ჯერ კიდევ 9 თვის წინ, ჩვენ უკვე განვიხილავდით საქართველოში კვერცხის ფასთან დაკავშირებულ უცნაურობებს (ISET-ის ეკონომისტის ბლოგზე იხილეთ ერიკ ლივნისა და გიორგი ქელბაქიანის ბლოგი „ქართული განხეთქილების კვერცხი“). იმ დროისათვის, კვერცხის ფასის მნიშვნელოვანი მერყეობა აიხსნებოდა საინტერესო პოლიტიკური დინამიკით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა უცხოელი კონკურენტებისაგან იმპორტზე დაწესებული მრავალი არასატარიფო ბარიერით ხდებოდა, რასაც, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „კანონისა და საერთაშორისო შეთანხმებების სრული დარღვევა უწოდა“. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კვერცხის სტაბილური მიწოდებისა (და შესაბამისად სტაბილური ფასების) მიღწევა ხდებოდა შედარებით მაღალი საბაზრო ფასის მეშვეობით (იხ. დიაგრამა).
ახალმა მთავრობამ მოხსნა აღნიშნული ბარიერები, რამაც კვერცხის იმპორტის უეცარი მატება გამოიწვია, 1,5 მილიონიდან 2012 წლის ბოლო კვარტალში – 10,8 მილიონამდე 2013 წლის მეორე კვარტალისათვის. საზღვარს უეცრად მომწყდარმა ამ გაზრდილმა იმპორტმა, კვერცხის ფასების დაცემა გამოიწვია, რამაც, ბევრი ადგილობრივი მწარმოებელი გაკოტრებამდე მიიყვანა. ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან, მძიმე წნეხისა და ლობირების შედეგად მთავრობამ აღადგინა ზემოთხსენებული არასატარიფო ბარიერები. იმპორტი კვლავ შემცირდა 2,6 მილიონ კვერცხამდე მესამე კვარტალში, მაგრამ საკმაოდ მოულოდნელად, ასევე შემცირდა ქართული წარმოება, 20%-ით. დეკემბრის სტატიაში ახსნილი იყო, რომ ახალმა არასატარიფო რეგულაციებმა, ადგილობრივ მწარმოებლებსაც ისეთივე დარტყმა მიაყენა, როგორიც მათ უცხოელ კონკურენტებს. რადგან ახალ მთავრობას უნდოდა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) სტანდარტების შენარჩუნება, მას არ შეეძლო, შემოეღო შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ იმპორტიორებზე მოახდენდა გავლენას. შედეგად, იმპორტის შეზღუდვის მცდელობა კვერცხის მიწოდებაზე მრავალი ხარისხობრივი მოთხოვნის წაყენებით, დამატებითი თავსატეხი აღმოჩდა ადგილობრივი მწარმოებლებისათვისაც. ცხადია, წინა მთავრობამ გამოიყენა გარკვეული ხრიკები, რათა ადგილობრივი მწარმოებლები პრივილეგირებულ სიტუაციაში ჩაეყენებინა და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ახალი მთავრობა მათ არალეგალურ საქმიანობაში ადანაშაულებდა.
თუმცა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა მოეხდინათ ადგილობრივ წარმოებაზე. კვერცხის ბაზარი არ არის მოქნილი. როგორც კი საჭირო მოწყობილობები იქნება შეძენილი, ქათმები დებენ კვერცხებს, იმის მიუხედავად, როგორ იცვლება მისი ფასი, მოთხოვნა-მიწოდება და იმპორტის რეგულაციები. შესაბამისად, როდესაც მწარმოებლებმა შეამცირეს მათი წარმოება მოწყობილობების შემცირების ხარჯზე, 2013 წლის პირველ და მეორე კვარტალში, უკვე მესამე კვარტალში ვერ მოხდა წარმოების მოცულობის დაბრუნება საწყის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტზე შეზღუდვები აღდგა. შესაბამისად, ფასები გაიზარდა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის...
დოლარის კვერცხები
დიაგრამა გვიჩვენებს, რომ რამდენიმე თვის წინ, კვერცხის ფასი კიდევ უფრო მეტად დაეცა და დაჩრდილა 2013 წლის მაისის მინიმუმიც კი, რომელმაც, იმ დროისათვის, ქართველი მწარმოებლების მხრიდან, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. 2013 წლის მსგავსად, ფასების ზრდის პარალელურად, მოხდა იმპორტის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა. რადგანაც ამჯერად იმპორტზე რეგულაციები არ შეცვლილა, როგორც ჩანს, მიზეზი საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა ვეძებოთ.
პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ 2013 წელს შემოღებული რეგულაციები ვეღარ იცავენ ქართულ ბაზარს ეფექტურად. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც საქართველოს მთავრობას არ გამოუგონია ახალი ველოსიპედი, როდესაც არასატარიფო შეზღუდვები დააწესა. არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომელთაც ქვეყანამ შეიძლება მიმართოს კონკრეტულ პროდუქციაზე იმპორტის შემცირების მიზნით და საქართველო არ იყო პირველი, ვინც მათ მიმართა. თუმცა, მეორე მხრივ, მწარმოებლებმა იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ მეთოდებს. შესაძლოა, ამას გარკვეული დრო და დამატებითი ხარჯები დასჭირდეს, მაგრამ არასატარიფო რეგულაციები, რომლებიც არ არღვევენ მსო-ს სტანდარტებს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაკარგავენ ეფექტს, როგორც კი იმპორტიორები მოახდენენ მათზე რეაგირებას და მოერგებიან ახალ პირობებს.
მეორე საინტერესო ფაქტი, რომელიც გრაფიკიდან ჩანს, არის ის, რომ იმპორტმა ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება ქართული კვერცხის ბაზარზე ფასის შემცირებაზე მაისში. ივლისში კვერცხის იმპორტი თითქმის აღარ ხდებოდა. ეს გავრცელებულ საბაზრო სტრუქტურაზე მიუთითებს, რომელიც ბევრი სასოფლო სამეურნეო საქონელისათვისაა დამახასიათებელი. შესაძლოა, ბევრს ეგონოს, რომ უცხოელი მწარმოებლები, ვთქვათ, თურქეთიდან საწარმოო მოცულობას ადგენენ მიზნობრივ ბაზართან შესაბამისობაში (ამ შემთხვევაში საქართველოს ბაზართან) და გრძელვადიან პერიოდში, არ ცვლის წარმოების მოცულობას. თუმცა, სინამდვილეში, აღნიშნული მექანიზმი ასე არ მოქმედებს.
ბევრი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისათვის, „მსოფლიო ბაზარი“ არ მოიცავს მთელს მსოფლიოს, რადგანაც, მსხვილი მომხმარებლები, განსაკუთრებით აშშ და ევროკავშირი, საკუთარ სასოფლო სამეურნეო ბაზარს ჰერმეტულად კეტავენ და მკაცრად აკონტროლებენ. შესაბამისად, ფასებს შორის განსხვავებები ვირტუალურად ჰომოგენურ პროდუქციაზეც კი (მაგალითად ბანანზე სამხრეთ ამერიკიდან და ბანანზე ესპანეთიდან), არ ქრება და არ არსებობს ერთი, „მსოფლიო საბაზრო ფასი“. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიას, რომელსაც უნდა, რომ გააკეთოს, ვთქვათ, ბანანის იმპორტი და რომელიც ფლობს საკმარის ცოდნას რთული რეგულაციების გადასალახად და ბიუროკრატიასთან გასამკლავებლად, ვერ შეძლებს, იპოვოს მომხმარებელი საკუთარი პროდუქციისათვის. არსებობს ქვეყნები, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში, რომლების აწარმოებენ დიდი რაოდენობის ბანანს ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავად და ყიდიან საკუთარ პროდუქციას მათზე, ვინც ყველაზე დიდ ფასს შესთავაზებს. ეს „დოლარის ბანანები“ იწყებენ ქვეყანაში შედინებას, თუ ფასი, რომელშიც უკვე გათვალისწინებულია ტრანსპორტირებისა და რეგულაციების გადასალახი დანახარჯები, უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. როგორც კი ეს ფასი ეცემა კონკრეტულ ზღვარზე დაბლა, მაშინვე წყდება ამ ქვეყანაში იმპორტი. თავდაპირველად, ეს საბაზრო სტრუქტურა შედარებით არამალფუჭებადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისათვის შეიქმნა, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რომელმაც უკეთესი ტრანსპორტირებისა და გაცივების სისტემების გამოყენების შესაძლებლობა მისცა ფირმებს, ასევე შეიქმნა „დოლარის კვერცხი“, „დოლარის ხორცი“ და „დოლარის რძე“. რასაც ვხედავთ მოცემულ გრაფიკზე არის ტიპური დოლარის კვერცხების შემოდინება საქართველოს ბაზარზე. მაისის მაღალ ფასთან ერთად, რომელიც ერთ კვერცხზე 30 თეთრს შეადგენდა, საქართველოს საზღვრებს დოლარის კვერცხების დიდი რაოდენობა მოაწვა, რომელიც, ფასის დაცემისთანავე, ისევე უეცრად შეწყდა, როგორც გამოჩნდა.
ლოგიკურად, დოლარის კვერცხებს უნდა მოეხდინათ ქვეყნის შიგნით ფასის გატოლება დოლარის კვერცხის ფასზე (ტრანსპორტირებისა და ბიუროკრატიის ხარჯების გამოკლებით). შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება (რომელიც არ აიხსნება დოლარის კვერცხის ფასის ცვლილებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმპორტი არ შემცირდებოდა). მაშინ რა მოხდება ქართული კვერცხის მისტიურ ბაზარზე 2014 წლის აპრილსა და მაისში?
