მაშინ, როდესაც რუსეთი თავის პერიფერიაზე ქმნის და ინარჩუნებს „გაყინული კონფლიქტის” ამდენ ზონას, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა სიტუაციასთან გამკლავების სწორი სტრატეგია შეარჩიონ. სამხედრო ვარიანტი განხილვას აღარ ექვემდებარება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ახლა უკვე, უკრაინაც, არ აქვთ მოქმედების მაინცდამაინც ბევრი კარგი ალტერნატივა. იზოლირება და დასჯა ერთი ვარიანტია „კრიმინალური რეჟიმებისთვის“ პოლიტიკური დასაყრდენის გამოცლის იმედით. მეორე (უმეტეს შემთხვევაში, ჯერ კიდევ საცდელი) ალტერნატივაა ყოფილი თანამემამულეების, იქნება ეს აფხაზების და სამხრეთ ოსების, თუ რუსულად მოსაუბრე უკრაინელების და მოლდოველების ყირიმში, დონბასსა და დნესტრისპირეთში კეთილგანწყობის მოპოვება.
მოკლევადიან პერსპექტივაში, პატიებისა და დავიწყების ფსიქოლოგიური სირთულე, რა თქმა უნდა „იზოლაციისა“ და „დასჯის“ სცენარისკენ უბიძგებს ერებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, მედიაში მოხდა პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩევლის, იური ლუცენკოს ციტირება, რომ „უნდა მოხდეს ლუგანდონის (კიევის მიერ შეთხზული შეურაცხმყოფელი შემოკლებული სახელი ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რეპუბლიკებისთვის) იზოლირება და კონტროლის ქვეშ მოქცევა, მაგალითად, საინჟინრო კონსტრუქციების დახმარებით... ჩვენ ისინი უნდა გამოვიწვიოთ არა მხოლოდ იარაღით, არამედ ცხოვრების წესით გასაჯიბრებლად“.
ეს შესაძლოა სასიამოვნოდ გაჟღერებულიყო ამომრჩეველთათვის, მაგრამ რამდენად ეფექტურია ასეთი სტრატეგია „გაყინულ კონფლიქტებთან “ მიმართებაში?
გაკვეთილი საქართველოს გამოცდილებიდან
20 წლის განმავლობაში ორი გაყინული კონფლიქტის ისტორიით, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობის საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება საინტერესო გაკვეთილი შეიძლება გახდეს ყველასთვის, ვისაც სწავლა სურს, მათ შორის, საქართველოსთვისაც...
დაგომისის შეთანხმება, რომელსაც 1992 წლის 24 ივნისს შევარდნაძემ და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მოაწერეს ხელი, მოიცავდა არა მხოლოდ ძალის გამოყენების თავიდან აცილების ვალდებულებას, არამედ საქართველოს დაპირებას, არ დაეწესებინა სანქციები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა კონტროლი სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვან ნაწილზე, მათ შორის ახალგორზე, და საქართველოს ჯარები რუსულ და ოსურ შენაერთებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. სამშვიდობო ოპერაციებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) აკვირდებოდა, და ქმნიდა „უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის“ საჭირო ვითარებას, რომელმაც, 2004 წლამდე გასტანა.
2014 წლის დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „განცალკევებულნი“, ცხადად არის აღწერილი ამ პერიოდში, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ჩახლართული ურთიერთობა, რაც მოიცავს ახალ საზღვარზე გადებულ, ძალიან საინტერესო სოციალურ და ეკონომიკურ ხიდს: ერგნეთის ბაზრობას. ბაზრობა 50 ჰექტარზე იყო გადაჭიმული, ტერიტორიის თითქმის ნახევარი საქართველოს მხარეს იყო, ხოლო მეორე ნახევარი, სამხრეთ ოსეთის. დე ფაქტო „თავისუფალი ეკონომიკურ ზონად“ მოქმედი ერგნეთის ბაზარი მოსახერხებელი ცენტრი იყო ჩრდილო-სამხრეთ კავკასიური ვაჭრობისთვის – ადგილი, სადაც რუს, ქართველ და ოს მოვაჭრეებს საწვავის, ალკოჰოლის, სიგარეტის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაცვლა შეეძლოთ სახელმწიფო დოკუმენტაციის, გადასახადების და საბაჟო ვალდებულებების გარეშე.
ფორმალური სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოების მიღმა არსებული ერგნეთის ბაზარი, არაფრით ჰგავდა ეკონომიკის წიგნებში აღწერილ „ბაზარს“, რომელშიც „ანონიმური მყიდველები და გამყიდველები, ოჯახები და ფირმები, რომლებიც ხვდებიან მოკლე დროით, სტანდარტიზებული პროდუქტების წონასწორულ ფასებში გასაცვლელად“ (იორამ ბენ-პორათი). პირიქით, ერგნეთი იყო ბაზარი, რომელშიც ტრანზაქციები ხშირად მეორდებოდა და შესაბამისად, ძალიან პირადული ხდებოდა. ნებისმიერი განსხვავება არაფორმალური, მაგრამ ძლიერი ეთიკის კოდექსით თანაბრდებოდა.
