ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ეიფორიული რეაქციები მოჰყვა ქართულ მედიასა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიმღებთა შორის. ასოცირების შესახებ შეთანხების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). DCFTA მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციას ტარიფების დაწევით და არასატარიფო ბარიერების შემცირებით. სოფლის მეურნეობისთვის ყველაზე საჭირო ცვლილებები დაკავშირებულია საკვების უსაფრთხოებასა (ბაქტერიული მინარევები, პესტიციდები, ინსპექცია და ეტიკეტირება) და ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობასთან (ფიტოსანიტარია). ასევე, მნიშვნელოვანია წარმოების სექტორისთვის „ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების“ გაუქმება, რომლის მიზანია შიდა ბაზრების უცხოური კონკურენციისგან დაცვისთვის ტექნიკური სტანდარტების გამოყენება. „თვითნებურად დაწესებული რეგულაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას პროტექციონიზმის გასამართლებლად,“ – წერს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე.
აშკარაა, რომ ყველა ეს შეთანხმება მოითხოვს ქართული რეგულაციების ევროპული სტანდარტებისადმი ცალსახა მისადაგებას. საქართველო ძალიან პატარა ეკონომიკაა საიმისოდ, რომ საკუთარი პირობები წაუყენოს ევროპას. ეს საკმაოდ ცხადად არის ნათქვამი ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, რომელიც ამბობს, რომ მისი მიზანი არის „საქართველოს მხარდაჭერა, განავითაროს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი საერთაშორისო თანამშრომლობითა და საკუთარი კანონმდებლობის ევროპულთან მიახლოებით“.
რამდენად სასარგებლოა მსგავსი ცალსახა მისადაგება საქართველოსთვის, ცოტა გაურკვეველია. ევროპული კანონმდებლობა ყოველთვის არ გულისხმობს „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“. დემოკრატიებში კანონები და რეგულაციები პოლიტიკური ჯგუფების ლობირების შედეგად უფრო მიიღება, ვიდრე რაციონალური დაგეგმარებით. მომავალში ევროკავშირის მიერ მიღებული შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოსთვის უფრო მართებული იქნება, ვიდრე აქამდე მიღებული გადაწვეტილებები, სპეციალურად საქართველოზე მორგებული პოლიტიკის გატარებაც ბევრად უფრო რთული იქნება.
თუმცა საქართველოს იმედი აქვს, რომ ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობა ქართულ კომპანიებს ევროპულ ბაზრებზე წვდომას გაუადვილებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სოფლის მეურნეობისთვის, რომელიც ყველაზე მეტ მუშახელს ასაქმებს, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპული პროდუქტოულობის დონეს. 2013 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9.3%, მაშინ, როდესაც სექტორში დასაქმებული იყო ქვეყნის მუშახელის თითქმის ნახევარი. ამგვარად, DCFTA-ის სარგებლიანობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იქნება მისი გავლენა ქართულ სოფლის მეურნეობაზე.
გადააგდე წყალში, თუ გაცურავს?
DCFTA-ის გავლენა საქართველოზე შეფასდა ანგარიშით გრძელი სახელწოდებით „მდგრადი სავაჭრო ურთიერთობების გავლენის შეფასება ევროკავშირსა და საქართველო–მოლდავეთის რესპუბლიკას შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების მხარდასაჭერად“. ის შეადგინა კონსორციუმმა, რომელშიც შედიოდა ჰოლანდიური საკონსულტაციო კომანია Ecorys და სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრი (Center for Social and Economic Research – CASE), ვარშავაში დაფუძნებული ანალიტიკური ფონდი. ანგარიშის შეფასებით, ევორკავშირთან ვაჭრობის ლიბერალიზაციით გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეროვნული შემოსავალი გაიზრდება 291.9 მილიონი ევროთი, რაც 4.3%-ით გაზრდის მშპ-ს. ეს მოხდება ქართული ექსპორტის 12%-ით, ხოლო იმპორტის 7.5%-ით გაზრდით, რაც განაპირობებს ქართული სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას. მაგრამ რა ხდება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით?