აღდგომის კვერცხები
ევროპაში შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ხოლო საქართველოში, 7 იანვარს. გინდათ, იანვრის საშობაო დღესასწაულისათვის ტკბილეულში ჩვეული ფასის მხოლოდ მცირედი ნაწილი გადაიხადოთ? წადით ევროპის რომელიმე ქვეყანაში 27 დეკემბერს და ესტუმრეთ სუპერმარკეტს. თქვენ შეძლებთ შეიძინოთ შოკოლადის სანტა კლაუსი და მრავალი სხვა საშობაო ტკბილეული იმ ფასის თითქმის მესამედად, რაც მანამდე. რა არის ამის მიზეზი? გამყიდველებმა უბრალოდ იმაზე მეტი საშობაო ტკბილეული შეუკვეთეს ვიდრე საჭირო იყო? პასუხი ამ შემთხვევაში უარყოფითია, მათი საქციელი სრულიად რაციონალური იყო, რადგანაც ტკბილეულის ფასი შობის დღესასწაულამდე იმდენად დიდია, რომ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება გამყიდველს დაემართოს, პროდუქციის დეფიციტია. შესაბამისად, მათი შეკვეთა შეიცავს გარკვეულ უსაფრთხოების ნამატს, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, ნაწილი პროდუქციის გაყიდვა მოუწიოთ დღესასწაულის შემდეგ თავის ფასში.
მართლმადიდებლებისათვის აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და კვერცხი ამ დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ევროპელი მწარმოებლების მსგავსად, ქართველი კვერცხის მწარმოებლებს უნდოდათ, თავი დაეზღვიათ კვერცხის დეფიციტისაგან აღდგომის დღესასწაულის დროს, ნებისმიერ ხარჯად (შესაბამისად, მათაც გაითვალისწინეს გარკვეული უსაფრთხოების ნამატი საკუთარ გამოთვლებში).
სამწუხაროდ, დოლარის კვერცხების გათვალისწინების შემთხვევაში აღნიშნული მოდელი აღარ მოქმედებს. ევროპაში არ არსებობს „დოლარის სანტა კლაუსები“ რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მწარმოებლებს გააჩნიათ ფასის დაწესების გარკვეული თავისუფლება. მათ შეუძლიათ, გაზარდონ ფასი ისე რომ ქვეყანაში არ შემოედინოს მილიონობით უცხოური შოკოლადის სანტა. უფრო მეტიც, საშობაო ტკბილეული არ არის ისეთი ჰომოგენური, როგორიც კვერცხი და არსებობს დომინანტი ბრენდები, ისეთი როგორიცაა შვეიცარიული Lindt, რაც კიდევ უფრო ზრდის სასურველი ფასის დაწესების შესაძლებლობას.
საქართველოს შემთხვევაში, როგორც დიაგრამიდან ჩანს, ქართველმა მწარმოებლებმა ვერ გაზარდეს ფასი სააღდგომოდ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, რადგანაც მთელი დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდებოდა დოლარის კვერცხების მეშვეობით. თუმცა, უსიამოვნო ნაწილი რომელიც გულისხმობდა დღესასწაულის შემდეგ მორჩენილი კვერცხების ამოყიდვას, მაინც აუცილებელი გახდა, რამაც გამოიწვია ფასის საგრძნობი დაცემა 2014 წლის მაისში. მოდელი, რომელიც გამოიყენებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, კერძოდ კი, ფასების აწევა აღდგომის წინა პერიოდში და შემდეგ დარჩენილი პროდუქციის ამოყიდვა, აღარ მოქმედებდა ახალი მთავრობის დროს, როდესაც ბაზარი ღია აღმოჩნდა დოლარის კვერცხებისათვის.
კვერცხის ქართველმა მწარმოებლებმა უნდა გააანალიზონ ახალი სიტუაცია და შეეცადონ მოარგონ მას თავიანთი საბაზრო ქცევა. თუმცა, ფაქტია, რომ კვერცხის წარმოება გაცილებით უფრო რთული გახდა დოლარის კვერცხების გავლენასთან ერთად ბაზარზე, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის პერიოდში. საქართველოს მეფრინველეობის ასოციაციის ინფორმაციით, კვერცხის მწარმოებელთა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12დან 30მდე გაიზარდა. თუ საქართველო ვერ შეძლებს ისევ იპოვოს ახალი ხრიკები საიმპორტო რეგულაციების შემოსაღებად, მოსალოდნელია, რომ ეს რაოდენობა ახლო მომავალში მნიშვნელოვნად დაეცეს.