შესაბამისად, მართალია ერგნეთი ცნობილი იყო, როგორც კონტრაბანდისტების სამოთხე (საქართველოს ეკონომიკის მრავალ „შავ ხვრელთაგან“ ერთ-ერთი, 2004 წლამდე), ეს ნდობაზე დაყრდნობილი და თვითრეგულირებადი გარემო თავისთავად იქცა ორი განცალკევებული ხალხის დაახლოების ადგილად. მათ შორის ნდობის ჩამოყალიბების ლაბორატორიად.
ეს ყველაფერი უეცრად დასრულდა 2004 წლის ზაფხულში, როდესაც, აჭარაში მოპოვებული წარმატებით წახალისებულმა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მასობრივი ანტი-კონტრაბანდისტული კამპანია წამოიწყო სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რომლის საბოლოო მიზანი, ამ ტერიტორიის საქართველოს ცენტრალური კონტროლის ქვეშ დაბრუნება იყო. 2004 წლის ივნისში ერგნეთი დაიხურა. ამას შედეგად მოჰყვა შეტაკებების სერია სამხრეთ ოსეთში განთავსებულ ქართულ დანაყოფებს, რუსულ სამშვიდობოებსა და სამხრეთ ოსეთის მილიციას შორის, რამაც ეფექტურად გაალღვო კონფლიქტი და არსებული მდგომარეობა, როგორც ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩამოაყალიბა, „რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემად“ აქცია. 2008 წლის რუსულ-ქართული ომი სამხრეთ ოსეთისთვის, მხოლოდ ლოგიკური საბოლოო აკორდი იყო ამ დრამაში. ცხადია, დღევანდელ დღემდე.
ვაჭრობა ომის ნაცვლად
საინტერესოა, რომ ერგნეთის ბაზარი პოლიტიკური დებატების საკითხი გახდა საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რომელმაც უხვი ლიბერალური რეფორმების და გაერთიანების მცდელობების ერა დაასრულა. გორში კამპანიის დროს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ცხინვალიდან 34 კილომეტრში, ბიძინა ივანიშვილმა ერგნეთის მაგალითი გამოიყენა თავისი არგუმენტის – „ბიზნესი და საერთო ინტერესები ადამიანებს აახლოვებს“ – განსამტკიცებლად. ამ იდეით, ბაზრის რაიმე ცივილიზებული ფორმით – „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ სახით – აღდგენა საქართველოს ხელისუფლების გეგმის ნაწილია 2012 წლიდან. მსგავსი გეგმები მზადდება აფხაზეთთან მიმართებაშიც (როგორც აღმოჩნდა, მათ შესახებ მალე გაავრცელებს ცნობას საპარტნიორო ფონდი).
ცვლილებები სეპარატისტული აფხაზეთის მიმართ გამოყენებულ ტონსა და პოლიტიკაში კიდევ უფრო ნათელი ხდება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოსვლაში. ამჯერად, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო და საავტომობილო კავშირის აღდგენაზე, რაც „ქართველებსაც და აფხაზებსაც გაუხსნის გზას რუსეთის ბაზრისაკენ“ – დააკავშირებს ბაზრებს, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და „აფხაზ ბიზნესმენებსაც მისცემს თავიანთი ბიზნესის განვითარების საშუალებას და მათ ქართულ ეკონომიკაში მონაწილეობით დააინტერესებს“. მართალია, ეს ჯერ კიდევ განსახორციელებელია, მაგრამ ბატონი ივანიშვილის პრაგმატული ხედვა, საერთო ეკონომიკური ინტერესები ხიდად დაიდოს ეთნიკური განცალკევების შემთხვევებზე და დაძლიოს ბოლო დროის სისხლისღვრისგან გაჩენილი ტრავმა, ნამდვილად ქების ღირსია.
მართლაც, კედლები, მავთულხლართები და სხვა „საინჟინრო კონსტრუქციები“, რომელთა გამოყენებასაც, ალბათ, იური ლუცენკო ითვალისწინებს, ანაქრონიზმია და ეკონომიკური ინტეგრაციის, საქონლის, ადამიანების და იდეების თავისუფალი გადაადგილების ლოგიკას ეწინააღმდეგება. როგორც ამას საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, ისინი სრულიად კონტრპროდუქტიულია ადამიანების ერთმანეთთან დაახლოვების საკითხში. იზოლაციონიზმში ჩართვის ცდუნებას – როგორც პოლიტიკური ქულების დაწერის და ახალი ხელოვნური განცალკევებების ორივე მხარეს, ხალხის დასჯის საშუალებას, აუცილებლად უნდა გაეწიოს წინააღმდეგობა. როგორც ევროპის შთამაგონებელი მაგალითი გვიჩვენებს, XXI საუკუნე ვაჭრობის ხანაა და არა ომის, დაახლოვების და არა განცალკევების.