კვლევის თანახმად, DCFTA-ს განსხვავებული გავლენა ექნება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე და ზოგადი სურათიც ძალიან არაერთგვაროვანია. ზოგიერთი პროდუქტების კატეგორიის მოცულობა გაიზრდება, კერძოდ, მცენარეული ზეთისა და ცხიმების (+6.7%), ბოსტნეულის, ხილის, თხილისა და ზეთის (+3.4%) და ცხოველული პროდუქციის (+3.1%), მაშინ, როდესაც, ბევრი პროდუქტის წარმოება შემცირდება (მაგალითად, მეცხოველეობისა და ხორცის პროდუქტების (-14.8%), სხვა გადამუშავებული საკვების (-8.8%), სასმელისა და თამბაქოს (-4.0%), შაქრის (-2.4%) და სხვა კულტურების (-2.0%). ანგარიში განსაზღვრავს ევროკავშირის ტარიფების შემცირების გაზრდას ქართულ ექსპორტზე და ქართული ტარიფების შემცირების შემცირებას ევროკავშირიდან შემოტანილ პროდუქტებზე. ეს ციფრები, თუ ისინი რამეს ამბობს რეალურ პროცესებზე, გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ნაწილი მოხვდება ძლიერი ზეწოლის ქვეშ ევროპელ მწარმოებლებთან კონკურენციის ზრდის გამო.
ეკონომიკური დარვინიზმი
რა გავლენას მოახდენს ეს ქართული სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე? ევროპულ ბაზარზე ინტეგრირება ბევრ მწარმოებელს სარგებელს მოუტანს, რადგან მათ შეუძლიათ გაუძლონ ზეწოლას და გაფართოვდნენ კიდეც ამ უაღრესად კონკურენტულ გარემოში. სხვა მწარმოებლებს, სავარაუდოდ, ბევრი გადაუჭრელი პრობლემა შეექმნება. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი კონკრეტული მომგებიანი კატეგორია არის ბოსტნეულის, ხილის, თხილისა და ზეთის კატეგორია, რადგან ამ კატეგორიის ზოგიერთი პროდუქტი (მაგ. თხილი) მოითხოვს ინტენსიურ შრომას და განკუთვნილია ნიშური ბაზრებისთვის. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება ამ პროდუქტების წარმოებაში, რაც თანამედროვე, ეფექტურ სოფლის მეურნეობის სტილზე გადასვლას უმტკივნეულოს გახდის. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ნაკლები იქნება, ზღვარი – მაღალი. თუ პოლიტიკა გააცნობიერებს ამ უპირატესობებს, ამ კატეგორიის მწარმოებლები შეიძლება გახდნენ „ეროვნული ჩემპიონები“.
ამჟამად, ბოსტნეულს, ხილსა და თხილს საქართველოში ძირითადად აწარმოებენ მცირე და საშუალო ფერმერები. სათბურების ნაკლებობის გამო წარმოება სეზონურია. თუმცა შესაძლებელია ფერმერთა გაერთიანება და ტექნიკური აღჭურვილობის განახლება. საბოლოოდ, ლოგიკური იქნება, რომ საქართველოს ექნება ფუდამენტური უპირატესობა ამ კატეგორიის პროდუქტების წარმოებაში, სუფთა ნიადაგის, ქიმიკატების მცირე გამოყენების, კულტივაციისთვის საჭირო დიდი რაოდენობით მიწის არსებობისა თუ ბოსტნეულისა და ხილის წარმოების ხანგრძლივი ტრადიციის გამო.
უფრო მეტიც, ამჟამად საქართველოს ბოსტნეულის, ხილისა და თხილის თითქმის ნახევარი სწორედ ევროკავშირში გადის ექსპორტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველმა მწარმოებლებმა უკვე „შეაბიჯეს მათ კარში ფეხი“. ამჟამად ექსპორტი თითქმის მთლიანად მოიცავს თხილს (აქ არ გვაქვს ტარიფები, რადგან თხილს უკვე ფარავს GSP+ რეჟიმი, იგი ადვილად აკმაყოფილებს სანიტარულ და ფიტო-სანიტარულ სტანდარტებს). ამგვარად, მართალია, DCFTA-მა შეიძლება თხილის ექსპორტი ევროკავშირში დიდად ვერ შეცვალოს, მაგრამ ამ კატეგორიაში შეიძლება იყოს სხვა პროდუქტები, მაგალითად, კენკროვნები და სხვა სახის თხილეული, რომელთაც შეიძლება სარგებელი მიიღონ DCFTA-ისგან, მაგალითად, პროდუქტის შეფუთვასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობის შეცვლით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა დაუკავშირდება ე.წ. „ეკონომიკურ დარვინიზმს“ – ნუ გადაარჩენ სუსტ მწარმოებელს, ამის ნაცვლად კარგი პირობები შეუქმენი მას, ვისაც აქვს მომავალი საქართველოში.