება და რა უნდა გაკეთდეს არსებული ტენდენციის შესაცვლელად. არაფორმალური სექტორის ბუნებისა და მისი წარმატების მიზეზების უკეთ გაგება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. როგორც ჩვენ ვმსჯელობდით წინა სტატიაში, არაფორმალური დასაქმება საქართველოში არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფენომენი; ეს არის კულტურული მოვლენა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი მართვის ნებისმიერი მცდელობისას. ძლიერი პირადი და ოჯახური კავშირები შეიძლება წარმოადგენდეს ინფორმაციის გავრცელების საშუალებას, საერთო ინტერესების თავმოყრის საფუძველს, დაუცველთათვის უკეთესი შესაძლებლობების შეთავაზების ძლიერ ინსტრუმენტს. იგივე კავშირები შეიძლება იყოს საზოგადოების ყველაზე სუსტი წარმომადგენლების ხმის დაცვის საშუალებაც. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მუშაობა ბევრად ეფექტური და უკეთესი შედეგის მომტანი იყოს, ვიდრე მათგან დამოუკიდებლად ან მათ წინააღმდეგ მოქმედება.
სამწუხაროდ, აქამდე ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევა ჩატარდა გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში, რასაც ძირითადად განაპირობებს შესაბამისი და განახლებული მონაცემების სიმწირე. ISET-ის მუშაობა VolkswagenStiftung-ის მიერ დაფინანსებული პროექტის – საქართველოში არაფორმალური დასაქმების თავსატეხის გააზრება – კონტექსტში სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ჩვენ ვსარგებლობთ ახალი, 2013 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ქართული შრომის ბაზრის კვლევის მონაცემებს, რათა გავიგოთ ქართული არაფორმალური შრომის ბაზრის მუშაობა. იმედი გვაქვს, ჩვენ წვლილს შევიტანთ, რომ ნათელი მოეფინოს არაფორმალურ დასაქმებას საქართველოში და მისი განვითარების პროცესს თითქმის 25 წლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, რაც უმნიშვნელოვანესი საწყისი წერტილი იქნება საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიური და მდგრადი განვითარების საქმეში.